კაციტაძე: რეზერვის კანონს ვიღებთ და შეიარაღებული ძალების კონცეფციაც არა გვაქვს

კაციტაძე: რეზერვის კანონს ვიღებთ და შეიარაღებული ძალების კონცეფციაც არა გვაქვს

"შეიძლებათი" აგებული რაღაც, სადაც ბევრი სისულელე წერია," - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე "სამხედრო სარეზერვო სამსახურის" შესახებ კანონპროექტს. მისივე თქმით, ეს არის რაღაც გაურკვეველი დოკუმენტი, რომელიც რიგ შემთხვევაში საკუთარ თავს, სხვა კანონებს და საერთაშორისო დოკუმენტებს ეწინააღმდეგება.

- ნებისმიერ ქვეყანაში რეზერვი არის ქვეყნის თავდაცვითი პოლიტიკის შემადგენელი ელემენტი, რეზერვი - რეგულარული ჯარების გაგრძელება. ჩვენს შემთხვევაში აბსოლუტურ გაუგებრობას ქმნის ის, რომ საქართველოს არ აქვს რეგულარული ძალების განვითარების და აღმშენებლობის კონცეფცია. ანუ, არ ვიცით, როგორი უნდა იყოს რეგულარული შეიარაღებული ძალები და ამ დროს ვიღებთ კანონს რეზერვის შესახებ. ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური ქმედება.

- რატომ?

- იმიტომ, რომ რეზერვი ასე ჰაერში არაა გამოკიდებული. რეზერვი ყოველთვის უნდა იყოს რეგულარული ძალების შესაბამისი. ქვეყნებს, სადაც რეგულარული ძალები კომპლექტდება გაწვევით, სრულიად სხვა სარეზერვო კომპონენტები გააჩნიათ. არსებობს სრულიად განსხვავებული სახის რეზერვი. ჩვენს შემთხვევაში არ ვიცით, არაა განსაზღვრული რა ტიპის არმიას ვაშენებთ, როგორ უნდა გავიგოთ რა რეზერვი გვეყოლება, ეს არის მთავარი გაუგებრობა.

- რატომ არ ჩაიდო ახალ კანონპროექტში, რა ტიპის რეზერვს ქმნის ხელისუფლება?

- პრობლემა იმაშია, რომ სახელმწიფომ არ იცის, რა ტიპის რეგულარულ არმიას აშენებს. სადმე არის დოკუმენტი, სადაც ეს განსაზღვრულია? არსად არაა. ბოლო სამ წელიწადში მესამედ იცვლება კანონი რეზერვის შესახებ. ჯერ იყო ის 100-ათასიანი რეზერვი რომ აიკვიატეს ომის წინ, მერე იყო ის, რომ რეზერვი დაიყვანეს უფრო მცირე რიცხოვნობაზე, ახლა რა არის, ისევ კაცმა არ იცის.

როდესაც არა გვაქვს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ძირითადი პრინციპების განსაზღვრის უნარი, ბუნებრივია, რომ დეტალების განსაზღვრის უნარიც არ გექნება. რაც მთავარია, არავინ იცის თვითონ რეზერვი ომიანობის დროს რა იქნება, ცალკე დანაყოფები იქნება თუ არა. ამიტომ, ეს კანონი უბრალოდ ჩვეულებრივი მორიგი პიარია ხელისუფლების მხრიდან.

- პარლამენტმა კანონპროექტი მოიწონა...

- ჩვენი პარლამენტარების კომპეტენცია სამხედრო საკითხებში რაც არის, კარგად ვიცით. იქ სკამიც რომ დადო კანონპროექტის მაგივრად და თქვა, რომ ეს სამხედრო დოქტრინა არისო, ტაშ-ფანდურით შეხვდებიან. ასე რომ, ეს არავითარი არგუმენტი არაა, რომ დეპუტატებს მოეწონათ. არც ერთ ქვეყანაში შეიარაღებული ძალების რაოდენობა და ორგანიზაცია საიდუმლო არაა. ჩემი შთაბეჭდილებით, მოინდომეს რაღაცა პიარი გაეკეთებინათ, ვითომ რაღაცას ცვლიან და თვითონ არ იციან, რას და როგორ ცვლიან.

ეს არის "შეიძლებათი" აგებული რაღაც, სადაც ბევრი სისულელე წერია. ეს არის რაღაც გაურკვეველი დოკუმენტი, რომელიც რიგ შემთხვევაში საკუთარ თავს, სხვა კანონებს და საერთაშორისო დოკუმენტებს ეწინააღმდეგება. აბსურდული გასაპიარებელი დოკუმენტი გააკეთეს, ეს არის და ეს.

- მოქმედი კანონმდებლობით, სამხედრო ძალების რეზერვი სამ - აქტიურ, ეროვნული გვარდიისა და ინდივიდუალური რეზერვის კატეგორიებად იყოფა, თუმცა ახალ კანონპროექტში ეს დაყოფა აღარ ფიგურირებს. რატომ იქნა ეს დეტალი ამოღებული, საჭირო არაა?

- საჭირო როგორ არაა. ყველა ქვეყანაში ასეა. ძალიან მარტივი მიზეზების გამო იყოფა ეს რეზერვები კატეგორიებად და ამიტომაც ვამბობ, რომ ამ კანონპროექტის ფასი, აბსოლუტურად არაფერია. ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის, რა ტიპის რეზერვს აკეთებს, არ იცის რას ქმნის. კანონპროექტში რომ ჩაეწერა, ვაპირებთ ასეთი და ასეთი ტიპის რეზერვის შექმნასო, შეიძლება მათ ოპონენტები გამოსჩენოდათ. ამიტომ, მათ საერთოდ არ ჩადეს კანონპროექტში რეზერვის რა სახეს ქმნიდნენ, როგორი იქნება დაკომპლექტების წესი და ა.შ.

- კანონპროექტის ავტორი ამბობდა, რომ დაახლოებით 2 ბრიგადის რაოდენობის რეზერვის გაწვრთნას აპირებდა თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ, როგორც ირკვევა კანონპროექტში ეს არ წერია...

- შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა "დაახლოებით" რომ ხდება, იმიტომაც დაგვემართა აგვისტოში ის, რაც დაგვემართა. აქ ყველაფერი ნათლად და ცალსახად უნდა იყოს გათვლილი.

- ომის შემდგომ გამოჩნდა სარეზერვო სისტემის სერიოზული ხარვეზები. ხელისუფლება ხვდება იმას, რომ აუცილებელია ახალი ჰქონდეს?

- მაგრამ, როგორი უნდა იყოს ეს ახალი, ამას ვერ ხვდება და არ იცის. არ იცის იმიტომ, რომ ამას მინიმუმ პროფესიონალები სჭირდება. არ არიან კომპეტენტურები და იმ კვალიფიკაციის, რომ რეზერვის კი არა, ზოგადად სამხედრო აღმშენებლობის კონცეფცია დაიწეროს. ამას სჭირდება ცოდნა, კვალიფიკაცია და სათანადო გამოცდილება, მაგრამ ასეთი ხალხი თავდაცვის სამინისტროში არაა.

- ამ დრომდე ვაკანტურია ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა, თქვენი ინფორმაციით, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ზურაბ არსოშვილი, რომელსაც არ ჰქონდა სამხედრო განათლება...

- ვერ გეტყვით ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს, თუმცა გეტყვით, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ნაპოლეონი რომ ჩამოიყვანო, ისიც ვერ იქნება წარმატებული. თუკი ქვეყანაში არა გაქვს და არ იცი როგორ არმიას აშენებ, არ იცი როგორი ომისთვის ემზადები და არ იცი ვისთან ემზადები ომისთვის, რაზეა საერთოდ ლაპარაკი.

შეგახსენებთ 2008 წლის საფრთხეების შეფასების დოკუმენტს, სადაც არ იყო განსაზღვრული, რომ რუსეთმა თეორიულად მაინც შეიძლება მსხვილმასშტაბიან ომში ჩაგვითრიოს. ამის მერე რაზეა ლაპარაკი? ამ სიტუაციაში ვინც არ უნდა დანიშნო, ვერაფერს ვერ მოახერხებს. ეს არ ეხება მარტო თავდაცვის სამინისტროს, ნებისმიერ სამინისტროში იგივე სიტუაციაა. როცა 5 წელიწადში 90 მინისტრი იცვლება რა წარმატებულობაზე შეიძლება ლაპარაკი?!

თამთა ქარჩავა

გაზეთი ”რეზონანსი”

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე