ავტორი:

"ხილი მიიღეთ ჩვეულებრივი სახით და არა დაწურული წვენი" - რა საფრთხეებს უქმნის ორგანიზმს შაქრიანი სასმელები

"ხილი მიიღეთ ჩვეულებრივი სახით და არა დაწურული წვენი" - რა საფრთხეებს უქმნის ორგანიზმს შაქრიანი სასმელები

არ აქვს მნიშვნელობა საკვებს გარეთ მივიღებთ თუ სახლში, ჭამის დროს და მის შემდეგ, განსაკუთრებით გვინდება სასმლის მიღება, თუმცა, ამაში ქეიფის ქართულ ტრადიციებსა და ალკოჰოლურ სასმელს არ ვგულისხმობ - ამჯერად, თქვენს ყურადღებას გამაგრილებელ სასმელებზე გავამახვილებთ.

როგორც აღმოჩნდა, ჭამის დროს და ჭამიდან ორი საათის განმავლობაში, ჯანმრთელობის პრობლემებს წყალიც კი იწვევს, რომ აღარაფერი ვთქვათ შაქრის შემცველ გამაგრილებელ სასმელებზე.

მოდით, ეტაპობრივად მივყვეთ და გავიგოთ, რა არის იმის მიზეზი, რომ დიეტეოლოგები და ენდოკრინოლოგები ჭამიდან 2 საათის განმავლობაში წყლის მიღების რეკომენდაციას არ გვაძლევენ, გამაგრილებელ სასმელებს კი უპირობოდ კრძალავენ.

"ზოგადად, პაციენტებს ვუკრძალავ სითხის მიღებას კვების დროს და ვეუბნები, რომ გააჩნია რა საკვებს იღებენ. თუ მარტო ხილს ჭამენ, შეუძლიათ ნახევარ საათში დალიონ წყალი, მაგრამ არის პროდუქტები, რომლებიც კუჭში საათნახევარი და ორი საათი ჩერდება და ამიტომ ძირითადად ვურჩევ, წყალი დალიონ ჭამიდან 2 საათის შემდეგ. თუ განსაკუთრებული წყურვილის გრძნობაა ან პრეპარატის მიღება უწევთ, შეუძლიათ, ერთი ორი ყლუპი წყალი მიიღონ და არა მთელი ჭიქა.

წყლის მიღება ჭამის დროს წონასთანაც დაკავშირებულია და ჯანმრთელობასთანაც. საკვებთან ერთად მისი მიღებისას, კუჭის მომნელებელი სითხე განელდება წყლით და შესაბამისად, საკვების ეფექტურად გადამუშავება არ ხდება. შაქრის შემცველი გაზიანი სასმელები კი მეტი ინსულინის გამომუშავებას უწყობს ხელს და შედეგად, საკვები უფრო მეტად ცხიმში მიდის" - განმარტავს AMBEBI.GE-სთან საუბარში ექიმი-ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია.

რაც შეეხება გამაგრილებელ სასმელებს, გაგიკვირდებათ და ენდოკრინოლოგები რეკომენდაციას არც ე.წ. ნატურალურ წვენებს არ უწევენ და უფრო მეტიც, ამბობენ, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არც ახლადდაწურული წვენებია.

"ყოველთვის ვურჩევ პაციენტს, რომ ხილი მიიღოს ჩვეულებრივი სახით თავისი უჯრედისით, ვიდრე იყოს ეს მხოლოდ დაწურული წვენი, რადგან მასში ფრუქტოზის დიდი რაოდენობაა. ხილში არსებული სასარგებლო ნივთიერებები, სხვადასხვა ნუტრიენტები დაწურვის შედეგად გამოცლილია. ამიტომ უმჯობესია ხილი მიიღოთ და არა ნატურალური წვენი, ე.წ ფრეში.

თუმცა, თუ ადამიანს აუცილებლად უნდა რაღაც წვენის მიღება, რა თქმა უნდა, ახალდაწურული სჯობს და არა დაფასოებული ხილის წვენები" - ამბობს ენდოკრინოლოგი.

გარდა იმისა, რომ შაქრის შემცველი გამაგრილებელი სასმელები ადამიანებში დამოკიდებულებას იწვევს, ისინი საკმაოდ მაღალკალორიულია და ერთ დღეში მისაღები კალორიების რაოდენობა, შესაძლოა ერთ ჯერზე, 200 მილიგრამიანი კოქტეილით მივიღოთ. კალორიების გადაჭარბებული რაოდენობა კი ჩვენს წონაზე აისახება, მაგრამ კიდევ რაში შეიძლება, შეგვიშალოს ხელი ზედმეტმა კალორიებმა?

„დიდი რაოდენობით შაქრის მიღების შედეგად, ღვიძლში ხდება ცხიმის ჩალაგება, რადგან ორგანიზმი ვერ ახერხებს მიღებული შაქრის გადამუშავებას. ღვიძლი ორგანიზმის პირველი გამწმენდია, ყველანაირი ტოქსინებისგან გვიცავს და როდესაც ამ ორგანოში ჩალაგებულია ცხიმები, ეს იწვევს მისი ფუნქციის მოშლას და ორგანიზმი სათანადოდ ვერ იწმინდება. ეს კი სხვადასხვა დაავადებების სახით იჩენს თავს, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სისხლში ქოლესტერინის დონის მატება და ა.შ" - ამბობს ნაია ლატარია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და პოდაგრის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებისა და ქოლესტერის დონის მატების გარდა, მაგალითად, ფორთოხლის წვენის ყოველდღიური მიღება, შესაძლოა დემენციის განვითარების მიზეზიც გახდეს.

როგორ არის დაკავშირებული შაქრის შემცველი სასმელები გონებრივ ჩამორჩენილობასთან?! - სისხლძარღვები დიდი რაოდენობით შაქრის მოხვედრის შედეგად ვიწროვდება, რაც ტვინში სისხლის მიმოქცევას აფერხებს, რამაც შესაძლოა გონებრივი ჩამორჩენილობა გამოიწვიოს. ამიტომ ენდოკრინოლოგი მშობლებს ურჩევს, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მოარიდონ ბავშვები მსგავს პროდუქტებს.

"რასაც ბავშვი 6 წლამდე არ მიიღებს, შემდეგ მასზე დიდი მოთხოვნილება არ ექნება. მოთხოვნილება კვებითი ჩვევაა - ორგანიზმი გვთხოვს იმას, რასაც მივაჩვევთ. თუ ბავშვობიდან მიჩვეულები ვართ, რომ საჭმლის მიღებისას აუცილებლად სითხე უნდა დავაყოლოთ, რა თქმა უნდა, ამას ორგანიზმი მოგვთხოვს ზრდასრულ ასაკშიც. პირველ ეტაპზე ჩვევა გადასალახი იქნება მოთმენის ხარჯზე - არ უნდა დავლიოთ როგორც არ უნდა გვინდოდეს" - ამბობს ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია.

აღსანიშნავია რომ, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში და აშშ-ში, მომხმარებლისთვის კვებითი ჩვევების შესაცვლელად ხელოვნური ბარიერები შემოაქვთ, ისეთი როგორიც შაქრის შემცველი გამაგრილებელი სასმელების გაძვირება ან რეკლამირების აკრძალვაა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ