ავტორი:

ყაზბეგში ადგილობრივებმა ფესტივალ Mountain Set-ის ტერიტორია დაარბიეს - ინციდენტის დეტალები და ყაზბეგის მერის კომენტარი

ყაზბეგში ადგილობრივებმა ფესტივალ Mountain Set-ის ტერიტორია დაარბიეს - ინციდენტის დეტალები და ყაზბეგის მერის კომენტარი

მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა ფესტივალი არ გაუქმდეს, - ამის შესახებ ყაზბეგში მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორის „Mountain Set“-ის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ორგანიზატორები ყაზბეგში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურებიან. „Mountain Set“-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას.

„ვიზიტორების და ზოგადად ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავედით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივი პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან გადავიტანეთ ბიდარაში, რაც დასახლებული პუნქტიდან არის დიდი მანძილით დაშორებული. თუმცა შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოჩნდით.

გუშინ დილით ყაზბეგის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია სტაფის რამდენიმე წევრი.

მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს. ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ.

ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული, არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო.

სამწუხაროდ აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია.

ვთვლით, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან „Mountain Set“-ში აღნიშნავენ, რომ დღეს საღამოს გამოცხადდება ფესტივალის ახალ ლოკაცია და სრული ინფორმაცია.

„ჩვენ ყველას თქვენი თანადგომა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს! არავის მივცეთ საშუალება მუსიკის მოსმენის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, Mountain Set: Kazbegi-ის ფესტივალის ტერიტორიის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც მერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო, მოსახლეობასა და ფესტივალის ორგანიზატორებს შორის ინციდენტი მოხდა, დაზიანდა მუსიკალური ფესტივალის ჩატარებისთვის განკუთვნილი ტექნიკაც.

„მოსახლეობის მხრიდან პროტესტი გამოითქვა და ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. დაფიქსირდა კერძო საკუთრების დაზიანების ფაქტი, რაც ცუდია. როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, მოსახლეობა ფესტივალის ჩატარების თაობაზე ინფორმირებული იყო, თუმცა ამას ჰქონდა წინაპირობები. სოციალურ ქსელებში რაღაც ჯგუფისგან შეურაცხმყოფელი პოსტები ვრცელდებოდა მოსახლეობის მისამართით, რამაც პროვოცირება მოახდინა.

ინციდენტთან დაკავშირებით ადგილზე ვიმყოფებოდით, ასევე მერიაშიც გვქონდა შეხვედრა, უშუალოდ ფესტივალის ორგანიზატორებთან. მთელი დღე იქ ვიყავით, ჩვენი ჩასვლის დროს ადგილზე გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. როგორც ვიცი, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, აღნიშნული ფაქტი მოხდა ბიდარის ტერიტორიაზე, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის“, - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

რაც შეეხება ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებას, რომ მიუხედავად ინციდენტისა ფესტივალი მაინც ჩატარდება, თუმცა ლოკაციას ჯერჯერობით არ ასახელებენ, ყაზბეგის მერი ამბობს, რომ ისევ ყაზბეგში გაიმართება თუ არა ფესტივალი, ინფორმაცია არ აქვს და ორგანიზატორების მხრიდან სამოქმედო გეგმას თვითონაც ელოდება.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება