ავტორი:

65 წლიანი ძებნის შემდეგ კანადელმა ქალმა მამის საფლავი გორში იპოვა - "ის მსახიობი იყო და აქ, სპექტაკლის დროს სცენაზე გარდაცვლილა"

65 წლიანი ძებნის შემდეგ კანადელმა ქალმა მამის საფლავი გორში იპოვა - "ის მსახიობი იყო და აქ, სპექტაკლის დროს სცენაზე გარდაცვლილა"

1951 წელს, რუსეთის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასის ჯგუფი საქართველოში გასტროლებზე იმყოფებოდა. მსახიობებმა ერთი სპექტაკლი გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრში ითამაშეს. სწორედ სპექტაკლის მსვლელობისას, სცენაზე ერთ-ერთი მსახიობი სერგეი შაბანოვი მოულოდნელად გარდაიცვალა. გაურკვეველია, რატომ, თუმცა, გარდაცვლილი მსახიობის ცხედარი მოსკოვში არ გადაასვენეს. ოჯახს ჰქონდა ინფორმაცია, რომ შაბანოვი საქართველოში, სავარაუდოდ, გორში დაკრძალეს.

მამის გარდაცვალების დროს, სერგეი შაბანოვის ერთადერთი ქალიშვილი ნატალია მხოლოდ 3 წლის ყოფილა, მოგვიანებით კი, როდესაც გაიზარდა, მამის საფლავის ძებნა დაიწყო.

საქართველოში პირველად 1980 წელს ჩამოსულა, თუმცა, მისი მცდელობა მაშინ უშედეგოდ დასრულებულა - მამის საფლავს ვერ მიაკვლია. 1991 წელს, გარდაცვლილი მსახიობის ქალიშვილი ოჯახთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად კანადაში გადასულა, თუმცა მამის საფლავის ძებნა არ შეუწყვეტია. ამ მიზნით, საქართველოში მეორედ გასულ წელს იმყოფებოდა... ბუნებრივია, გორსაც ეწვია, მაგრამ საფლავს კვლავ ვერ მიაგნო.

ნატალია შაბანოვას კანადაში დაბრუნების შემდეგ საფლავის ძებნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის სასაფლაოს თანამშრომლებმა გააგრძელეს და შედეგსაც მიაღწიეს. როგორც აღმოჩნდა, მსახიობი სერგეი შაბანოვი გორში, კვერნაქის გორაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე განისვენებს.

აღნიშნულის შესახებ გორის სასაფლაოს დირექტორმა შალვა ტერმაკოზაშვილმა გარდაცვლილი მსახიობის შვილს საქართველოში მცხოვრები მათი ახლობლის გოჩა ყანჩაშვილის მეშვეობით აცნობა.

"ნატალია შაბანოვა გორში გასული წლის სექტემბერში იმყოფებოდა, დიდი მონდომების მიუხედავად, მაშინ ვერ მოხერხდა საფლავის ადგილსამყოფელის დადგენა, თუმცა, ძებნა მას შემდეგაც გავაგრძელეთ, როცა შაბანოვის ოჯახი კანადაში დაბრუნდა. გარდაცვლილი მსახიობის საფლავი იანვარში ვიპოვეთ და ოჯახს ვაცნობეთ, უზომოდ გაეხარდათ, ახლა კი ჩამოვიდნენ" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში შალვა ტერმაკოზაშვილი.

ნატალია შაბანოვა მამის საფლავზე

ნატალია შაბანოვა ოჯახთან ერთად კანადიდან საქართველოში მამის საფლავის მოსანახულებლად რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

"წლებია, მამის საფლავს ვეძებ. პირველად 80-იან წლებში დავიწყე ძებნა, ვიმყოფებოდი კიდეც საქართველოში, მაგრამ ვერაფერი გავიგე. შემდეგ, 1991 წელს, ჩემმა ოჯახმა რუსეთი დატოვა და საცხოვრებლად კანადაში გადავედით, მაგრამ მოსვენებას არ მაძლევდა ის ფაქტი, რომ მამის საფლავის ადგილსამყოფელი არ ვიცოდი, ამიტომ შარშან ზაფხულში ისევ ჩამოვედი, მაგრამ კვლავ გულდაწყვეტილი წავედი. ახლა კი უკვე ვიცი, სად განისვენებს მამა. ძალიან მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც ამაში დამეხმარნენ. ყოველთვის ძალიან უყვარდა ჩემს ოჯახს საქართველო, ქართველი ხალხი და აი, ეს გულისხმიერება ნამდვილად გამოჩნდა. ყველა ადამიანს თავისი ბედი აქვს, მამაჩემის ბედიც ეს ყოფილა, რომ საქართველოს მიწაზე განისვენებს", - განაცხადა ნატალია შაბანოვამ ჩვენთან საუბარში.

გოჩა ყანჩაშვილი, ნატალია შაბანოვას ოჯახის ახლობელი: "სერგეი შაბანოვის სახელი კარგადაა ცნობილი რუსული თეატრის და კინომოყვარულთა წრეებში. არაერთი სპექტაკლის გარდა, მას რამდენიმე ფილმშიც აქვს ნათამაშები. მიხარია, რომ შევძელით დახმარება და მისმა ოჯახმა უკვე იცის, სადაა მამის საფლავი".

ნატალია შაბანოვა საქართველოში სტუმრობას კვლავ გეგმავს, ადრე თუ ქართულ კულტურას სცემდა პატივს, ახლა, აქ, გორში, კვერნაქის გორაზე, მამის საფლავიც ელის.

ავტორი: ია თინიკაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ