ავტორი:

სახელმძღვანელო, რომელზე დაყრდნობით მსოფლიოში ხუთმა მილიონმა ადამიანმა ბიზნესმოდელი შექმნა, უკვე საქართველოშია

სახელმძღვანელო, რომელზე დაყრდნობით მსოფლიოში ხუთმა მილიონმა ადამიანმა ბიზნესმოდელი შექმნა, უკვე საქართველოშია

„ხანდახან, როცა ინოვაციური იდეა შემოგაქვს, შეცდომებს უშვებ. საუკეთესო გამოსავალია, ისინი სწრაფად აიღიარო და სხვა ინოვაციებით გამოასწორო“, - ეს სიტყვები მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია Apple-ის თანადამფუძნებელ სტივ ჯობსს ეკუთვნის. ადამიანს, რომელმაც ერთი სემესტრის შემდეგ სწავლა მიატოვა და კოლეჯიდან გარიცხულ მეგობართან ერთად, ავტოფარეხში თავისი კომპანიის პირველი კომპიუტერი შექმნა.

რამდენად ძნელი დასაჯერებელიც არ უნდა იყოს, რომ ავტოფარეხსა თუ საკუთარ ბინაში, ყოველგვარი სასტარტო კაპიტალის გარეშე, რაიმე პროდუქტის შექმნა მომავალში მილიონების მომტანი შეიძლება გახდეს, ფაქტია, რომ ასეთი მაგალითები არსებობს. ასე მოხდა ბილ გეითსისა და მისი Microsoft-ის, ჯეფ ბეზოსისა და Amazon-ის შემთხვევაშიც. თავის დროზე „ჩვენნაირმა“ ადამიანებმა შექმნეს ეპოქალური პროდუქტები, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა. ჩვენ კი მათი ისტორიების მოსმენა, მათი წარმატების ფორმულის შესწავლა მოგვწონს, რადგან ეს გვმატებს რწმენას, რომ ერთ დღეს თავადაც გამოგვივა.

მანამდე კი უნდა ვისწავლოთ, როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი, რომ სხვისი შეცდომები არ გავიმეოროთ. ყველაზე დიდ ცოდნას კი სწორედ სტივ ჯობსის, ჯეფ ბეზოსისა და მათი კომპანიების მიერ დაშვებული შეცდომებისა და ბიზნესმოდელის მაგალითზე ვისწავლით. სწორედ ეს ბიზნესმოდელები და მათი შექმნის საფეხურები დეტალურად აღწერეს ალექს ოსტერვალდერმა და ივ პინიემ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნში - „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი?“

ამ სახელმძღვანელოს მთავარი პლუსი მისი სიმარტივე და პრაქტიკულობაა. მასში მოთხრობილია სხვადასხვა საინტერესო და განხორციელებადი ბიზნესმოდელის შესახებ. ასევე, შემოთავაზებულია ნაცადი ხერხები, რომლებიც როგორც სტარტაპერებს, ისე მცირე და მსხვილი კომპანიების მენეჯერებს დაეხმარებათ.

„როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ შეიქმნა 470 პრაქტიკოსის რჩევების საფუძველზე, რომლებიც ბიზნესსაქმიანობას 45 ქვეყანაში ეწევიან. წიგნი საქართველოშიც ხელმისაწვდომია და პროექტ „ლურჯი ოკეანისა“ და „ჯეპრას“ თანამშრომლობით გამოიცა.

წიგნის კონსულტანტმა და „ჯეპრას“ დამფუძნებელმა სოსო გალუმაშვილმა საკუთარი კომპანიის ბიზნესმოდელი სწორედ ამ წიგნის მეშვეობით აღმოაჩინა და ახლა, მის წაკითხვას სხვებსაც ურჩევს.

„ამ წიგნის წაკითხვამდე, გამოგიტყდებით, წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო ჩვენი კომპანიის ბიზნეს მოდელი. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად მცდარი და არასწორი შეხედულებები მქონია. ამიტომ, გირჩევთ, წაიკითხოთ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება დაუვიწყარი თავგადასავალი, რომლის გამეორებაც სულ უფრო ხშირად მოგესურვებათ,“ - ამბობს სოსო გალუმაშვილი.

უფრო მეტი დეტალი კი პროექტ „ლურჯი ოკეანის“ მენეჯერის თათია ტურაშვილისგან შევიტყეთ,

„როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელში“ აღწერილი სქემები რამდენად მორგებულია საქართველოს ბიზნესგარემოსა და სტარტაპ-ეკოსისტემაზე?

ჩემი აზრით, წიგნი პასუხობს იმ საჭიროებებს, რაც არის არამხოლოდ სტარტაპ-ეკოსისტემაში, არამედ სრულიად ბიზნესსექტორში. წიგნის მეშვეობით, მკითხველს შეუძლია, დაინახოს ძალიან მარტივი, პრაქტიკული ხერხები იმის შესახებ, თუ როგორ შექმნას ბიზნესი ან თუკი უკვე აქვს, როგორ გარდაქმნას მისი გარკვეული კომპონენტები ისე, რომ თავიანთი საქმიანობა უფრო მომგებიანი გახადოს.

რაც მთავარია, წიგნი სტარტაპერებს დაეხმარება, რომ საწყისი საქმიანობის სტრუქტურირება მარტივად გააკეთონ, კარგად გაანალიზონ თავიანთი ბიზნესი და მეტი ინოვაციურობა შეიტანონ მასში.

უფრო კონკრეტულად, რას გაეცნობიან დაინტერესებული პირები ამ სახელმძღვანელოში?

ისინი ამ წიგნში ნახავენ ბიზნესმოდელის შექმნის კონკრეტულ მეთოდოლოგიას, რომელსაც ჰქვია ბიზნესმოდელის ტილო (Business Model Canvas), ამასთან. გაეცნობიან წარმატებული კომპანიების მაგალითებს. უფრო კონკეტულად კიბიზნესმოდელის 5 ნიმუშს, რომელიც წარმატებულ კომპანიებში გამოიკვეთა.

ასეთი კომპანიებია Amazon, Google, Apple და სხვა. მკითხველები გაეცნობიან, როგორი ბიზნესმოდელებით ოპერირებენ ეს კოპანიები, როგორ შეიცვალა ისინი დროთა განმავლობაში და სხვადასხვა კომპონენტის გარდაქმნის შედეგად, როგორ გახდნენ უფრო წარმატებული.

წიგნი ერთგვარი თვითმასწავლებლის ფუნქციას ასრულებს თუ გვჭირდება ბიზნესსაქმიანობაში გარკვეული სპეციალისტი, ვინც მასში აღწერილ მოდელებს აგვიხსნის?

სახელმძღვანელო ძალიან პრაქტიკულია და მისი თავიდან ბოლომდე წაკითხვით მკითხველი სწავლობს ბიზნესმოდელირების მთლიან პროცესს და ნახულობს კონკრეტულ მაგალითებს. მის პრეზენტაციაზე ჩატარდება დამატებითი პრაქტიკული ვორკშოპი, რომელიც ამ წიგნს უფრო მეტ ღირებულებს შესძენს და მისი გამოყენების კონკრეტულ გზებს დაანახებს დამსწრეებს.

„როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ რამდენად აღიარებული ნამუშევარია უცხოეთში?

წიგნი ინგლისურ ენაზე გამოიცა 2010 წელს. ერთ-ერთი ავტორი, ალექს ოსტერვალდერი თვითონ არის ბიზნესკონსულტანტი და კომპანია Strategyzer-ის თანადამფუძნებელი. ორივე ავტორს უკვე რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული. „როგორ შევქმნათ ბიზნეს მოდელი“ 37-მდე ენაზე ნათარგმნია და მსოფლიოს მასშტაბით, ბიზნესლიტერატურაში ერთ-ერთი ბესტსელერად არის დასახელებული. ასევე, USA TODAY-მ წიგნი ტოპ 12 გამოცემას შორის არის შესული.

სახელმძღვანელო უცხოეთში წარმატებულია და რაც მთავარია, მასში აღწერილ მეთოდოლოგიას უამრავი კომპანია იყენებს. ზოგადად, 5 მილიონამდე ადამიანი ხელმძღვანელობს იმ ბიზნესმოდელის ტილოთი, რაზეც წიგნშია საუბარი.

არის თუ არა სახელმძღვანელო საქართველოში უკვე ხელმისაწვდომი?

წიგნი უკვე არის წიგნების მაღაზიებში, მათ შორის, „ბიბლუსში“. ასევე 27 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე სასტუმრო „იოტაში“ გაიმართება ვორკშოპი „როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი“, რომელზეც სწორედ ამ თემების განხილვა და წიგნის წარდგენაც იქნება. ღონისძიების სპიკერები სოსო გალუმაშვილი და გიორგი ყანჩაველი იქნებიან.

ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ, რომ ამ ვორკშოპში მონაწილეობა მიიღონ პიარის, პროექტების, მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერებმა, ასევე, სტარტაპერებმა და ადამიანებმა, რომლებიც ნებისმიერი ფორმით ჩართულები არიან რაიმე პროდუქტის ან სერვისის შექმნის პროცესში.

ბილეთების შეძენა TKT.ge-ზე უკვე შესაძლებელია. გვაქვს სპეციალური სტუდენტური და კორპორაციული ფასდაკლებაც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი