ავტორი:

რა სჭირს ლარს? - ეროვნული ვალუტა წელს გაუფასურების რეკორდს ხსნის

რა სჭირს ლარს? - ეროვნული ვალუტა წელს გაუფასურების რეკორდს ხსნის

1 დოლარი 2,73 ლარი - ეროვნული ვალუტის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებაში, მიმდინარე წელს გაუარესების რეკორდი მოხსნა.

რატომ უფასურდება ეროვნული ვალუტა იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ზამთართან შედარებით ტურისტების ნაკადი იზრდება და შესაბამისად, ბრუნვაში არსებული დოლარის მოცულობაც უნდა გაიზარდოს? - კითხვებით AMBEBI.GE-მ ეკონომიკურ ექსპერტებს მიმართა.

ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა საუბარში განმარტა, რომ მოკლევადიან პერიოდში იმის განსაზღვრა თუ რით არის განპირობებული ლარის კურსის დაცემა, რთული სათქმელია, რადგან გამოქვეყნებული არ არის უკანასკნელი მონაცემები ტურიზმის, საბიუჯეტო ხარჯების, ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით. თუმცა, ამბობს რომ ბოლო პერიოდში ყველა ამ მიმართულებით ვითარება გაუარესებულია.

"შემცირებულია ტემპი ტურიზმში, ამავდროულად სერიოზული პრობლემები გვაქვს ინვესტიციებში, ინვესტიციების შემოდინებაში გვაქვს კლება. ექსპორტის ზრდის ტემპია შემცირებული.

თუმცა, საერთო ჯამში რომ შევხედოთ, კონკრეტულად რამ იქონია გავლენა ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ გრძელვადიან პერიოდს რომ შევხედოთ, გაუფასურების ტენდენცია გრძელდება იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. რაც გამოიხატება იმაში, რომ არ შემოდის იმდენი დოლარი, რამდენიც საჭიროა ერთის მხრივ იმისთვის, რომ ლარი იყოს სტაბილური და მეორეს მხრივ, რომ არა მხოლოდ სტაბილური იყოს, არამედ გამყარდეს კიდეც" - განაცხადა ეკონომისტმა.

VIDEO: რატომ გაუფასურდა ლარი? - ეროვნული ვალუტის რყევის შესაძლო ფაქტორები

განსხვავებულ მონაცემებს აფიქსირებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. თუ ვნახავთ ტურისტული ნაკადის წლიურ რაოდენობას, 2018 წელს წინა წლებთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა 60 ათასით არის გაზრდილი, გაზრდილია ექსპორტის რაოდენობაც.

მაგალითად, 2018 წლის მარტში საქართველომ ექსპორტზე 286 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქცია გაიტანა, მიმდინარე წლის მარტში კი აღნიშნული მონაცემი 321 მილიონ დოლარს შეადგენს. ინვესტიციების სფეროში კი კლება ნამდვილად ფიქსირდება - თუ 2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მილიარდ 800 მილიონზე მეტი იყო 2018 წელს აღნიშნულმა რიცხვმა მილიარდ 200 ათასამდე დაიკლო.

ზვიად ხორგუაშვილი ლარის პერმანენტული გაუარესების მთავარ მიზეზს მაინც საფინანსო სექტორში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეგულაციებში ხედავს.

"აუცილებელია იმ რეგულაციების შერბილება და გაუქმება, რომელიც მთავრობამ მიიღო და დააზარალა კერძო სექტორი. ვგულისხმობ საფინანსო სექტორში მიღებულ უკანასკნელ რეგულაციებს - სამშენებლო სექტორში, სატრანსპორტო სექტორში, თუნდაც ტაქსებსა და განვადებაზე მიღებულ რეგულაციებს. ამ ყველაფერმა დააზარალა კერძო სექტორი და ეს ჩანს მათ შორის ეკონომიკურ ზრდაში, სამშენებლო, საფინანსო და უძრავი ქონების სექტორშიც, შემცირება გვაქვს მაშინ, როდესაც ესენი ყველაზე ზრდადი სექტორები იყო" - განმარტა ეკონომისტმა.

"საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი" გიორგი კეპულაძე, ლარის არსებულ კურსს, საქართველოს ეკონომიკის სავაჭრო პარტნიორებზე დამოკიდებულებას უკავშირებს:

"ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ დღემდე საქართველომ ვერ მოახერხა საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიცირება, ექსპორტის ბაზრების დივერსიფიცირება და სამწუხაროდ კვლავ დამოკიდებულები ვართ მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე - რა იქნება მათ ეკონომიკაში, რა მოხდება, რაც თავისთავად ქმნის პრობლემებს, როგორც კურსთან, ასევე ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებით.

მთავარი მიზეზი გაუფასურებისა, არის სწორედ ის, რომ ჩვენ ზედმეტად მოწყვლადები ვართ სხვადასახვა საგარეო შოკებისადმი, რაც გამოწვეულია ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურით" - განმარტა კეპულაძემ, რომელიც მიიჩნევს რომ ლარის კურსს ბაზარი დაარეგულირებს.

უკანასკნელ დღებში ლარის კურსის საგანგაშო ვარდნას ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი ნათია თურნავაც გამოეხმაურა. მინისტრმა იმ პროცესს, რომელსაც თვალს უკვე მეოთხე წელია ვადევნებთ, მოკლევადიანი რყევა უწოდა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ის თავისით დასტაბილურდება:

"ძალიან ყურადღებით ვადევნებთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თვალყურს და არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორის ცვლილება არ გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება რაიმე გაუფასურებასთან გვქონდეს საქმე. ეკონომიკა იზრდება, მარტში ძალიან მაღალი, 6%-იანი ზრდა გვქონდა, ექსპორტი იზრდება, შესაბამისად საქმე გვაქვს მოკლევადიან რყევასთან, რომელიც თავისით დასტაბილურდება" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ