ავტორი:

ტექ. ინსპექტირების ყალბი დოკუმენტები "ყვითელ ავტობუსებზე" - დაკავებულია 4 ადამიანი

ტექ. ინსპექტირების ყალბი დოკუმენტები "ყვითელ ავტობუსებზე" - დაკავებულია 4 ადამიანი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში, ტექინსპექტირების სამი ცენტრის 4 თანამშრომელი დააკავა ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გასაღების ბრალდებით. უწყების ინფორმაციით, სხვა ავტომანქანებთან ერთად, ყალბი დადებითი დასკვნები „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ, ტექნიკურად გაუმართავ "ყვითელ ავტობუსებზეც" გაიცა.

AMBEBI.GE-მ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მტკიცებულებები წელს შეგროვდა, თუმცა კონკრეტულად როდის მოხდა ფაქტი, ან ხშირია თუ არა მსგავსი შემთხვევა, კითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავეს.

ჩვენ დავუკავშირდით "თბილისის სატრანსპორტო სამსახურსაც", სადაც განგვიმარტეს, რომ ამის შესახებ მედიიდან გაიგეს და ოფიციალურად მათ უწყებაში ინფორმაცია ჯერ არ შესულა.

ერთი თვის წინ, კრწანისის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა. ინციდენტის ამსახველი ფოტოები საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა. როგორც ის წერდა, სავარაუდოდ, მუხრუჭებმა არ დაიჭირა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა თბილისში სამი თვის წინ მოხდა - წყნეთში მიმავალი ყვითელი ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ამ ადამიანებს გაუმართლათ, რომ გადარჩნენ.

თუ ამ შემთხვევებს გავითვალისწინებთ და ვნახავთ, რომ ყვითელ ავტობუსებზე ტექნიკური დათვალიერების ყალბი დოკუმენტები გაიცა და ეს დაადასტურა გამოძიებამ, საქმე იმაზე რთულად ყოფილა, ვიდრე წარმოგვიდგენია. „თბილისის სატრანსპორტო სამსახური“ მერიის დაქვემდებარებაშია. საინტერესოა, ვინ მოითხოვა ყალბი დოკუმენტების გაცემა ავტობუსებზე?

ექსპერტების ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტები და ავტომობილის გაუმართაობაზე თვალის დახუჭვა, უმეტესად სამუხრუჭე სისტემების გაუმართაობის, გამონაბოლქვის, საჭის მართვის სისტემის პრობლემებზე ხდება. მათი ინფორმაციით, ავტომობილების უმრავლესობას სწორედ ეს პრობლემები აქვს.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტექნიკური ინსპეტირების სისტემაში ბევრი ხარვეზია და იგი მუშაობს რეკომენდაციებზე, რომელსაც შესაბამის უწყებებს შესთავაზებს. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთი და იმავე პრობლემის მქონე ავტომობილს სხვადასხვა ცენტრში სხვადასხვანაირი დასკვნა აუღია. ექსპერტი ამბობს, რომ თუ კი ერთმა ცენტრმა მას დადებითი შეფასება მისცა, მეორე ცენტრში მან ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა.

"უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ კანონის აღსრულება ვერ მიმდინარეობს სათანადოდ. ზოგიერთ მანქანას გავლილი აქვს ინსპექტირება, მაგრამ მაინც იგივე შედეგი გვაქვს. მეორეს მხრივ - ჩვენ ვხედავთ, რომ ავტომობილის მძღოლები საერთოდ არ მიდიან ინსპექტირების გასავლელად. კანონის აღსრულება არის პირველი და ყველაზე დიდი ხარვეზი ამ შემთხვევაში.

ასევე, არ გაიმართა რეფორმისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი - სოციალური კამპანიები, თუ რატომ იწყება ინსპექტირება, რატომ არის ამდენად მნიშვნელოვანი. ავადობის მაჩვენებლის ზრდა, ჰაერის დაბინძურების გამო, შედეგები, თუ რა მოყვება სატრანსპორტო საშუალების გაუმართავ მდგომარეობაში გადაადგილებას, საზოგადოებას არ განემარტა" - აცხადებს დავით მესხიშვილი.

„ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ საჭიროა მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება და სისტემის დახვეწა, მათ შორის საკანონმდებლო კუთხითაც.

"ამ კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, თუ მართლაც მოხდა, გამოდის, რომ ძალიან დიდ პრობლემასთან გვქონია საქმე. რადგან გაყალბებას არ მოითხოვდა მძღოლი, მის ინტერესში ეს არ შედის და არცაა ამასთან შეხებაში, გამოდის, რომ კომპანიამ მოითხოვა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ამა თუ იმ ნაწილებს ნათხოვრობენ საგანგებოდ ტექნიკური დათვალიერებისთვის, გადიან დათვალიერებას და შემდეგ უბრუნებენ მეპატრონეებს. ეს ვერ კონტროლდება.

მეტი მონიტორინგია საჭირო. თუნდაც როდესაც აკრედიტაციას გასცემს ეკონომიკის სამინისტრო ცენტრებზე, უნდა აკონტროლებდეს, როგორ იცავენ ისინი ამ მინიჭებულ აკრედიტაციას, როგორ მუშაობენ. საჭიროა ასევე, ტექნიკური დამთვალიერებლების გადამზადების ერთიანი სისტემის დანერგვა, რაზეც არის საუბარი" - აღნიშნა ვასილ ურუშძემ.

ტექნიკური ინსპექტირების გავლა გარკვეული პერიოდულობით ყველა კატეგორიის საგზაო ტრანსპორტს მოეთხოვება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მსუბუქი და მისაბმელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი ღირს.

თუ ინსპექტირების გავლისას ავტომობილს აღმოაჩნდა ხარვეზი, მის გამოსასწორებლად მფლობელს ეძლევა 30 კალენდარული დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. თუ ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირება იგივე ცენტრში და იმ ნაწილზე ჩატარდება, სადაც ხარვეზი დაფიქსირდა, მომსახურება უფასოა.

რა მოწმდება ტექნიკური ინსპექტირებისას?

ინსპექტირება მოიცავს შემდეგ ელემენტებს: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; უარყოფითი ზემოქმედება.

ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობა

სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ, მძროლის გარდა) კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურ ინსპექტირებას გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ გადიან და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო გამოშვების თარიღიდან ოთხი წლის შემდეგ - წელიწადში ორჯერ.

აღსანიშნავია, რომ ტესტირების დროს დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორების ვადაში, ანუ 30 დღის განმავლობაში ავტომობილით სიარული არ იკრძალება.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 25 თებერვლისთვის პირველადი ტექინსპექტირება სულ 109 416-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 61% -66 401 ავტოსატრანსპორტო საშუალება დახარვეზდა. ვარგისი იყო 43 015, ანუ საერთო რაოდენობის 39%.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ