ავტორი:

რატომ უნდა იყოთ ფრთხილად, თუ თქვენი შვილი სუპერგმირს ბაძავს? - ფილმების გავლენა ბავშვებზე და ფსიქოლოგის რეკომენდაციები

რატომ უნდა იყოთ ფრთხილად, თუ თქვენი შვილი სუპერგმირს ბაძავს? - ფილმების გავლენა ბავშვებზე და ფსიქოლოგის რეკომენდაციები

8 მაისს, გლდანში, ოთხი წლის ბიჭუნა საცხოვრებელი სახლის მერვე სართულიდან გადმოვარდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვი შემთხვევის დროს სუპერგმირის - "ადამიანი ობობას" ფორმაში იყო გამოწყობილი.

ბიჭი სასწაულებრივად გადარჩა, ის იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე, თუმცა სიცოცხლესთან თავსებადი დაზიანებებით შეიყვანეს. მკურნალი ექიმის თქმით, მცირეწლოვანს სხეულის შიდა ორგანოების დახურული ტრავმები აღენიშნებოდა, ჰქონდა ღვიძლისა და ფილტვის დაჟეჟილობა; გარდა ამისა, ჰქონდა ტვინის შერყევა. ერთკვირიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, მცირეწლოვანი სახლში გაწერეს. სამართალდამცველები მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ბავშვი უბრალოდ თავის საყვარელ სუპერგმირს ბაძავდა...

ასეთ შემთხვევებს მსოფლიო მედიაც იცნობს. ქართველი ბიჭუნასავით იღბლიანი აღმოჩნდა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მცხოვრები 5 წლის ბიჭი, რომელიც საყვარელი გმირის მიბაძვით 2017 წელს მესამე სართულიდან გაშლილი ქოლგით გადახტა. სწორედ ქოლგამ იხსნა მისი სიცოცხლე. 2002 წელს კი ცოცხზე შემომჯდარი მოზარდი გოგონა, სამზარეულოს აივნიდან გაფრენას ცდილობდა, ჰარი პოტერის გმირების მიბაძვით.

პრობლემა რომელიმე კონკრეტულ სუპერგმირში არ არის - ფილმი გავლენას ნებისმიერი ასაკის ადამიანზე ახდენს, თუმცა სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად. კვლევებმა დაადგინა, რომ სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვები, მიდრეკილები არიან მიბაძონ ძალადობას, რასაც ეკრანზე ხედავენ, განსაკუთრებით თუ ამჩნევენ, რომ დადებითი მახასიათებლებით გამორჩეული გმირი, პრობლემების მოგვარებასა და ბოროტის დამარცხებას, სწორედ ძალის გამოყენებით ახერხებს. ბავშვისთვის ადვილი მისაბაძია "ადამიანი ობობა", რომელიც რომელიმე ბოროტ გმირთან დაპირისპირებისას კედლებს ეჯახება და თან არაფერი უშავდება.

"აქ არის კიდევ ერთი ფაქტორი რომ, გმირები არიან გაფეტიშებულები. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, როდესაც ბავშვი უყურებს მულტფილმს მას მოსწონს გმირის სიძლიერე, განსაკუთრებით თუ ის ასოცირდება პოზიტივთან, ბავშვს უჩნდება სურვილი, რომ მიბაძოს მას. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და თუ შევამჩნევთ რომ ბავშვს უჩნდება მიბაძვის სურვილი, თუნდაც ის რომ გადახტეს და გაფრინდეს, უნდა ავუხსნათ რომ ეს არის ვირტუალური სამყარო, ვუთხრათ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია კომპიუტერული ეფექტებით. ჯობს რეალურად ვუთხრათ, ვიდრე მიბაძოს სუპერგმირებს" - გვეუბნება ფსიქოლოგი თიკო ესებუა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ასაკსა და დროს, რასაც ბავშვი მულტფილმების თუ ფილმების ყურებაში ატარებს. ახალ ზელანდიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ბავშვობასა და მოზარდობაში ტელევიზორთან დიდი დროის გატარება დაკავშირებულია მომავალში ნასამართლეობისა და ასოციალური ქცევის ზრდის რისკთან. შესაბამისად, სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ საერთოდ არ მიუშვან ტელევიზორთან ორ წლამდე ასაკის ბავშვები, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს კი ეკრანთან გატარებული დრო 1-2 საათამდე შეზღუდონ.

თიკო ესებუა მიიჩნევს, რომ ბავშვისთვის ტელევიზორთან გატარებული დროის შეზღუდვა, სკოლის ასაკში უფრო მნიშვნელოვანია:

"სკოლამდელ ასაკამდე ტელევიზორთან ყოფნის სამი საათი მისაღებია, იმიტომ რომ ამ დროს ბავშვს აქვს ბევრი თავისუფალი დრო და ბაღში სიარულისა და ეზოში თამაშის პარალელურად შეუძლია თავისუფალი დრო ცნობისმოყვრეობის დაკმაყოფილებას დაუთმოს. რაც უფრო იზრდება ასაკი, მაგალითად სკოლის პერიოდიდან ეს დრო კიდევ ერთი საათით უნდა შემცირდეს, რადგან ბავშვი ამ დროს სხვა რაღაცებით უნდა დაიტვირთოს" - ამბობს ფსიქოლოგი.

იმაზე რომ ბავშვებს სრულიად ვერ ავუკრძალავთ ეკრანთან დროის გატარებას და უფრო მეტიც, ვერ შევძლებთ მათ აბსოლუტურ იზოლირებას ძალადობრივი კონტენტისგან კვლევებიც მეტყველებს - ფილმების 90%, ვიდეო თამაშების 68% და სატელევიზიო შუების 60% ძალადობრივ მომენტებს ასახავს. აქედან გამომდინარე ფსიქოლოგი გვეუბნება, რომ სასურველია მშობლები როგორც ფილმის შერჩევის, ასევე მისი ყურების პროცესში ჩართულები იყვნენ.

"მშობლებმა აუცილებლად უნდა გაიგონ რას უყურებს ბავშვი, რამდენად არის მცირეწლოვნის მიერ შერჩეული ფილმი ძალადობრივი ელემენტების შემცველი. ვფიქრობ, რომ თუ მშობლები პროდუქციას სწორად მიაწოდებენ შვილებს, ეს ბევრად უკეთ აისახება ბავშვზე.

მოზარდს თავისი ინტერესები აქვს და ესეც ბოლომდე არ უნდა ავუკრძალოთ, რადგან მეტი ინტერესი გაჩნდება, თუმცა რეკომენდაციის სახით გეტყვით, რომ მშობელს შეუძლია იმ ფილმის რეკომენდაცია მისცეს ბავშვს, რომელიც ნაკლებადაა აგრესიული ელემენტებით დატვირთული და მასში მეტია სასიამოვნო მომენტები“ - ამბობს ფიქოლოგი და დასძენს, რომ ბავშვი ხშირად თავისი გონებრივი შესაძლებლობებით ვერ ახერხებს ნანახის სათანადოდ გააზრებას და მნიშვნელოვანია მშობლის განმარტება, რომელიც ბავშვს რეალურისა და გამოგონილის გამიჯვნაში დაეხმარება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ