ავტორი:

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე - 10 საინტერესო ფაქტი საბჭოთა ტერორის შესახებ

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე - 10 საინტერესო ფაქტი საბჭოთა ტერორის შესახებ

101 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და უამრავი ტრაგიკული ამბავი საბჭოთა ტერორის პერიოდიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე. 1918 წლის 26 მაისიდან საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1921 წლამდე შეინარჩუნა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. საბჭოთა ტერორმა 70 წელი გასტანა და 1991 წლის 9 აპრილს დასრულდა, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა.

გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს საბჭოთა ტერორის შესახებ:

• საბჭოთა კავშირის მმართველმა, სტალინმა საკუთარი პიროვნების კულტი შექმნა. საბჭოთა პროპაგანდა მოსახლეობას ბელადის განსაკუთრებულ შესაძლებლობებში არწმუნებდა და მის გაღმერთებას ემსახურებოდა. სტალინის სიცოცხლეშივე იდგმებოდა მისი ძეგლები, იწერებოდა მისი სახოტბო ლექსები.

• სტალინური რეპრესიების დროს, კომუნისტებმა ციხეს სახელი შეუცვალეს და მას „გამასწორებელი კოლონია“ უწოდეს. საბჭოთა პროპაგანდა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ხელისუფლება ცდილობდა პატიმრების გამოსწორებას და ამისთვის სათანადო ღონისძიებებსაც ატარებდა. თუმცა იმასაც ხაზგასმით აცხადებდა, რომ გამოსწორება არ ეხებოდა კონტრრევოლუციონერებს.

• სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანების, მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსების, სამხედრო პირების, მწერლების, პოეტების და ხელოვანების სხვა დარგების წარმომადგენელთა საფლავები დღემდე უცნობია.

• სტალინის დროს, ყველაზე მასშტაბური რეპრესიები ჩატარდა 1937 წელს. ეს პერიოდი ისტორიაში „დიდი ტერორის“ სახელით არის ცნობილი. ამ წელს საქართველოში ათასობით ადამიანი დახვრიტეს.

• კომუნისტები ათეისტები იყვნენ. ისინი რელიგიასაც ებრძოდნენ. რეპრესიები შეეხო სასულიერო პირებსაც. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, 1921 წლამდე, საქართველოში 1600-მდე სასულიერო პირი იყო, ხოლო 1923 წლის აპრილში მათი რაოდენობა 500-მდე შემცირდა.

• სტალინური რეპრესიების დროს იქმნებოდა „მებრძოლ უღმერთოთა კავშირები“, რომლებიც ანტირელიგიურ აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდნენ. ისინი აწყობდნენ საჯარო სასამართლო პროცესებს, სადაც რელიგიასა და წმინდანებს „ასამართლებდნენ“.

• საბჭოთა ტერორის პერიოდში ფოტოებიდან შლიდნენ იმ პირთა სახეებს, რომლებიც რეპრესიებს შეეწირნენ. ამას საკუთარი უსაფრთხოებისთვის აკეთებდნენ, რადგან რეპრესირებულ ადამიანთან ნაცნობობა სახიფათო იყო.

• ლეჩხუმის რაიონის სოფელ წილამიერში მცხოვრები ერმილე აბაშიძე მთაში დაბანაკებული მწყემსების დასახმარებლად მიდიოდა, გზაში შემოაღამდათ და ღამის გასათევად კარავს შეაფარეს თავი. მალე კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ერმილე აბაშიძემ ხუმრობით თქვა: `ასე გალუმპული მენახოს ის, ვინც ამ ჯოჯოხეთში გამომგზავნაო~. ამ სიტყვების გამო მასთან მყოფმა ერთ-ერთმა პირმა დასმენა დაწერა, სადაც მიანიშნა, ერმილე აბაშიძის სიტყვები სტალინის მისამართით იყო ნათქვამიო. დასმენის შედეგად, გამოძიების ჩატარების გაერშე, ერმილე აბაშიძე ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი დახვრიტეს.

• მწერალმა და დისიდენტმა - ელისაბედ ქავთარაძემ (1905-1988) 28 წელი გაატარა გადასახლებაში. ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო, პირველად, 1928 წელს დაიჭირეს და გადაასახლეს. 1940 წელს მეორედ დაპატიმრეს. მას დაკითხვის დროს აწამებდნენ.

• ცნობილი პოეტის, ლადო ასათიანის დედა 1937 წელს დაიჭირეს და გადაასახლეს, თავად პოეტი კი, როგორც „ხალხის მტრის შვილი“, ინსტიტუტიდან გარიცხეს.

• სტალინის გარდაცვალების შემდეგ, რეპრესიების მასშტაბებმა საგრძნობლად იკლო, თუმცა არ შეწყვეტილა. სსრკ-ის ახალმა ლიდერმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა კომუნისტური წყობის მოწინააღმდეგეები ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებად გამოაცხადა. ამის შემდეგ დაიწყო აქტიური თანამშრომლობა სსრკ-ის უშიშროების ორგანოებსა და ფსიქიატრებს შორის. პოლიტპატიმრებს ფსიქიატრიულ გამოკვლევებს უტარებდნენ, შიზოფრენიის დიაგნოზს უსვამდნენ და „მკურნალობის“ მიზნით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ათავსებდნენ. ჟურნალისტი ნაზი შამანაური გიჟად შერაცხეს. იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა.

ისტორიკოსი შორენა მურუსიძე, რომელმაც, სხვა არაერთ წიგნთან ერთად, დაწერა წიგნები "საქრთველოს დემოკრატიული რესპუბლიკა" და "საბჭოთა ტერორი", აღნიშნავს, რომ ქვეყანა 70 წელი სოციალისტური (მარქსიზმ-ლენინიზმის) იდეოლოგიით იმართებოდა და მთელი ამ დროის განმავლობაში, საბჭოთა ადამიანები წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობდნენ.

"საბჭოთა იდეოლოგია უარყოფდა ძველ ფასეულობებს და ამკვიდრებდა ახალ ღირებულებებს. კომუნისტური იდეოლოგია ებრძოდა თავისუფალ აზროვნებას, კრიტიკულ დამოკიდებულებას კომუნისტური პარტიისა და ხელისუფლების მიმართ. სანაცვლოდ, ახალისებდა მონურ მორჩილებასა და დასმენას. ხელისუფლებაში მოსული კომუნისტები საბჭოთა ადამიანებს ილუზორულ, წარმოსახვით სამყაროში აცხოვრებდნენ, სადაც დასაშვები იყო საზოგადოების მოტყუება, უტოპიური იდეებით ცხოვრება. სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკა საზოგადოების ტერორს ეფუძნებოდა. საბჭოთა ხელისუფლება რეპრესიულ მეთოდებს იყენებდა. სიკვდილით სჯიდნენ განსხვავებულად მოაზროვნეებს. ეს იყო პერიოდი, როცა საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი გაანადგურეს, გადარჩენილებს კი შიში და მონური მორჩილება ჩაუნერგეს," – ასე ახასიათებს საბჭოთა მმართველობას შორენა მურუსიძე.

ამ ეპოქის შესახებ უფრო დეტალურად წაიკითხავთ წიგნში - "საბჭოთა ტერორი", რომელშიც ასახულია, როგორ დამყარდა საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმი, ვინ იყვნენ ამ რეჟიმის შემოქმედნი, როგორ მუშაობდა მათ მიერ შექმნილი რეპრესიული სისტემა, ვინ შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს. ნარატივის გარდა, რეპრესიების ისტორია გადმოცემულია ილუსტრაციების საშუალებითაც.

"საბჭოთა რეპრესიები საქართველოს უახლესი ისტორიის მძიმე პერიოდია, რომელიც დღემდე არ არის ბოლომდე შეფასებული, გააზრებული და რომლის უარყოფით შედეგებს დღესაც იმკის საზოგადოება. წიგნი „საბჭოთა ტერორი“ საყურადღებოა ამ პერიოდის შესახებ ცოდნის მიღებისა და გააზრების თვალსაზრისით" – ამატებს ავტორმა.

გამომცემლობა "პალიტრა L" მკითხველს, "ისტორიული კვირეულის" ფარგლებში (15-26 მაისი), "საქართველოს ილუსტირებული ისტორიის" წიგნებზე ფასდაკლებას სთავაზობს.

სწორედ ამ სერიაში შედის წიგნები: "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა" (IV ტომი) და "საბჭოთა ტერორი" (XI ტომი), რომლების შეძენასაც "ბიბლუსის" მაღაზიებში შეძლებთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ