ავტორი:

ბუღალტერიიდან დიდ კულინარიაში - სად გაიცნო სააკაშვილი "მიშამ კიევიდან" და როგორ გახდა უკრაინული რესტორნების ბრენდშეფი

ბუღალტერიიდან დიდ კულინარიაში - სად გაიცნო სააკაშვილი "მიშამ კიევიდან" და როგორ გახდა უკრაინული რესტორნების ბრენდშეფი

მიშა კიევიდან - ასე წარადგინა ნიკა გვარამიამ "რუსთავი 2"-ის კულინარიულ შოუში ადამიანი, რომელსაც "სამზარეულოს ომებში" დიპლომატი და მკაცრი არბიტრის როლი აქვს.

მიშა ავსაჯანიშვილი უკრაინაში 12 რესტორნის ბრენდშეფია, თავის საქმეში წარმატებული ადამიანი, რომელსაც კულინარია ბავშვობიდან შეუყვარდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამზარეულოში დედის ფუსფუსს თვალს ადევნება. როდესაც დედა ვახშმებს აწყობდა, მიშა მუდმივად ეხმარებოდა და ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.

თუმცა, ეს ის დრო იყო, როცა ვაჟებისთვის სამზარეულოში კერძის მომზადება სულაც არ მიიჩნეოდა პრესტიჟულად, ამიტომ...

"ძალიან მიყვარდა ეს საქმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში რადგანაც მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო ჩემი მომავალი. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებს შემდეგ, პროფესიით დავსაქმდი. ყოველთვის მაღალანაზღაურებად სამსახურში ვმუშაობდი.

მოგვიანებით, საქართველოში კულინარიის აკადემია გაიხსნა და ამ სასწავლებლის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულებშიც აღმოვჩნდი. როგორც იქნა, სურვილი ავისრულე და ის სამსახური, სადაც მანამდე ვიყავი დასაქმებული, მივატოვე. იქამდე ფინანსურ სფეროში, ბუღალტერიაში ვმუშაობდი“ - გვეუბნება შეფი, რომლის ცხოვრებაშიც აკადემიის დასრულების შემდეგ, ახალი ეტაპი დაიწყო... ასევე იხსენებს პერიოდს, როცა ერთ-ერთ არხზე კულინარიულ პროექტშიც მონაწილეობდა, ფინალისტი გახდა და იტალიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად კულინარიულ კურსებზე გაუშვეს.

"კულინარიაში მიყვარს სტანდარტები, მაგრამ საქმიანობისას თანამედროვე ტექნიკას ყოველთვის ვიყენებ... არ მიყვარს ქართულ სამსაზრეულოსთან სხვადასხვა სამზარეულოს არევა, რადგანაც ისედაც მდიდარია და მას ეს არ სჭირდება. თუმცა არის ქვეყნები, რომლისთვისაც რეცეპტების ასეთი აღრევა, შერევა, გამდიდრება და გალამაზება აუცილებელიც კია," - განმარტავს ავსაჯანიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, „სამზარეულოს ომებში“ მონაწილეობას მაინც დათანხმდა. უნდა, რომ პროექტი მხოლოდ შოუ კი არ იყოს, მაყურებელს ამ სფეროში ცნობიერება აუმაღლდეს. ასევე სურს, ქართული სამზარეულო უფრო განვითარდეს, რომ არ იყოს მოსაწყენი.

"როგორც ამბობენ, საბჭოთა კავშირმა ქართული სამზარეულო გაანადგურა. ეს სფერო აღარ ვითარდებოდა. ამიტომ, მან ტექნიკური დახვეწა უნდა დაიწყოს, კერძები სხვა ტექნიკით უნდა მომზადდეს. ასე რომ არ ხდება, იმიტომაც არის, რომ ნელ-ნელა გარკვეული კერძები დავკარგეთ კიდეც... ცოტა ხნის წინ სწორედ ამიტომ რაჭული, მესხური, კახური რეცეპტები აღვადგინე.

მჯერა, რომ ამ მიმართულებით საქმე დაიძვრება, ქართველები სკეპტიციზმს დაამარცხებენ, სამზარეულოში აქტიურად შევლენ, რესტორანშიც წავლენ, სადაც ქართული კერძების თანამედროვე ვერსიების მიმართ სკეპტიკურად არ იქნებიან განწყობილი და მიიღებენ როგორც აუცილებელს და საჭიროს!"

- "მიშა უკრაინიდან", გვითხარით, როგორ უკავშირდებით ამ ქვეყანას?

- ამ სიტყვებში ტყუილი არაფერია - უკრაინაში ვსაქმიანობ. 12 რესტორნის ბრენდშეფი ვარ და მათგან ყველა განსხვავებულია. ზოგი საშუალო ხარჯზეა გათვლილი, ზოგი მთავრობის წევრებზე და ა.შ. სხვადასხვა სეგმენტს მოიცავს და ყველგან სხვადასხვა კონცეფციები იქმნება. ახლა თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული რესტორანიც იხსნება. შეიძლება ითქვას, რომ ყველგან კონსულტანტი ვარ, პასუხისმგებელი მენიუს განახლებაზე.

საქართველოში მაქვს მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება, ძალიან წარმატებული რესტორნის შეფი ვიყავი, სადაც სხვადასხვა მიმართულება მქონდა. თუმცა, დღესდღეობით აქტიურად და წარმატებით უკრაინაში ვსაქმიანობ.

- მიშა სააკაშვილს იცნობთ?

- როდესაც ცოტა ხნის წინ ის უკრაინაში დაბრუნდა, რესტორნის ტერასაზე მიმტანებს ვუთხარი - მიშა გუშინ ჩამოვიდა, იცოდეთ, აქ სიარულს დაიწყებს და აბა, თქვენ იცით-მეთქი. ვინ მიშაო? - გაკვირვებულებმა მკითხეს, სააკაშვილი-მეთქი. ჩამოვიდა კი არა, აგერ ზისო. მივიხედე და იქვე არ ზის, 2 მეტრში, მაგიდასთან?! მერე გავიცანი კიდეც... მითხრა, - რომ ჩამოვედი ვიკითხე, - სად ვჭამო კარგი ქართული საჭმელი და აქ მოსვლა მირჩიესო.

- კონკურსს რომ დავუბრუნდეთ - რას ელით შოუს მონაწილეებისგან და რამდენად გაამართლებენ ისინი თქვენს მოლოდინებს?

- კონკურსანტებისგან ყოველ ტურში ველოდები პროგრესს. მინდა, რომ ეს შოუ კი არ იყოს მხოლოდ ამაზე გათვლილი, სიტყვაზე - „გემრიელი ხინკალი მოვამზადე და ბინა მოვიგე“. მართლაც დავინახო, რომ კონკურსანტებს შორის წინსვლაა, რომ სეზონის მანძილზე მართლა დაიხვეწნენ... ფინალში იმან მოიგოს, ვინც მართლა საკუთარ თავზე იშრომა, განვითარდა, გაითავისა თანამედროვე ტექნიკა, რაზეც უკვე ვისაუბრე და ყველგან ამას ვამბობ.

ძალიან დიდი დატვირთვა ქართულ სამზარეულოზეა და მართლა მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ისეთი თაობები მოდის, რომ კარგი და აუცილებელი „ლეველის“ დადებას აპირებენ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება