ავტორი:

რატომ მიყვარს ჩემი რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობრები

რატომ მიყვარს ჩემი რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობრები

სალომე აბულაშვილის ბლოგი

ჩვენ მეგობრობა გვინდოდა, იმის მიუხედავად, რომ მეგობრობა ჩვენი ქვეყნების ისტორიიდან უკვე რამდენიმე ათწლეულია ამოიშალა. გარდაუვალი იყო - იმის გაცნობიერებას, თუ რომელი ქვეყნების წარმომადგენლები ვიყავით, ტკივილი მოჰყვებოდა. ტკივილი ომის, ტკივილი დანაკარგის, ტკივილი სისხლის...

ოთხივე მივხვდით, რომ ორი გზა გვქონდა: ან ხელის ჩამორთმევის შემდეგ ამ ტკივილზე ხმამაღლა და საყვედურის ტონით ვისაუბრებდით და ბოლოს ჩვენც მტრები გავხდებოდით, ან ყველა ცალ-ცალკე და ერთად შევთანხმდებოდით, რომ მეგობრობას საზღვრები არ აქვს, რომ მეგობრობის კანონმდებლებიც და აღმასრულებლებიც ჩვენ თვითონ ვართ.

გავიაზრეთ, რომ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორიის გადაწერა შეგვეძლო, ეს ისტორია მხოლოდ ოთხს გვეცოდინებოდა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, დიდი ცვლილებები ყოველთვის პატარა ნაბიჯებით იწყება... და სოფლის მაშენებლებივით საქართველოს, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ახლებური ურთიერთობის მშენებლობა დავიწყეთ.

რატომ მიყვარს ჩემი რუსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობრები? - აგრესორი ქვეყნიდან ჩამოსული ლიოშა ისეთი მზრუნველი აღმოჩნდა, რომ სხვების კეთილდღეობისთვის საკუთარ ინტერესებსა და კომფორტს ძალიან ადვილად თმობდა. რომ იტყვიან გაიხდის და შენ ჩაგაცვამსო - ზუსტად მასეთია, ერთადერთი, რისი "ოკუპირების" სურვილიც ჰქონდა (როგორც ამას თვითონვე ხმამაღლა ამბობდა), ჩვენი გულები იყო და ერთადერთი, რასაც მისი გაღიზიანება შეეძლო, პოლიტიკაზე საუბარი გახლდათ.

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს 20%-ის ოკუპირების გამო თავს დამნაშავედ გრძნობდა, იმიტომ რომ თავს ოკუპანტებთან ვერც და არც აიგივებდა, ჩვენთვისაც გასაგები იყო, ყველა ვხვდებოდით, რომ პოლიტიკური საკითხები ჩვენგან შორს, სადღაც ზედა ეშელონებში წყდებოდა და ერთ ჩვეულებრივ ლიოშას, რომელიც ოჯახის სარჩენად, თავის ქვეყანაში ისევე მუშაობდა 24 საათი, როგორც მე ჩემსაში, არავინ ეკითხებოდა, რომელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირებას გადაწყვეტდა კრემლი.

ისევე როგორც მე არ მკითხეს - მსურდა თუ არა გავრილოვის ხილვა საკუთარი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე. როგორც უკვე ვთქვი, მცდარი და სწორი გადაწყვეტილებებიც სულ სხვაგან, ჩვენგან ძალიან შორს მიიღება.

აზერბაიჯანელმა ესმირამ და სომეხმა რობერტმა გაცნობისთანავე მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს და მთიანი ყარაბაღი და მასთან დაკავშირებული ძველი და ახალი ამბები დროებით დაივიწყეს. ასე ერთმანეთს შანსი მისცეს და ის დრო, რომელიც, წესით, უშედეგო და უმიზნო კამათში უნდა დაეხარჯათ, სიმღერას დაუთმეს.

რობერტი ოპერის მომღერალი აღმოჩნდა, ესმირა როკ-მუსიკის თავგადადებული ფანი. აზერბაიჯანული როკი არავის გვქონდა მოსმენილი, იქამდე, სანამ ესმირამ გრძელი თმების წინ და უკან ფრიალით ჭეშმარიტებას არ გვაზიარა. ყველაზე საინტერესო და დაუვიწყარი მაინც სომხურ-აზერბაიჯანული როკ-ოპერული დუეტი გამოვიდა - როგორი პარადოქსული მეგობრებიც გახდნენ, იმდენად პარადოქსულ სიმღერებს ასრულებდნენ.

ღვინო და რაჭული ცეკვა ყველას ერთად გვართობდა და გვამხიარულებდა. ალტერნატივებად ისეთი მარადიული, მშვიდობიანი რეპერტუარი შევარჩიეთ, როგორიც - Knockin' on heaven's door, Let it be და We are the world-ია, თუმცა ღვინის ზემოქმედებით ბევრ ისეთ სიმღერასაც ვმღეროდით, რომლებიც არც მახსოვს და, ალბათ, არც არის სასურველი რომ გავიხსენო.

მოკლედ ხომ ვთქვი, ნამდვილი სოფლის მაშენებლებივით, თან ვმღეროდით, თან მეგობრობას ვაშენებდით. საფუძვლად სიყვარული, მასალად ურთიერთპატივისცემა გამოვიყენეთ და ახალი რეალობა ავაშენეთ, სადაც საზღვრები მუდამ ირღვევა, სადაც პოლიტიკა მეგობრობას ვერ განსაზღვრავს, სადაც ჩემს ქვეყანას ერთი გოჯი მიწაც არ აკლია, სადაც ესმირა და რობერტი სიყვარულმა გააერთიანა.

დაშორებისას ყველა ზედმეტად სენტიმენტალურ განყობაზე დავდექით, მანძილმა არა, თუმცა იმ დრომ შეგვაშინა, რომელიც ჩვენს ხელმეორედ შეხვედრას დასჭირდებოდა. შემდეგი შეხვედრის დრო და ადგილი დაშლისთანავე შევათანხმეთ - ოპტიმალური ვარიანტი საქართველო აღმოჩნდა, რომელსაც გარდა იმისა, რომ ყოველთვის ყველასთვის ღია აქვს კარი, ერთადერთი და უალტერნატივო ქვეყანაც არის, რომელსაც ჩვენი „უსაზღვრო“ მეგობრობის დატევა შეეძლო.

შეეძლო წარსულში, რადგან აწმყოში, ჩრდილოვანი და ჩრდილოელი ხელი კვლავ აფათურდა, ჩვენი დამსხვრეული საზღვრების აშენება კვლავ დაიწყო, უალტერნატივო შესაძლებლობები, შეუძლებელ პერსპექტივად აქცია. პარადოქსია არა?! - პოლიტიკას ადამიანები ქმნიან, ადამიანებისვე კეთილდღეობისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. პოლიტიკის გამო, მეგობრები ჩვენს ქვეყნებში ერთმანეთის ადგილს ვერ ვპოულობთ. გული ღია დაგვრჩა, კარი ჩაიკეტა...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ