ავტორი:

"ბედნიერება სრულყოფილია, თუ სხვასაც გაუზიარებ" - ქუთაისელმა მოსწავლეებმა ბანკეტზე უარი თქვეს და ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

"ბედნიერება სრულყოფილია, თუ სხვასაც გაუზიარებ" - ქუთაისელმა მოსწავლეებმა ბანკეტზე უარი თქვეს და ბავშვთა სახლს ესტუმრნენ

ქუთაისის #14 საჯარო სკოლის მე-12 ა კლასის მოსწავლეებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ტრადიციული საბანკეტო წვეულების ნაცვლად ბავშვთა სახლში აღნიშნეს.

"ბედნიერება სრულყოფილია, თუ სხვასაც გაუზიარებ" – ამ იდეის ქვეშ ახალგაზრდები ერთხმად გაერთიანდნენ. მოსწავლეებმა წვეულებისა და ტანისამოსისთვის გამოყოფილი თანხით საჩუქრები შეიძინეს და ზესტაფონის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.

როგორც #14 საჯარო სკოლის მოსწავლე ნაზი ბალანჩივაძე AMBEBI.GE–სთან საუბარში განმარტავს, ეს იდეა კლასში იმ დროს დაიბადა, როდესაც გეგმავდნენ, თუ როგორ აღენიშნათ სკოლის დამთავრება.

"როდესაც ბანკეტს ვგეგმავდით, მოგვივიდა იდეა, რომ სიხარული სხვებისთვის გაგვეზიარებინა. ვიფიქრეთ, რომ ყველაზე მეტად ჩვენი სტუმრობით ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს გავახარებდით. ამიტომ შევარჩიეთ ზესტაფონის ბავშვთა სახლი. შევაგროვეთ ტანსაცმელი, პროდუქტი საჩუქრები, ის, რაც შეგვძლო სახლიდან მოგვეტანა და ბავშვთა სახლს ვეწვიეთ. ეს იყო ბედნიერება, რომელსაც ვერ მივიღებდით ბანკეტით. ბავშვები საოცრად მომზადებული დაგვხვდნენ. იზეიმეს ჩვენთან ერთად, საჩუქრები გადმოგვცეს. ეს არ არის ერთჯერადი, ჩვენ გავაგრძელებთ მათთან ურთიერთობას. მათ მატერიალურ დამხარებაზე მეტად სითბო და სიყვარული სჭირდებათ და ჩვენ მათთან ხშირად მივალთ" – განაცხადა ნაზი ბალანჩივაძემ.

ნანა გოგორიშვილი, კლასის დამრიგებელი:

"ზოგადად, ასეთი იდეები გვქონდა, მოკრძალებულად ვაკეთებდი პატარ-პატარა აქციას, მაგრამ ბავშვებმა თავად გადაწყვიტეს, ბანკეტი არ გვინდა და მოდი, ბავშვები გავახაროთო. მეც იდეები მივაწოდე და შეირჩა ზესტაფონის ბავშვთა სახლი. ემოცია დაგვხვდა ისეთი, მოლოდინს გადააჭარბა. ბავშვები რომ წამოვიდნენ, ემოციების გამო ხმას ვერ იღებდნენ. ვიცნობ ჩემს მოსწავლეებს და ვიცი, ისინი მსგავს აქციებს თავადაც გააგრძელებენ და სხვასაც მოუწოდებენ. არ ველოდით ისეთი გამოხმაურება მოჰყვა".

ნონა ჩუბინიძე, სკოლის დირექტორი:

"ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვებს უარი უთქვამთ ბანკეტზე და სადმე წასულან, მაგრამ არასოდეს ყოფილა ის, რომ სკოლადამთავრებულები ბავშვთა სახლში წასულიყვნენ. მართლაც საინტერესო იდეა იყო და დამრიგებელთან ერთად განახორციელეს. ჩვენც მხარი დავუჭირეთ, ძალიან მოეწონთ პატარებს და ვფიქრობთ, ჩვენს სკოლაში ტარდიციადაც ჩამოყალიბდება" – განაცხადა ნონა ჩუბინიძემ. საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი 20 მაისს დაირეკა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ