ავტორი:

"ოსკაროსანი" მსახიობი საქართველოში! - ჯარედ ლეტო Thirty Seconds to Mars-თან ერთად "ბლექ სი არენაზე" იმღერებს

"ოსკაროსანი" მსახიობი საქართველოში! - ჯარედ ლეტო Thirty Seconds to Mars-თან ერთად "ბლექ სი არენაზე" იმღერებს

13 აგვისტოს, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, „ბლექ სი არენა“ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს უმასპინძლებს!

„ოსკაროსანი“ ჯარედ ლეტო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც არა მხოლოდ მსახიობი, არამედ მუსიკოსიც. ის ძმასთან ერთად ამერიკული როკ-ბენდის, Thirty Seconds to Mars დამფუძნებელია. ჯგუფის ისტორია 1998 წლიდან იწყება, ხოლო მისი კომერციული წარმატება 2005 წელს უკავშირდება.

Thirty Seconds to Mars ამერიკული როკპროექტია, რომელიც 1998 წელს ძმებმა ჯარედ და შენონ ლეტოებმა (Jared Leto, Shannon Leto) შექმნეს. ბენდს პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულმა ალბომმა A Beautiful Lie მოუტანა ჰიტებით: "Attack","The Kill","From Yesterday" და "A Beautiful Lie“.

კრიტიკოსების და მსმენლის მხრიდან ალბომის აღიარებამ ჯგუფის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რის შემდეგაც ამერიკულმა როკბენდმა კიდევ 3 წარმატებული ალბომი გამოსცა, რომლის პარალელურად Thirty Seconds to Mars მსოფლიოს ყველა დიდ ფესტივალსა და საკონცერტო სივრცეში გამოსვლებს განაგრძობდა.

2013 წელს, ალბომის Love, Lust, Faith and Dreams შემდეგ, ბენდმა 5-წლიანი პაუზა აიღო, რასაც მოყვა არტპოპ და ელექტრონულ ჟღერადობაზე ორიენტირებული ალბომი America. სწორედ ამ ჩანაწერის გამოცემის შემდგომ შედგა ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტურნე, რომლის ფარგლებშიც Thirty Seconds to Mars საქართველოსაც ეწვევა.

ფილოსოფიური თემებით დატვირთული სიმღერებისა და ენერგიული ცოცხალი შესრულებების წყალობით, Thirty Seconds to Mars თანამედროვე მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროექტია.

„ბლექ სი არენა“ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს, მათ შორის Aerosmith, The Scorpi-ons, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Vanesa Mae, CeeLo Green და Eric Benet-ს უმასპინძლა.

ამის პარალელურად „ბლექ სი არენა“ სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს და ცდილობს ქართული კულტურული გარემოს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

30 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მუსიკალური არენა 10 000-მდე სტუმარს იტევს და მისი ტექნიკური მონაცემები სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების წარმატებულად ჩატარების საშუალებას იძლევა. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით, მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. მოძრავი სცენა 638 კვადრატული მეტრია (36m X 18m) და დარბაზის ნებისმიერი წერტილიდან სრულყოფილად ჩანს. დარბაზის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია მცირე ზომის კინოთეატრი.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს