ავტორი:

"ერთ კონცერტში რასაც ვიღებ, იმდენი ხელფასი მაქვს" - როგორია ზურა ხაჩიძის გეგმები სამცხე-ჯავახეთში და გაყვება თუ არა რეგიონში საცხოვრებლად მეუღლე

"ერთ კონცერტში რასაც ვიღებ, იმდენი ხელფასი მაქვს" - როგორია ზურა ხაჩიძის გეგმები სამცხე-ჯავახეთში და გაყვება თუ არა რეგიონში საცხოვრებლად მეუღლე

"ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე გუშინ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილის პოსტზე დაინიშნა. მისთვის დღეს პირველი სამუშაო დღე იყო. რა პროექტების განხორციელებას გეგმავს რეგიონში მომღერალი და გაჰყვება თუ არა სამცხე-ჯავახეთში მეუღლე ხათუნა ჟორდანია, ამის შესახებ ზურა ხაჩიძე AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- ზურა, როგორ ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის რანგში?

- დღეს გუბერნატორთან ერთად ინვესტორებს შევხვდით. რეგიონში ტექნიკური პრობლემები იყო, რომელიც ბატონ ბესო ამირანაშვილთან ერთად კარგად დავალაგეთ. ასე რომ, პირველი სამუშაო დღე პოზიტიურად დაიწყო.

- მეუღლე, ხათუნა ჟორდანია გამოგყვებათ რეგიონში საცხოვრებლად?

- მარტო გადმოვედი საცხოვრებლად ბორჯომში, ჩემი ოჯახის წევრები კი თბილისში დარჩნენ. ჩვენი ქალიშვილი - ანასტასია სწავლობს, გამოცდებისთვის ემზადება და ბორჯომში ვერ გადმოვიყვანდით.

- შეათანხმეთ ოჯახის წევრებთან ეს გადაწყვეტილება?

- როცა ეს შემოთავაზება მივიღე, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს ვესაუბრე. მათ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი რეგიონი და შესაბამისად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შემოთავაზებას დავთანხმდი. შეიძლება ვიღაცას ჩემი არ სჯერა, მაგრამ ჩემამდეც ინიშნებოდნენ მომღერლები თანამდებობებზე, მაგალითად გოგა ხაჩიძე და მან იმ რეგიონისთვის ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. ზუსტად ის მიმართულება ჩამაბარეს, რასაც 25 წელია ვემსახურები, ღონისძიებები, მისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები და მზად ვარ ყველაფერი პირნათლად შევასრულო.

- ბევრი ფიქრობს, რომ მაღალი ხელფასი გექნებათ, დაახლოებით რა ოდენობის ხელფასი დაგინიშნეს?

- მიზერული ხელფასი მაქვს. ერთ კონცერტში რასაც ვიღებ, დაახლოებით იმდენი მაქვს ხელფასი. თქვენ იცით, ბოლო წლებში წარმატებული გასტროლებიც ხშირად მქონდა ამერიკაში, გერმანიაში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში, მაგრამ ისე მიყვარს ჩემი რეგიონი, მირჩევნია მას გამოვადგე. აქ ბევრი ტურისტული ზონაა ასათვისებელი, მოსაზიდია ინვესტორები და ა.შ. თუ ერთ აგურს მაინც დავდებ რეგიონის განვითარებაში, ეს ჩემთვის ბედნიერება იქნება და პასუხი იმ ხალხზე, ვინც გამაკრიტიკა.

- წარმოშობით ბორჯომელი ხარ და კარგად იცნობ რეგიონის პრობლემებს, რა არის პირველი პრობლემა რეგიონში?

- მე არაერთხელ ვიყავი კანდიდატი ჩემს რეგიონში, ვიცი სამცხე-ჯავახეთის პრობლემები. პირველი ინტერვიუ დღეს მივეცი ადგილობრივ რადიოს, პირობა დავდე - ჩემი კარი ღია იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის. განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის ვისაც უნდა წარმატებას მიაღწიოს და ა.შ. მათ მხარდაჭერა ექნებათ ჩემგან, ასევე გუბერნატორისგან და სრულიად მთავრობისგან. მადლობა ყველას ნდობის გამოცხადებისთვის, ვეცდები მათი ნდობა გავამართლო. როგორც ყველგან ჩვენი რეგიონის პრობლემაც უმუშევრობაა. დასაქმების პრობლემას ინვესტორების მოზიდვის გარეშე ვერ გადავჭრით. ბევრი საინტერესო ადგილია სამცხე-ჯავახეთში, გოგირდის წყლები, კულტურული ძეგლები, სამკურნალო წყლები და ა.შ. შევეცდებით ინვესტორები დავაინტერესოთ და სამსახურიც გაჩნდება. რეგიონი უფრო განვითარდება. ასევე ვაპირებ, განათლების კუთხით ვიმუშაო, მინდა ლიტერატურული შეხვედრები მოეწყოს ცნობილ მწერლებთან, სეზონზე დაიგეგმოს კონცერტები, ასევე მინდა ბორჯომის პარკში დისკოტეკა გაკეთდეს, რისთვისაც ინვესტორია საჭირო. ამ პროექტების განხორციელება სასარგებლო იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე სტუმრად ჩამოსული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც გართობის არარსებობის გამო, სამ დღეში მიდიან რეგიონიდან. ბევრი კარგი ინიციატივის გაჟღერებას ვაპირებ, რასაც ეტაპობრივად გაიგებთ.

- ვისთან ერთად იცხოვრებთ ბორჯომში, არ გაგიჭირდებათ დამოუკიდებლად ყოფნა?

- დამოუკიდებლად ცხოვრებასაც მიჩვეული ვარ, მე ამ კაბინეტში დიდხანს გამჩერებელი არ ვარ, მინდა საქმე ვაკეთო. მივხედავ ჩემს თავს, არაა პრობლემა.

- ცნობილია, რომ "ქუჩის ბიჭები" ცოტა ხნის წინ ახალ კლიპზე მუშაობდით, როდის გამოვა კლიპი, თუ მიიღებთ მონაწილეობას და რა ბედი ეწევა ჯგუფს?

- "ქუჩის ბიჭები" ჩემს გარეშე დამოუკიდებლად გააგრძელებენ სიმღერას. რაც შეეხება კლიპს, კლიპი გადავიღეთ ახალი და ერთი კადრის გადაღებაა დარჩენილი. არ მინდა ბიჭებს ვაწყენინო, ამიტომ როცა სამსახურში დავლაგდები, კლიპის გადაღებასაც დავასრულებთ.

"სამწუხაროდ, ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო" - რას წერს ზურა ჯაფარიძე "გირჩის" დახურულ ჯგუფში

"ყველა პედოფილი მძულს მთელი არსით, იაგოს შეეშალა... ნუ აცვამთ ჯვარზე, იშვიათად მინახავს მისნაირი წესიერი კაცი" - ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"