ავტორი:

"მთავარი ჟიური, ჩემი გურმანი მეუღლეა" - მსახიობი, რომელმაც შოუებში მონაწილეობა "ჯეობარიდან" დაიწყო და ახლა "სამზარეულოს ომებში“ ცდის ბედს

"მთავარი ჟიური, ჩემი გურმანი მეუღლეა" - მსახიობი, რომელმაც შოუებში მონაწილეობა "ჯეობარიდან" დაიწყო და ახლა "სამზარეულოს ომებში“ ცდის ბედს

ეთო გუგავა, პროფესიით მსახიობია, მღერის კიდეც და არაერთი მეგაპროექტის მონაწილეა. ამჯერად ახალ პროექტში „სამზარეულოს ომები“ გამოჩნდა, თუმცა იქამდე იყო - „ჯეობარი“, „დასი“, „ახალი ხმა“ და სხვა სატელევიზიო შოუები. ასევე როლი პოპულარულ სერიალში - „ჩემი ცოლის დაქალები“. საკმარისია მისი პერსონაჟი თათია ეგაძე გამოჩნდეს, რომ ჩიკა მის ნამოქმედარს ვერ ივიწყებს და კონკურენტზე ბრაზობს...

სანამ ეთოსთან "სამზარეულოს ომებზე" ვისაუბრებთ, გვიყვება პროექტებში მის მრავალწლიან გამოცდილებაზე:

„გაირკვა, რომ თურმე შეჯიბრება და კონკურსებში მონაწილეობა მიყვარს - ეს რაღაც საყვარელი საქმის კეთებას ჰგავს! დიახ, პროექტებში მონაწილეობა - საყვარელი საქმის კეთებაა და არა იმიტომ, რომ ვინმეს ვაჯობო, მოვიგო, თვითონ პროცესია მიმზიდველი და მომხიბვლელი. საინტერესოა ისიც, შემდეგ შენს ნამოქმედარს რომ უყურებ და აანალიზებ.

მაგალითად, „დასში“ პროფესიული თვალსაზრით დიდი გამოცდილება მივიღე, რადგან ნანუკა ხუსკივაძესთან და რობერტ სტურუასთან ერთად მიწევდა მუშაობა. ჩემთვის ეს კარგი მასტერკლასი იყო. მუსიკალურ პროექტს რაც შეეხება, მომღერალი არ ვარ, მსახიობი ვარ და ეს საქმე ჩემი ისეთივე გატაცებაა, როგორც სამზარეულო. ალბათ სპორტსმენი რომ ვყოფილიყავი, იმ სამყაროში ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი - მეყვარებოდა ოლიმპიადები და შეჯიბრები" - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

- "სამზარეულოს ომებში" რომ აღმოჩნდით, ე.ი. სამზარეულოში ფუსფუსი გიყვართ და გურმანიც ხართ. როდის და როგორ გაჩნდა კულინარიის მიმართ მიმართ ინტერესი?

- ჩემი სამზარეულოს მიმართ ინტერესი და სიყვარული 90-იანი წლებში გაჩნდა... 15-16 წლის რომ ვიყავი, იმ შიმშილობის პერიოდში, ბევრნაირი გასაჭირის გამო, ადამიანები მრავალფეროვანი საკვებ-პროდუქტებით ვერ ვიკვებებოდით. ძალიან ცოტას ჰქონდა ხორციანი კერძების ფუფუენება... ერთხელ მე და ჩემს მეგობარს ძალიან მოგვინდა კალტეტი. მეზობელმა ქალმა, - მე გასწავლი ბოსტნეულის კატლეტის რეცეპტსო. გახეხილი კარტოფილი, სტაფილო კვერცხსა და ფქვილში უნდა ამოგევლო და შეგეწვა, რაც საინტერესო პროცედურა აღმოჩნდა.

მანამდე ერბოკვერცხისა და კარტოფილის შეწვა ვიცოდი, პირველად მომიწია ამის გაკეთებამ და ძალიან გემრიელი რამ გამომივიდა... მოკლედ, ასე ნელ-ნელა, სამზარეულოში კეთების პროცესი ძალიან შემიყვარდა. როდესაც პროდუქტს ვჭრიდი, ვხეხავდი, ძალიან მსიამოვნებდა და რაც მთავრია, ამ მიმართულებით თვითონ ვიჩენდი ინიციატივას, რომ რამე გამეკეთებინა.

რა უფრო მეტი დრო გადის, ეს საქმე უფრო მსიამოვნებს, იმის ფონზე, რომ მყავს შვილები, მაქვს ოჯახი და პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ დამხმარე ქალბატონი და ასევე დედამთილი მეხმარება, სამზარეულოში არავის ვუშვებ. ყოველდღე ვამზადებ რამდენიმე სახეობის კერძს. შინ პროდუქტების მოტანის პროცესიც მიყვარს - წასვლა, ყიდვა, შერჩევა, შემდეგ კერძის მოფიქრება, კულინარიული წიგნებითაც ვსარგებლობ, ასევე ინტერნეტითაც. მერე გადავურეკავ ხოლმე ჩემს მეწყვილე სოფოს, მისგან რაღაც რჩევებს მივიღებ და კერძებს ვამზადებ. მთავარი ჟიური, ჩემი გურმანი მეუღლეა!

- ამის შემდეგ უკვე გასაგებია, პროექტში რატომაც მიხვედით...

- ეს შოუ „რუსთავი 2“-ზე წინა ჯერზე რომ გადიოდა, ჩემი მეგობრები, შვილები მეუბნებოდნენ, შენც გადი, მონაწილეობა მიიღეო. ასეთი მაგარი არ ვარ და რომ ვერ გავამართლო თქვენი მოლოდინი-მეთქი? მერე რომ დავაკვირდი (ყველა კერძი არ მაქვს მხედველობაში), იქ ისეთი განსაკუთრებული არაფერი გაკეთებულა, რასაც დიდი ცოდნა და გამოცდილება დასჭირდებოდა...

მოკლედ, „სამზარეულოს ომების“ კასტინგი რომ გამოცხადდა, ბოლო დღეს იმ მოსაზრებით მივედი. ჩვენს წინაპარს, არც ერთ ბებია-ბაბუას, რომლებმაც როგორც განძი, ისე დაგვიტოვეს ქართული კერძები, არანაირი კულინარიული კურსები არ ჰქონდა გავლილი. შოუშიც აღმოჩნდა, რომ ბევრი არც არაფერია საჭირო, თუ გაქვს გემრიელი ხელი, გულიანად ამზადებ, ფიქრობ, რომ გემოვნება გაქვს, საინტერესოდ შეგიძლია შექმნა, უნდა ჩაერთო კონკურსში. ასე რომ, რატომაც არა, შეგვიძლია, შედევრების შექმნა და დარწმუნებული ვარ, ასეთი ადამიანები ბევრნი არიან. მოკლედ, გავრისკე და მივედი.

გავიარეთ პირველი ტური უპირობოდ ვაჯობეთ მოწინააღმდეგის გუნდს, უსაყვარლეს ადამიანებს. საინტერესო სანახაობა აღმოჩნდა, - ხელოვანი, თუნდაც მსახიობი ადამიანები უფრო თამამები და კრეატიულები ვართ.

- თქვენს ძირითად პროფესიაზე რას გვეტყვით?

- მე ვარ თავისუფალი მსახიობი, შეიძლება მიწვევა მივიღო როგორც თეატრიდან, კინოდან, სერიალიდან, ამა თუ იმ რეკლამიდან. უზომოდ მიყვარს რეპეტიციებზე, გადაღებაზე ყოფნა - ეს პროფესია ჩემთვის ყველაფერია! რეპეტიციაზე, გადაღებაზე ყველაფერი მავიწყდება. ჩემმა შვილმაც, რომელიც 15 წლის არის, ეს პროფესია აირჩია, სპექტაკლებში მონაწილეობს, რომ ვუყურებ, ჩემი გოგონა ჩემი გამეორებაა.

ასე რომ, უშრეტი ენერგია მაქვს, შემიძლია, გადავაბა და რამდენიმე დღე ერთდროულად საქმე ვაკეთო. თუ ადამიანმა მოახერხა, თავისი პროფესია აირჩია და მას აკეთებს, ბედნიერია.

- "ჩცდ"-ში თქვენი გმირი ვფიქრობ, მაინც ვერ განვითარდა...

- ჩემი გმირი თათია ეგაძე ყოველ წელს თითო სერიაში გამოჩნდება და მერე გაქრება, მაგრამ ისეთ კვალს ტოვებს, რომ შემდეგ ჩიკას მთელი წელი ჰყოფნის, რომ გაბრაზებული იყოს. ვფიქრობ, რომ ჩემს თათიას ჯერ არ დაუსრულებია თავისი ამბები...

ეს არის სერიალი, რომელშიც სულ გინდა იყო, გიზიდავს და რომ არ ხარ, „ლომკა“ გაქვს... ამიტომაც არის, რომ მაყურებელს ის არასდროს ბეზრდება. სულ ისეთი განწყობა აქვს, რომ ახალ სერიას უყუროს და მომდევნოს ინტერესით დაელოდოს. ხომ გეუბნებით, როდესაც მსახიობს ეს გამოცდილება გაქვს, რაც ძალიან მაგარია, მასში ყოფნის სურვილი სულ არსებობს. თვითონ გადამღები ჯგუფი უმაგრესია, ერთი სული მაქვს, მათთან სამუშაოდ როდის მივალ, თუ გინდა, სულ ნუ გავა ის სერია მერე ეთერში, მთავარია, გადაღებისას იქ ვიყო.

- "სამზარეულოს ომებს" რომ დავუბრუნდეთ - რა მოლოდინი გაქვთ?

- არსებობს ერთი „მაგრამ“ - სუპერ მზარეულსაც კი, შეიძლება, რაღაც შეეშალოს, დაავიწყდეს, დაეწვას... ალბათ უფრო იღბალს უნდა მივენდო, ვიდრე ცოდნას. ეს სამზარეულოა და აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მოგება არც ერთ პროექტში ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, ხომ ვამბობ, რეალურად მონაწილეობაა ყველაფერი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება