ავტორი:

"ბევრი იურისტი და ეკონომისტი მინახავს, რომლებსაც სურთ მზარეულები გახდნენ" - ქართველი შეფი, რომელმაც კულინარიის სწავლა "ბნელი 90-იანებიდან" დაიწყო

"ბევრი იურისტი და ეკონომისტი მინახავს, რომლებსაც სურთ მზარეულები გახდნენ" - ქართველი შეფი, რომელმაც კულინარიის სწავლა "ბნელი 90-იანებიდან" დაიწყო

მზარეულის პროფესია 26 წლის წინ აირჩია და მას შემდეგ, სამზარეულო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორც თავად ამბობს, პროფესიამ აირჩია და ისე შეესისხლხორცა, რომ დროსთან ერთად, სულ უფრო აზარტში შედის.

მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული კულნარიული შოუს „მასტერშეფის“ ქართული ვერსიის ჟიურის წევრი, ლევან კობიაშვილი კულინარიული ფედერაციის პრეზიდენტი და მოლეკულური გასტრონომიის სპეციალისტია. AMBEBI.GE-ს მკითხველს საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიის შესახებ უამბობს:

"კულინარია ჩემთვის საყვარელი და საინტერესო სფერო არ იყო, საერთოდ არ მიზიდავდა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ მზარეული გავხდებოდი. სკოლის დამთავრების შემდეგ, შავ-ბნელ 90-იან წლებში, როცა არაფერი არსებობდა, ჩემმა ბიძაშვილმა შემომთავაზა, ცოტა ხნით მომესინჯა და მენახა, მომეწონებოდა თუ არა სასტუმრო „მეტეხში“ მუშაობა. დავთანხმდი, რადგან სასტუმრო ახალი გახსნილი იყო, დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ფაქტობრივად, ყველას ოცნება იყო იქ მოხვედრა.

ფაქტობრივად, აქედან დაიწყო ჩემი კულინარული მოღვაწეობა, მაშინ 16 წლის ვიყავი. 2 წლის განმავლობაში მომიწია უცხოელებთან მუშაობა, საკმაოდ კარგი ცოდნა მივიღე, რადგან პასუხისმგებლობის გრძნობა მქონდა და ვცდილობდი, რომ საქმე არ გამეფუჭებინა.

ორი წლის შემდეგ იქიდან წამოვედი. ამ პერიოდში ჩემი გატაცება იყო რადიოსა და ტელევიზიაში აპარატურასთან მუშაობა და აქედანაც მქონდა შემოთავაზებები, თუმცა სწრაფი კვების ობიექტების ბუმი იყო, სამუშაოდ მიწვევდნენ და ფაქტობრივად, აქედან დავიწყე ჩემი ცოდნის გაღრმავება.

ჩემს თავს ვუთხარი - „თუ ამ პროფესიაში ხარ, უნდა იყო საუკეთესო", თუ არადა, უნდა დამემთავრებინა ამ პროფესიაში მუშაობა და სხვაზე უნდა გადავსულიყავი. მაშინ მზარეულებს დიდად არ აფასებდნენ, დაუფასებელი შრომა იყო, დიდხანს გვიწევდა ფეხზე დგომა, 12, ხან 16 საათი.

დაახლოებით, 23-24 წლის ასაკში, ინტერნეტიც რომ გაჩნდა, გადავწყვიტე, ამ პროფესიაში დავრჩენილიყავი და გასტრონომიაში ჩემი სიტყვა მეთქვა. დავიწყე თვითგანვითარება, ინფორმაციის მოძიება, გამიმართლა, რომ თითქმის, სულ უცხოელებთან მიწევდა მუშაობა.

- მას შემდეგ, რაც ძირითად პროფესიად მზარეულობა აირჩიეთ, როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა?

- სწორედ ამ პერიოდში გავხსენი სხვადასხვა ობიექტი, კულინარულ გამოცდილებებს ვიღებდი, საზღვარგარეთ დავდიოდი, მიწვევები მქონდა შეფ-მზარეულების სამიტებზე, სადაც უამრავი ქვეყნის წარმომადგენლები, „მიშლენის“ მზარეულები იყვნენ. ასეთი სამიტებზე ხვდებოდნენ ის მზარეულები, ვისაც ბლოგერები ირჩევდნენ. ამის წყალობით მოვხვდი კორეაში, ბელგიაში და ა.შ.

საკმაო გამოცდილება მქონდა დაგროვილი და მოვახერხე, რომ ექსტერნად ჩავაბარე და დიპლომი ავიღე ანუ კვალიფიკაციის ამაღლება არ დამჭირდა, რადგან ეს ყველაფერი გავლილი მქონდა. ასევე, შემოთავაზება მქონდა კულინარიულ სასწავლებელში პედაგოგად მუშაობაზე, სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელ „იკარუსში“. პარალელურად, კულინარულ აკადემიაში ვასწავლიდი.

2016 წელს კი უკვე კულინართა ფედერაცია შევქმენი და ნელ-ნელა ვცდილობთ, განვვითარდეთ და ამ სფეროში აქტიურად ვიმუშაოთ.

- რამდენად რთული იყო გზა პროფესიონალად ჩამოყალიბებამდე?

- ძალიან რთული იყო, რადგან არაფერი არ არსებობდა, არც სახელმძღვანელო, არც კოლეჯი, არც ინსტიტუტი. რა თქმა უნდა, ბევრი დემოტივატორიც მქონდა, ხანდახან მინდოდა, მიმეტოვებინა ეს ყველაფერი და ამ სფეროსთვის თავი დამენებებინა.

ბევრჯერ გულნატკენი და გულგატეხილიც ვყოფილვარ, მაგრამ ალბათ, მე კი არა, პროფესიამ ამირჩია, რადგან მე ნამდვილად არ ამირჩევია ის

ახლა ამ პროფესიას ისეთი აზარტი აქვს ჩემთვის, რომ საკუთარი თავი მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. დღევანდელ თაობას აქვს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მზარეულები იყვნენ, რადგან ქართულ სამზარეულოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

ზღვა ინფორმაცია არსებობს, თავისუფლად შეუძლიათ საზღვარგარეთ წავიდნენ, დახელოვნდნენ, ინტერნეტში მოიძიონ ინფორმაცია ანუ ყველა პირობაა იმისთვის, რომ თითოეული მზარეული განვითარდეს. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი დაბრკოლება არის ის, რომ ქართველ მზარეულებს განვითარებისთვის ფინანსები არ ჰყოფნით.

- როგორ ფიქრობთ, გადაცემა „მასტერშეფი“, რომლის ჟიურის წევრიც ხართ, რამდენად დაეხმარება დამწყებ მზარეულებს, რომ ცნობადები და წარმატებულები გახდნენ?

- „მასტერშეფი“ არის ნიჭიერი ადამიანებისთვის, რომელთაც ძალიან უყვართ მზარეულობა და უბრალოდ, პროფესიონალურ დონეზე არ მოუწიათ სამზარეულოში მუშაობა. შესაბამისად, შეიძლება, ამ შოუს შემდეგ, მათ პროფესია შეიცვალონ და მაგალითად, იურისტობის ნაცვლად, შეფ-მზარეულობა გადაწყვიტონ.

მე პირადად, ბევრი იურისტი და ეკონომისტი მინახავს, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებში მოდიან, ამ სფეროს სწავლობენ და სურთ, რომ წარმატებული მზარეულები გახდნენ.

- პროექტში არაპროფესიონალებიც მონაწილეობენ, ალბათ, შეფასებისას განსაკუთრებული კრიტიკულობით არ გამოირჩევით...

- პროექტში მოდიან მოყვარულებიც, პროფესიონალებიც და ყველას გამოცდილების მიხედვით ვაფასებთ. ვინც გვეუბნება, რომ 10-15 წელია, ამ სფეროშია და გამოცდილება აქვს, მას უკვე პროფესიონალურად ვაფასებთ, მოყვარულს ცოტა უფრო რბილად, მაგრამ მთავარია, კერძი გემრიელი იყოს, თორემ შემდეგ ეტაპზე მოხვედრის შანსი არცერთს არ ექნება.

მიხარია, რომ „მასტერშეფი“ საქართველოში შედგება და დარწმუნებული ვარ, რომ როგორი პოპულარულიც არის მსოფლიოში, ისეთივე პოპულარული გახდება საქართველოშიც. იმედი მაქვს, საუკეთესო გადაცემა გამოვა!

„მასტერშეფი“, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცეცხლოვანი და დინამიკური კულინარიული გადაცემაა, პირველი არხის ეთერში 18 მაისიდან ყოველ შაბათს, 22:00 საათზე გამოჩნდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ