ავტორი:

"ყოველდღე ექოსკოპიას მიტარებდნენ, მუცელში ჩირქი იყო და ხმას არავინ იღებდა" - ექიმების დაუდევრობის შემზარავი ისტორია და "მკურნალობის" საგანგაშო სტატისტიკა

"ყოველდღე ექოსკოპიას მიტარებდნენ, მუცელში ჩირქი იყო და ხმას არავინ იღებდა" - ექიმების დაუდევრობის შემზარავი ისტორია და "მკურნალობის" საგანგაშო სტატისტიკა

ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, ექიმების მიერ არასწორად დასმული დიაგნოზების გამო, უკმაყოფილო პაციენტების საჩივრები არ წყდება. ამაზე მეტყველებს AMBEBI.GE-ს მიერ გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც. თუმცა, როგორც ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია ამბობს, ოფიციალური მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად ბევრად მეტია ექიმების გადაცდომები, ვიდრე მათი აღირცხვა ხდება.

ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის ერთი კვარტლის მდგომარეობით, სააგენტოს უფროსის ბრძანებების საფუძველზე, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი 43 შემთხვევაში შემოწმდა. 7-ის შემოწმება მიმდინარეობს. პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 103 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 83-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება; 19 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება; 1 ექიმს კი გაუუქმდა სახელმწიფო სერთიფიკატი.

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შემოწმდა 191 შემთხვევაში. 342 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან 235-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება; 105 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატების მოქმედება; 2 ექიმს კი გაუუქმდა სახელმწიფო სერთიფიკატი.

2017 წელს კი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 300 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან 207 სამედიცინო პერსონალს მიეცა წერილობითი გაფრთხილება; ხოლო 93 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის გულგრილობის გამო, პაციენტის გარდაცვალების საკითხს, სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს მათ კომპეტენციას სცილდება. მათი განმარტებით, სააგენტოში შემოსულ მოქალაქეთა განცხადებაში პრეტენზია გამოთქმულია პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების (მკურნალობის) ხარისხთან დაკავშირებით.

2 შვილის დედა მაია დონაძე ერთ-ერთია იმ პაციენტთაგან, რომელმაც ექიმებს მკურნალობის ხარისხი დაუწუნა და ახლა მის საქმეს რეგულირების სააგენტო შეისწავლის. როგორც ახალგაზრდა ქალი ყვება, იანვრის დასაწყისში კლინიკაში „ჰერა 2011“-ში საკეისრო კვეთა გაუკეთდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ქალს ფეხში ხელოვნური სახსარი აქვს და მისი თქმით, ექთნების დაუდევრობის გამო, სახსარი ამოუვარდა.

მაია დონაძე AMBEBI.GE-სთან მშობიარობის შემდეგ დაწყებულ გართულებებზე დეტალურად საუბრობს:

- "ჰერაში" მივედი მეორე საკეისრო კვეთისთვის. ბუნებრივია, მანამდე ყველა ანალიზი გაკეთებული მქონდა. ოპერაციის დღედ 4 იანვარი დაინიშნა. საღამოს შვიდის წუთები იყო, როდესაც შემიყვანეს სამშობიარო ბლოკში. ოპერაცია რომ დასრულდა, გადმოყვანის დროს ექთნებმა საწოლზე კი არ გადამაწვინეს, დამაგდეს საკმაოდ შორი მანძილიდან. გაყინული ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი და ვუთხარი კიდეც - ახლა ალბათ ყველაფერი ჩამენგრა ორგანიზმში-მეთქი. თუმცა, ვერ ვიფიქრებდი ამას თუ ასეთი პრობლემები მოჰყვებოდა. მეხუთე დღეს სამშობიაროდან გამომწერეს და სახლში რომ წამოვედი, დამეწყო მაღალი სიცხეები, ჭრილობიდან სითხე გამომდიოდა. ასევე დამეწყო ფეხის ტკივილი, ბავშვი ვერ ამყავდა ხელში და კედელ-კედელ დავდიოდი. საავადმყოფოში მივედი და ფეხზე რენდგენი გადავიღე. იქ მითხრეს, რომ ამოვარდნილი გაქვსო. მოვუყევი ექიმს საწოლზე დაგდების მომენტი და მითხრა, ალბათ, ამის ბრალიაო. თუმცა, ხელოვნური სახსარი კარგად იყო ორგანიზმში შეხორცებული და ასე უბრალოდ არ ამოვარდებოდაო", - გვიამბობს პაციენტი.

მაია დონაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ "ჰერაში" მივიდა, სადაც გაუკეთდა ანალიზი და პასუხებმა აჩვენა, რომ ინფექცია ჰქონდა შეჭრილი ორგანიზმში.

"საღამოს "ჰერას" ერთ-ერთმა ექთანმა დამირეკა - დროზე მოდი საავადმყოფოში, უნდა დაგაწვინოთო. სანამ გავემზადე, მკურნალმა ექიმმა დამირეკა და წამალი დამინიშნა, მითხრა ეს გაიკეთე და დილით მოდიო. მეორე დღეს წავედი საავადმყოფოში, გამიკეთეს გადასხმა, ჭრილობა გაწმინდეს და გამომიშვეს სახლში, კლინიკაში არ დამტოვეს. ერთი კვირის მანძილზე დღეგამოშვებით, ხანაც ყოველდღე ახალნამშობიარები ქალი ასე დავდიოდი საავადმყოფოში. ინფექცია რომ წავიდა, მუცელში სითხე ჩადგა, მერე დაზიანებული ფეხის სახსარი დაჩირქდა. ამის მერე ნახეს მუცელში სითხე იყო, დამაწვინეს საავადმყოფოში, დღეში 5-6 ანტიბიოტიკს და გადასხმას გადასხმაზე მიკეთებდნენ. ყოველდღე ექოსკოპიას მიტარებდნენ და ამბობდნენ, ბლანტი სითხეაო და თურმე, ჩირქი ყოფილა და არავინ ხმას არ იღებდა. ხან ამბობდნენ შეცოტავდა, მეორე დღეს კი ისევ ისე არისო. მოკლედ მკითხაობდნენ. მერე გადაწყვიტეს, ღუდუშაურში გადავეყვანე. ღუდუშაურმა მიღებაზე უარი უთხრა და აუხსნა, რომ ჩემთვის კომპიუტერული ტომოგრაფია გადაეღოთ. ღუდუშაურში ეს რომ არ ეთქვათ, გადასხმებით გააგრძელებდნენ ჩემს მკურნალობას და ალბათ მოვკვდებოდი კიდეც. ტომოგრაფია გამიკეთდა და იმ საღამოსვე ორთაჭალის კლინიკაში გადამიყვანეს. იქ ტყუილად ვიწექი, ნახეს, რომ ჩირქი იყო ორგანიზმში, ამიტომ ინფექციურში გამიშვეს. სხეული და ხორცები იყო ჩათრეული, სისხლი მეწამლებოდა... ექიმმა მითხრა - ორი დღეც რომ დაგეგვიანა, სისხლი იწამლებოდაო. სხვათაშორის, იმ ერთი კვირის განმავლობაში, რაც "ჰერაში" ვიმკურნალე, არაფერში ფული არ გადამიხდია, ექიმმა ყველაფერი თავის თავზე აიღო. არადა რომ კითხოთ, ეს მათი პრობლემა არ ყოფილა და მერე გამირთულდა. ფეხზე ორი ოპერაცია მჭირდება, მაგრამ ჩირქის გამო გართულდა მდგომარეობა და ჯერჯერობით ვერ გამიკეთდება. ექიმებს, რომ კითხოთ, ფეხი მანამდე მქონდა ამოვარდნილი და ჩირქიც მქონდა ორგანიზმში. არადა ჩირქი რომ მქონოდა, მუცელი რომ გამიჭრეს ვერ ნახავდნენ?!", - გვითხრა დონაძემ.

მისივე თქმით, უკვე მოგვიანებით ფეხზე თრომბიც განვითარდა და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ამბობს, რომ სასწრაფოდ 2 ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და ახლა ჯანდაცვისგან ელოდება პასუხს, რომ დაფინანსება მიიღოს.

ექიმების მიმართ უკმაყოფილო პაციენტების „დიდი არმია“ არ უკვირს ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში ირაკლი სასანიას. იგი ამას რამდენიმე მიზეზით ხნის და ჯანდაცვის უწყებას ამ კუთხით გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

"ამის ბევრი მიზეზია - ერთ-ერთია ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ არის მკაცრი მოთხოვნა ხარისხთან დაკავშირებით. ასევე არ არსებობს პროფესიული ასოციაციები, რომლებიც უფრო აქტიურად იქნებოდნენ ჩართულნი ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და იზრუნებდნენ ექიმების გადამზადებაზე. მაგალითად, ხშირად მოიწვევდნენ პრესკონფერენციებს და ჩაატარებდნენ ტრენინგებს. ასევე საჭიროა უწყვეტი სამედიცინო განათლება და პროფესიული განვითარება, რომელიც ადრე იდო კანონში, ახლა კი უგულველყოფილია და აღარ მუშაობს. ასევე გვაქვს კომუნიკაციის ნაკლებობა თვითონ სამედიცინო დაწესებულებებში, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება და მართვა სჭირდება. სწორედ ამ ყველაფრის არარსებობა იწვევს იმას, რაც ახლა გვაქვს. უფრო მეტიც, ინფორმაციაც არ იკრიბება სათანადოდ. წესიერად, რომ დაითვალონ, თუ რამდენია ექიმების შეცდომები - ძალიან სერიოზულ რიცხვს მივიღებთ. მიზანმიმართულად ამასთან დაკავშირებით კვლევა არ ჩატარებულა, ასე რომ, მოსალოდნელია, რომ ძალიან სერიოზული მაჩვენებელი იქნება. მაგალითად, აშშ-ში სიკვდილიანობის მიზეზებს შორის სამედიცინო გადაცდომები მესამე ადგილზეა. ეს უსწრებს ინსულტითა და ავტოავარიებით გარდაცვლილების რაოდენობას. ასე რომ, თუ ამერიკაში ეს ხდება, სადაც საუკეთესო მედიცინა და მართვაა, აქ რომ ეს ხდება, აღარ მიკვირს", - უთხრა AMBEBI.GE-ს სასანიამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის უწყებამ ამ მიმართულებით კრიტერიუმები უნდა გაამკაცროს, რომ ეს პრობლემები მეტ-ნაკლებად აღმოიფხვრას.

"უნდა დაწესდეს კრიტერიუმები, შეფასდეს რეალური მდგომარეობა და მერე უნდა დაიწყონ ამ მიმართულებაზე ზრუნვა. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რა არის ექიმების გადაცდომების ძირითადი მიზეზი, მაგალითად, ეს არის არასწორი კომუნიკაცია პაციენტსა და ექიმებს შორის, დაბალი კვალიფიკაცია, თუ ტრენინგებისა და განვითარების საშუალების არარსებობა. ეს ყველაფერი რაღაცნაირად შესასწავლი და დასადგენია. რეგულირების სააგენტო მკურნალობის ხარისხს არ ამოწმებს იმ სტანდარტებითა და კრიტერიუმებით, რომლითაც უნდა ფასდებოდეს. იქ ძირითადად ფინანსურ ვალდებულებაზეა საუბარი, და ამ კუთხით ცდილობენ პრობლემების აღმოფხვრას. არადა, ეს გადაცდომები სისტემური პრობლემებით არის გამოწვეული და ამას მიხედვა სჭირდება სისტემურად", - გვითხრა ჯანდაცვის ექსპერტმა.

აღსანიშნავია, რომ 2017-2019 წლებში რეგულირების სააგენტოში სამედიცინო დაწესებულებების დახურვის საკითხი არ დასმულა.

რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო პირბადეებთან დაკავშირებით - "პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბითაა"

როგორია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

"გარდაცვალებამდე დედამ გვითხრა, მიხედეთ, სანამ იცოცხლებსო..." - ძაღლებზე შეყვარებული და-ძმა და უჩვეულო მეტისის სევდიანი ამბავი