"მითხრა, წამოდი, ჯვარი დავიწეროთ და ჩვენს სიყვარულზე ლეგენდებს დაწერენო"...

 "მითხრა, წამოდი, ჯვარი დავიწეროთ და ჩვენს სიყვარულზე ლეგენდებს დაწერენო"...

12 ივლისს ნიკო გომელაურს 40 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღეს მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ნინა ჩოდრიშვილმა ნიკოს შესახებ წიგნის - "უბრალოდ ნათქვამის" პრეზენტაცია გამართა. ქალბატონ ნინას სასაუბროდ პრეზენტაციამდე შევხვდით. მას ძალიან გაუჭირდა მეუღლეზე საუბარი...

- წიგნი ხმამაღალი ნათქვამია. ეს წიგნი კი არა, უბრალოდ, ჩემი მცდელობაა თავი მომეყარა ნიკოს ინტერვიუებისთვის. სხვათა შორის, ნიკოს ჟურნალისტებისთვის არასოდეს უთქვამს უარი ინტერვიუზე. მათ პროფესიას დიდ პატივს სცემდა. თუმცა გაზეთის გამოსვლის დღეს საშინელი სიტყვებით ლანძღავდა საკუთარ თავს და პირობას დებდა, რომ არასდროს ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე აღარ შეხვდებოდა ჟურნალისტებს.

ამიტომაც არ მსურს, რომ ვინმემ ნიკოს მიერ დაწუნებული ინტერვიუები რამეში გამოიყენოს და ხელახლა გამოაქვეყნოს. სამ ადამიანს უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სამივე გავაჩერე,  შემდეგ კიდევ ერთმა პიროვნებამ შემომთავაზა, ყველა გაზეთიდან ამოვკრიბოთ ნიკოს სიტყვები და მისი მონოლოგი გავაკეთოთო, მაგრამ იმ დროს უფრო სერიოზული საქმით ვიყავი დაკავებული და ამ შემოთავაზებაზეც უარი ვთქვი. მოკლედ, ერთ-ერთ კომპანიასთან ერთად ვმუშაობ ნიკოს ახალ კრებულზე, რომელიც ილუსტრირებული ძვირფასი წიგნი იქნება.

ასეთი ძვირად ღირებული წიგნის გამოცემის საშუალება მე და ნიკოს არასდროს გვქონია. თუმცა შევაჩერე ეს პროცესი და მთლიანად მეორე წიგნზე გადავერთე. დავიქირავე ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელთაც კოლოსალური სამსახური გამიწიეს. წარმოიდგინეთ, 1999 წლიდან მოყოლებული, ყველა მასალა მოიძიეს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტს სამშობლოზე, სიყვარულსა და პოეზიაზე ლაპარაკობს, ხოლო ნაკლებს - ქალებზე. დავახარისხეთ მასალები და გამოვეცით საკმაოდ მოკრძალებული შავ-თეთრი წიგნი, რომელსაც დავარქვით "უბრალოდ ნათქვამი". ძალიან ვღელავ პრეზენტაციის დღეზე.

- უყვარდა ნიკოს თავისი დაბადების დღე?

- დაბადების დღეც ძალიან უყვარდა და საჩუქრებიც (იღიმის). ერთი კვირით ადრე მეკითხებოდა, ნინ, დაბადების დღეზე რა უნდა მაჩუქოო. ამბობდა, დღეს გამიხარდება თუ მაჩვენებ, ერთ კვირაში კი ის გამიხარდება, რომ მაჩუქებო.

- განსაკუთრებით რა ნივთები ან აქსესუარები უყვარდა?

- ნიკო არასდროს გაპრანჭულა. სწორედ ეს თვისება მიყვარდა მასში. თავისთვის არასდროს არაფერი უყიდია და არც მოუთხოვია.  ნიკო ბაზრობაზე ნაყიდ შარვალსა და პერანგშიც ყველაზე ლამაზი იყო.

- ისევ შეყვარებული ხართ...

- გავიარე შეყვარებულობის პერიოდი. მიმაჩნია, რომ ყველა შეყვარებული ერთნაირია. მაგრამ როდესაც ორი ადამიანი "ერთად მიირთმევს ბლომად მარილს" და მაინც უყვართ ერთმანეთი, ეს არის სიყვარული. შეყვარებულობა კი სულ სხვა რამეა.

- შარშან როგორ აღნიშნა თავისი დაბადების დღე ნიკომ?

- პომპეზურად. დაბადების დღის მეორე დილას მითხრა,  ალბათ ვკვდები, ასე ძალიან თუ ვუყვარდი ხალხს, ნამდვილად არ ვიცოდიო. ძალიან დიდი და ლამაზი დაბადების დღე ჰქონდა, უზარმაზარი ტორტით, უამრავი საჩუქრით და მხიარულებით.

- გრძნობდა შარშან, რომ ეს მისი ბოლო დაბადების დღე იყო?

- როდესაც ასეთი დიაგნოზი გაქვს, ადამიანი ყველაფერზე ფიქრობ...

-  მან როგორ გაიგო ამის შესახებ, ასეთ რამეს ხომ უმალავენ ადამიანები ერთმანეთს?

- როდესაც შევიტყვე მისი ავადმყოფობის შესახებ, ვუმალავდი და ვამშვიდებდი, საგანგაშო არაფერი გაქვს-მეთქი. მემორჩილებოდა, დამყვებოდა ექიმებთან, ყველა დანიშნულ პრეპარატს დროულად იღებდა. ზამთარში, "უბის ლექსის" პრეზენტაციიდან ორ დღეში დაიწყო სმა. ვეღარ ვიმორჩილებდი. გამოსავალი არ მქონდა და ვუთხარი. მართალია, ბოლომდე არ მითქვამს, რა საშინელი დაავადებაც სჭირდა, მაგრამ რაღაცას მივახვედრე.

- როგორი რეაქცია ჰქონდა?

- ნუ გამახსენებთ, არ შემიძლია ამაზე საუბარი (ტირის). ველოდი, რომ საშინლად გატანჯული წავიდოდა... დედაჩემიც 45 წლის ასაკში, ასევე ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა და ძალიან გაწამდა 2 თვის განმავლობაში. ნიკო კი უცებ გამომეცალა ხელიდან. მეუფე ნიკოლოზმა მითხრა, ზუსტად ვიცი, ნიკო სამოთხეშიაო. მეუფე ნიკოსთვის ლოცულობდა და გამოუვიდა კიდეც, რადგან ერთ დღეში წავიდა, თანაც. უცებ... რაც დრო გადის, უფრო და უფრო მენატრება. გახსენება აღარ მინდა ამ უბედურების, აღარც ფიქრი, სად წავიდე, არ ვიცი...

ბევრჯერ გავბრაზებულვარ და მითქვამს, მორჩა, დამთავრდა, შენ - შენთვის, მე - ჩემთვის-მეთქი, მაგრამ რომ წარმოვიდგენდი, ნიკო არ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, მეშინოდა. ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით. ბედნიერი ვარ, რომ ნიკოს გვერდით ვცხოვრობდი. აAრადა, როდესაც პირველად მთხოვა, ჯვარი დავიწეროთო, უარი ვუთხარი...

- რატომ?

- რა ვიცი, ჩვენ შორის მაინც განსხვავება იყო წლებში, თან პირველ ქმარს ახალი გაყრილი ვიყავი, არა სახლი, არა კარი, ჩემი 2 შვილი... მოკლედ, ერთ კვირაში ისევ მითხრა, წამოდი რა, ჯვარი დავიწეროთ და ჩვენს სიყვარულზე ლეგენდებს დაწერენო...  რასაკვირველია, არ დავუჯერე, თუმცა ჯვარი მაინც დავიწერეთ. ახლახან ეკლესიაში უცნობმა ქალბატონმა შემომატრიალა და მითხრა, როგორი მშვენიერი ქალბატონი ბრძანდებითო... ვკითხე, თქვენ საიდან მიცნობთ-მეთქი, რას ლაპარაკობ, შენზე და ნიკოზე ლეგენდებს ჰყვებიანო (იცინის).

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება