მეშვიდე კლასიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანი "მოქალაქე" შევა. აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილემ სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ გაკეთებული ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ახალი სახელმძღვანლო გაერო-ს მდგრადი განვითარების პრინციპებს უპასუხებს.
"სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაციაა სასწავლო პროცესებში ჩაერთოს წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ სწავლების საკითხები. ახალი საგანი შემოდის მეშვიდე კლასიდან. იგივე დაწყებით საფეხურზე არის შესული ახალი სახელმძღვანელო „მე და საზოგადოება“. მეშვიდე კლასში შევიდა ახალი საგანი "დედამიწა". არის ახალი საგანი "მოქალაქეობა" რომელიც მეშვიდე კლასიდან შევა. ეს საგნები სწორედ ის საგნებია, რომლებიც კონკრეტულ დისციპილინას არ უკავშირდება, თუმცა მოსწავლის მთლიანად ჰოლისტურ განვითარებას უკავშირდება. იმიტომ რომ 21-ე საუკუნეში აღარ არის მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის კონკრეტული ფორმულები ან კიდევ ფიზიკის, მთავარია მოსწავლე უნდა აღიზარდოს მოქალაქედ, რომელსაც აქვს საზოგადოებაში საკუთარი როლი გაცნობიერებული და საკუთარი ზემოქმედების, ქმედებების გააზრების შესაძლებლობა. ახალ სახელმძღვანელოში თემები ბევრი მიმართულებით იქნება გაშლილი: იგივე დაბინძურება, გარემოზე ზემოქმედება და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ახალი რესურსების შექმნაზე“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.