intermedia.ge-ზე ქართველ ახალგაზრდაზე, დავით წოწორიაზე გამოქვეყნებულ სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ადამიანი დაინტერესდა, ვინ არის ბიჭი, რომელმაც დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ არ გაუშვა და მოხუცის მომვლელად თავად წავიდა.
როგორც ამბობს, ეს გადაწყვეტილება მისთვის ბოლო ბერკეტი იყო, რათა ოჯახი გაჭირვებიდან გამოეყვანა. ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" წოწორია ჰყვება, რომ დედა უკვე ასაკშია, შესაბამისად, მას მოხუცის მოსავლელად ვერ გაუშვებდა, ამიტომ გადაწყვიტა, ეს საქმე საკუთარ თავზე აეღო.

"სახლში ძალიან გვიჭირდა, დედას უნდოდა წასვლა ევროპაში. ბოლოს, დიდი დისკუსიის შემდეგ გადავწყვიტეთ, მე წამოვსულიყავი იტალიაში და მოხუცისთვის მომევლო. ამასთან, დედა ასაკშია და მას ვერ გავუშვებდი. ეს იყო ჩემი ბოლო ბერკეტი, რომელიც იმ მომენტში მქონდა... ვერ ვიტყვი, რომ აქ მძიმე სამუშაო მაქვს. მოხუცის მოვლა მაინცდამაინც მძიმე არ არის, მაგრამ მძიმეა როცა საკუთარი ოჯახი, მეგობრები გენატრება. რაც შეეხება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას, დილით ადრე ვდგები, საჭმელს ვაკეთებ. მოხუცს ვაჭმევ და წამლებს ვაძლევ. აქ შრომას ძალიან აფასებენ, მათ შორის მატერიალური თვალსაზრისით", - ამბობს დავით წოწორია.
მან ასევე საზღვარგარეთ მყოფი ქართველების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.
"აქ მარტო მე არ ვარ, ბევრი ქართველია, მათ შორის არიან ახალგაზრდა ბიჭები და ქალები. მათზეც მინდა ვისაუბრო. მინახავს, როგორ ძინავთ ქუჩებში და მანქანებში, ეს ძალიან ცუდი მომენტია. ბანკის ვალები აქვთ, სახლები აქვთ ბანკში ჩადებული, აქ ნაშოვნი ფულით მანდ ოჯახებს ინახავენ. ამ მხრივ მძიმე სიტუაციაა განსაკუთრებით საფრანგეთში, იტალიასა და ავსტრიაში. ყველგან ასეთი ვითარებაა. ჩვენი ახალგაზრდები მძიმე სიტუაციაში არიან", - აღნიშნა წოწორიამ.
VIDEO: რატომ ამჯობინა ქართველმა ბიჭმა დედის ნაცვლად, მოხუცის მომვლელად იტალიაში წასვლა?

ცნობისთვის, 2008 წელს სოხუმში სოუმინის შენობაზე, სადაც ადრე ჟიული შარტავა აწამეს, დავით წოწორიამ საქართველოს დროშა აღმართა, ამის გამო დაიჭირეს და 14 დღე პატიმრობაში იმყოფებოდა. შემდეგ ქართული მხარისა და გაეროს მხარდაჭერით გათავისუფლდა და მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.