ავტორი:

ყველაზე არაორდინალური ქართველი შეფი, რომელიც თბილისში ექსტრავაგანტულ სივრცეებს ქმნის - "მასტერშეფის" კონკურსანტმა გემო უნდა "დამანახოს"

ყველაზე არაორდინალური ქართველი შეფი, რომელიც თბილისში ექსტრავაგანტულ სივრცეებს ქმნის - "მასტერშეფის" კონკურსანტმა გემო უნდა "დამანახოს"

ის ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში, ბერლინში მდებარე ქართული რესტორნის შეფ-მზარეული იყო. ყველაფერი კი ჰობით დაიწყო, რომელიც საყვარელ პროფესიად იქცა.

"მასტერშეფის" ჟიურის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული და არაორდინალური ჟიურის წევრი, კონსტანტინე თედელური სარესტორნო სივრცეში 2006 წლიდან საქმიანობს. დღეს, რაც მას ყველასგან გამოარჩევს, ექსტრავაგანტული კონცეპტ-სივრცეებია.

კონსტანტინემ რამდენიმე წლის წინ საკუთარი რესტორანი გახსნა, რომელიც ალბათ, თბილისის ყველა რესტორანზე პატარა ზომისაა და სტუმარი საკუთარი კერძის მზადების პროცესს თავადვე აკვირდება. თედელურმა ორი მსგავსი სივრცე შექმნა და თბილისში ორივე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.

2018 წელს კონსტანტინე თედელურმა Gault&Millau-ს ნომინაცია - "ახალგაზრდა ტალანტი" მოიგო. „მასტერშეფის“ ჟიურის ყველაზე ექსტრავაგანტული და არაორდინალური წევრი, კონსტანტინე თედელური AMBEBI.GE-ს საკუთარ ისტორიას უამობს:

- თავდაპირველად, მოყვარულის დონეზე, ჩემთვის, სახლში ვამზადებდი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ბერლინში წავედი სასწავლებლად. ერთი წლის შემდეგ მივხვდი, რომ გარეთ კვება ძალიან ძვირი მიჯდებოდა და გადავწყვიტე შემეძინა პროდუქტები და დედის დახმარებით, ტელეფონზე ჩამოკიდებულს შემექმნა ქართული კერძები, რომლებიც ნელ-ნელა ჩემთვის ნოსტალგიური ხდებოდა.

მე და ჩემს ახლად შეძენილ უცხოელ მეგობრებს ასეთი ტრადიცია გაგვიჩნდა, რომ დასვენების დღეებში სახლში უნდა მოგვემზადებინა ჩვენი ქვეყნის კერძები და სახლში უნდა დაგვეგემოვნებინა. ასე, ნელ-ნელა შემოიპარა ეს პროფესია ჩემში. დაახლოებით, ერთ წელიწადში დავიწყე სტუდენტური სამუშაოს ძებნა და ყველაზე ახლოს რაც იყო, ქართულ რესტორანს მივაკვლიე, რომელმაც 2-კვირიანი გამოსაცდელი ვადა მომცა. გავიარე გამოსაცდელი დროც და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ რესტორნის შეფი გავხდი.

ეს იყო 2006 წელი, 22 წლის ვიყავი.

- ამ დროს გადაწყვიტეთ, რომ ეს ნამდვილად თქვენი პროფესია იყო და გსურდათ, კარიერა ამ მიმართულებით გაგეგრძელებინათ?

- ეს იყო პროფესია, რომელიც მსიამოვნებდა და ეს იყო საქმე, რომლის კეთების დროსაც არ ვიღლებოდი. კულინარია ისე შემოვიდა და დაჯდა ჩემში, რომ შემდეგ ვეღარ გავუშვი.

1 წლის თავზე ქართული რესტორნიდან წამოვედი და შემდეგ ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში ვიმუშავე რუსულ რესტორანში, ამის შემდეგ გადავედი გერმანულში. საბოლოოდ ისევ ქართულ რესტორანში გავაგრძელე მუშაობა, რომელიც იმ დროს იხსნებოდა.

- თქვენ გაქვთ ყველა მზარეულისგან განსხვავებული კონცეფციები. საიდან იღებთ ინსპირაციას?

- მსოფლიოს მასშტაბით რომ მოძებნოთ, ჩემს კონცეფციას ანალოგი არ აქვს. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მეორე დღესვე დავკეტავ კარს, თუ ამის ანალოგს სადმე მიპოვნით.

როდესაც საქართველოში ვბრუნდებოდი, მინდოდა, განსხვავებული რესტორანი გამეკეთებინა, სადაც ადამიანი სახლში იგრძნობდა თავს. ჩემი ამოცანა იყო, რომ სტუმარი ყოფილიყო კომფორტულად, მიეღო მაქსიმალური სიამოვნება კერძებისგან და მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო მზადების პროცესთან.

პირველი რესტორანი სამწლინახევრის წინ გავხსენი და მგონი, საქართველოში ყველაზე პატარა რესტორანი მაქვს, მთლიანი სივრცე 19,7 კვადრატული მეტრია, სადაც ერთიანდება სასტუმრო მაგიდა, კერძების მოსამზადებელი სივრცე და სანკვანძი.

რესტორანს სახელი არ აქვს, მაქვს ერთი დროშა, რომელზეც დატანილია გერბი, ჩემი სტატუსი და სახელი და გვარი. მეორე რესტორანი „შეფის ბებია" - ყველაფერი ძალიან გამჭვირვალეა, არის ერთი ძირითადი ოთახი, სადაც სტუმრის კერძი მის თვალწინ მზადდება, თითოეული ჩემი ვახშამი, მასტერკლასია.

ერთმაგიდიან რესტორანში კერძებს თავად ვამზადებ. ხოლო მეორე სივრცეში სახელად - „შეფის ბებია“, ორი პატარა ოთახია. საერთო ჯამში ამ სივრცეში 24 ადამიანზე მეტის ადგილი არ არის. სამზრეულოში დგას ბებია, რომელიც ჩემ მიერ შექმნილი რეცეპტებით ბებიურ ქართულ კერძებს ამზადებს.

ეს კონცეფცია განსხვავებულია, არის ახალი გემო, სტუმარი კმაყოფილია. ჩემი სტუმრების 90% უცხოელია, რომლებიც ერთმანეთში ავრცელებენ რესტორნის შესახებ ინფორმაციას და სანამ ჩამოვლენ, მანამდე აკეთებენ რეზერვაციას.

- თქვენი, როგორც „მასტერშეფის“ ჟიურის წევრის მოსახიბლად, არის თუ არა საჭირო განსაკუთრებული ვიზუალის მქონე კერძების მომზადება?

- რა თქმა უნდა, ვიზუალი კერძს უნდა ჰქონდეს, "თვალი ჭამს"! მაგრამ, მთელი ეს კონკურსი მაინც გემოებზეა აწყობილი. კონკურსანტმა გემო უნდა „დამანახოს“.

თუ ისეთ ადამიანს ვნახავთ, რომელსაც კრეატივი არ ექნება, მაგრამ ტექნიკურად გამართულ გემრიელ კერძს მომაწვდის, ის უკვე ჩემთვის კარგი ტექნიკოსია, რომელსაც დავეყრდნობი იმ გემოს გადმოცემაში, რომელსაც მე მას მივაწვდი. ეს ადამიანები ბევრად უფრო მნიშვნელოვანნი არიან ჩვენს სივრცეში, ვიდრე ყველა მეორე „კრეატიული“.

- რამდენად მკაცრი ხართ „მასტერშეფის“ კონკურსანტების შეფასებისას?

- მიმაჩნია, რომ ვარ ობიექტური. ჯერ ვარ თვითკრიტიკოსი და შემდეგ ვაკრიტიკებ სხვას. „ჩარჩოს“ არ გადავდივარ, კერძის გარშემო ვტრიალებ, აღვნიშნავ იმას, თუ რა დაზიანება აქვს კერძს, როგორი გამართულია, არის თუ არა მისაღები. შეიძლება, ვიღაცისთვის მწარეა ჩემი კრიტიკა, ვიღაცისთვის ასატანიც, მაგრამ მიმაჩნია, რომ ვარ ობიექტური, მკაცრი და მეგობრული.

- რა შედეგებს ელოდებით შოუდან „მასტერშეფი“?

- ჩემთვის ეს პროექტი, რა თქმა უნდა, ახალი გამოწვევაა, საინტერესოა, მეც ექსპერიმენტის მონაწილე ვარ, რადგან ალბათ უფრო მეტად განვიცდი, ვიდრე კონკურსანტები. როცა ჟიურის წევრი ხარ, თითოეულ სიტყვას, თითოეულ შენს ჟესტს, თითოეულ გამოხედვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც კონკურსანტისთვის, ასევე მაყურებლისთვის, რომელიც მხოლოდ ვიზუალს ხედავს კერძისას და ვერ გრძნობს გემოს.

ჩემი ამოცანაა სწორად გადავცე კონკურსანტის გემო საზოგადოებას და გასაგებად ავხსნა ის შეცდომები, რაც მასშია. ამ დროს კი, გადიხარ ბეწვის ხიდზე, რომ ეს არ იყოს აგრესიული და ვიღაცაში ზიზღი არ გამოიწვიო.

ველოდები, რომ კულინარია საქართველოში განვითარდება. სასურველია, დამკვიდრდეს ახალი სტანდარტები! ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტს ძველი გემოების კონცეფცია აქვს და ასეთი მიმართულებით მიდის, რა თქმა უნდა, მისაღებია და დასაფასებელი, მაგრამ ამასთან კერძის სიმსუბუქეზე აქცენტიც აუცილებელია.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს