ავტორი:

საქართველოს 19 ეროვნული გმირი ჰყავს, მათ შორის ერთი ქალია - ეს სახელები უნდა გვახსოვდეს!

საქართველოს 19 ეროვნული გმირი ჰყავს, მათ შორის ერთი ქალია - ეს სახელები უნდა გვახსოვდეს!

საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა, რომლითაც საქართველოსთვის ჩადენილი განსაკუთრებული, გამორჩეული, გმირული საქციელისთვის ჯილდოვდებიან. ჩვენს ქვეყანას 19 ეროვნული გმირი ჰყავს.

ალბათ, საქართველოში ძნელად მოიპოვება ადამიანი, რომელსაც ამ პიროვნებების ისტორიები ერთხელ მაინც არ მოუსმენია, თუმცა AMBEBI.GE-მ გადაწყვიტა, გმირების სრული სია მიაწოდოს მკითხველს, რადგან ამ ადამიანების სახელები და გმირული საქმეები ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს.

ბოლოს, ეროვნული გმირის ორდენი მამია ალასანიასა და ზურაბ ჭავჭავაძეს მიენიჭათ 2018 წელს.

მამია ალასანია

საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი იყო. 1970 წელს დაამთავრა მოსკოვის სახლმწიფო უშიშროების კომიტეტის უმალესი სკოლა. მუშაობდა საქართველოს სსრ უშიშროების ორგანოებში მაღალ თანამდებობებზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ალასანიამ საინფორმაციო სადაზვერვო ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 1992-93 წლებში იგი სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით, სამეგრელოში გაიგზავნა.

უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

2017 წლის ოქტომბერში ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, მამია ალასანია თბილისში, ნარიყალაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

2018 წლის 5 თებერვალს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მამია ალასანიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

გურამ გაბესკირია

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს ქალაქ სოხუმში. წლების განმავლობაში დაკავებული იყო პროფესიული ფეხბურთით. 1960-იანი წლების ბოლოს სოხუმის „დინამოში“ თამაშობდა. მოგვიანებით, საფეხბურთო კარიერა სტავროპოლში, მინსკსა და კისლოვოდსკში გააგრძელა, ბოლოს კი თბილისის „ცსკა“-ში თამაშობდა.

1972 წელს გაბესკირია რესპუბლიკური დონის, მოგვიანებით კი საერთაშორისო კატეგორიის ფეხბურთის მსაჯი გახდა.

1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გაბესკირია, სეპარატისტებმა დახვრიტეს.

საზოგადოებამ მხოლოდ 90-იანი წლების ბოლოს იხილა აფხაზი ტელეოპერატორის გადაღებული კადრები - "დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს!" და სოხუმის მერის გურამ გაბისკირიას პასუხი - "არასდროს ჩემს სიცოცხლეში!" (Никогда в жизни!).

2017 წელს ეროვნული გმირის წოდება ქალაქ სოხუმის უკანასკნელ ქართველ მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბესკირიას მიენიჭა.

ზურაბ ჭავჭავაძე

ზურაბ ჭავჭავაძე ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერი იყო. ის განათლებით ქიმიკოსი გახლდათ, თუმცა ცნობილია თავისი ნაშრომებით ფილოლოგიაში.

ზურაბ ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქციას. 1970-იანი წლებიდან მან კათალიკოს-პატრიარქის რეფერენტად დაიწყო მუშაობა. 1979 წელს მისი ინიციატივით რომის პაპის, იოანე-პავლე მეორისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შეხვედრის ორგანიზება მოახერხა.

საქართველოს ეროვნული გმირი დაინტერესებული იყო ქართული სასულიერო ლიტერატურით. თავის სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც დავით აღმაშენებლის ნაშრომს - „გალობანი სინანულისანი“ ეძღვნებოდა, ამტკიცებდა, რომ იგი არა ნაწარმოების სახელის, არამედ ჟანრის დასახელებაა.

ზურაბ ჭავჭავაძე იყო ქართველოს დისიდენტი და 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

1989 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონ სოფელ ბორითთან ზურაბ ჭავჭავაძე საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოკატასტროფაში დაშავდა. ამავე კატასტროფას ემსხვერპლა მერაბ კოსტავა. ჭავჭავაძე ავტოკატასტროფიდან 69-ე დღეს საავადმყოფოში A ჰეპატიტის დიაგნოზით გარდაიცვალა.

2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

მარო მაყაშვილი

2015 წელს ეროვნული გმირის წოდება წითელი ჯვრის მოწყალების დას მარიამ (მარო) მაყაშვილს მიენიჭა.

ის 1902 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. მამა - კონსტანტინე მაყაშვილი, ცნობილი პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. თბილისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მარომ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დაწყებისთანავე, მარო, მეგობრების მხარდამხარ, წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და სანიტარულ რაზმთან ერთად თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორისკენ, კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით გაემართა. 1921 წლის 19 თებერვალს, მას რუსული არტილერიის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი კეფაში მოხვდა და დაიღუპა.

2013 წელს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭათ: ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილს, ზურაბ იარაჯულს, გიორგი ანწუხელიძეს, ამბროსი ხელაიას, ექვთიმე თაყაიშვილს, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, გრიგოლ ფერაძეს, გიორგი მაზნიაშვილს, მიხეილ (მიხაკო) წერეთელსა და გიორგი კვინიტაძეს.

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი

ქაქუცა ჩოლოყაშვლი პირველ მსოფლიო ომში, თავდაპირველად, ავსტრია-უნგრეთის ფრონტზე იბრძოდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918-1920 წლებში, ქაქუცა ჩოლოყაშვილი სახალხო გვარდიის ცხენოსან დივიზიონში მსახურობდა, სადაც დივიზიონის პირველ ესკადრონს მეთაურობდა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1920 წლის ზაფხულიდან ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორ ბენია ჩხიკვიშვილთან მსახურობდა, განსაკუთრებულ მინდობილობათა ოფიცრად.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დასაწყისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გენერალ დავით ჭავჭავაძესთან ერთად, დასავლეთ საქართველოში ახალი ცხენოსანი ნაწილების ჩამოსაყალიბებლად გააგზავნეს. ომის ბოლო პერიოდისთვის, მათ შეძლეს ორი ესკადრონის შექმნა, რომელთაგან ერთ-ერთს თავად ჩოლოყაშვილი ჩაუდგა სათავეში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, 1922 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა შეფიცულთა რაზმი შექმნა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძლა დაიწყო. იმავე წელს, მისმა რაზმმა ხევსურეთში აჯანყება მოაწყო. 1924 წლის აგვსიტოს აჯანყებაში, გეგმის მიხედვით, მის რაზმს თბილისი უნდა აეღო, თუმცა აჯანყება დამარცხდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს საფრანგეთში მოუწია წასვლა, სადაც 1930 წელს ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

ზურაბ იარაჯული

ქართველი სამხედრო მფრინავი, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს ეროვნული გმირი. დაიღუპა აფხაზეთის ომში 21 წლის ასაკში.

ზურაბ იარაჯულმა საომარი მოქმედებების დროს, ქვეყნის ერთიანობის დასაცავად, ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელა და მოწინააღმდეგის პოზიციებზე არაერთი წარმატებული იერიში მიიტანა.

ზურაბ იარაჯული, 1993 წლის 13 ივლისს, კოპიტნარის აეროდრომიდან სოფელ შრომის მიმართულებით, სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავით გაფრინდა. ქართველმა მფრინავებმა, სოფელ შრომასთან, მთლიანად გაანადგურეს მტრის სამხედრო კოლონა. აეროდრომზე დაბრუნებულ ზურაბ იარაჯულს კვლავ მოუხდა საბრძოლო დავალების შესასრულებლად სოფელ შრომისკენ მიბრუნება, სადაც ქართულმა მოიერიშეებმა მტერზე მორიგი წარმატებული შეტევა განახორციელეს, თუმცა მოწინააღმდეგემ მისი თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო.

ქართველი პილოტი მოწინააღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პარაშუტით დაეშვა და სამი დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშვიდობოზე გასვლას ცდილობდა. მტერს ეჭვი ჰქონდა, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და ეძებდა. საბოლოოდ, გუმისთის ტყეში, მოწინააღმდეგემ ზურაბ იარაჯული ალყაში მოაქცია. მას დანებება შესთავაზეს და დაჰპირდნენ, რომ მოგვიანებით, ტყვედ გაცვლიდნენ, თუმცა ის მტერს ცოცხალი არ დანებდა - მდევართაგან ორი მოკლა და ერთი დაჭრა.

გიორგი ანწუხელიძე

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

გიორგი ანწუხელიძემ 23 წლის ასაკში გმირულად შესწირა თავი სამშობლოს. იგი ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო. ტყვედ ჩავარდნილს დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა. თუმცა მაინც არ გატყდა... თავისი საქციელით მტერიც გააკვირვა! გააკვირვა და იმდენად გააბრაზა, რომ ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე ცემაში ამოხადეს სული...

აქ მთავრდება ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე და იწყება სახალხო გმირის ისტორია!

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალი ანწუხელიძე ეროვნული გმირის ორდენით მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის აპრილში დააჯილდოვა. ჯილდო ანწუხელიძის ქვრივს, მაკა ჩიკვილაძეს გადაეცა.

ამბროსი ხელაია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში იმ პირთა წინააღმდეგ ჩნდებოდა, ვინც აფხაზ ხალხს ქართველების სიძულვილს უნერგავდნენ. ამბროსი ხელაიას წინააღმდეგ რუსულმა მხარემ ძალის გამოყენება არქიმანდრიტობის პერიოდიდანვე დაიწყო.

ის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის იბრძოდა, რის გამოც 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს კი წაუყენებს ბრალდება, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში ბრალი ვერ დაუმტკიცეს, სამშობლოში დაბრუნების უფლებას მაინც არ აძლევდნენ.

1917 წელს ამბროსი ხელაია საქართველოში დაბრუნდა, რის შემდეგაც მცხეთა-თბილისის აფხაზეთის მიტროპოლიტად აკურთხეს. 1921 წელს იგი საქართველოს კათალოკოს-პატრიარქი გახდა.

1922 წელს პატრიარქმა გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნა მოწოდება, რომლის თანახმადაც რუსული მხარე ქართველებს ართმევდა მშობლიურ ენას, უბილწავდა ეროვნულ კულტურას და უბღალავდა სარწმუნოებრივ გრძნობას. ის საქართველოდან წითელი არმიის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვდა. ამბროსი ხელაიას მიმართვა პოლიტიკური რეაგირების გარეშე დარჩა. რუსეთმა კი მისი დევნა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადაიყვანა - პატრიარქი და საკათალიკოსო საბჭოს 9 წევრი დააპატიმრეს. მათ რამდენიმე ბრალდება წაუყენეს, მათ შორის იყო კონფერენციაზე მიმართვის გაგზავნაც.

კათოლიკოს-პატარიარქის განაჩენი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, თუმცა ასაკის გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და მთელი ქონების კონფისკაცია მიუსაჯეს. 1924 წლის ბოლოს გამოცემული ამნისტიით პატრიარქს სასჯელი მოუხსნეს.

ამბროსი ხელაია 1927 წლის 29 მარტს გარდაიცვალა. 1995 წელს კი საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ექვთიმე თაყაიშვილი

საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ექვთიმე თაყაიშვილი (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი) 1863 წლის 3 იანვარს დაიბადა.

ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მან 1921-1945 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძური სრულად დაიცვა, რის გამოც კონსტანტინე გამსახურდიამ მას „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა.

ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველო დატოვა. მან გახიზნული მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საფრანგეთში თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი და მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, რომელსაც საფრანგეთში განიცდიდა, ხელუხლებლად შემოუნახა ქვეყანას.

1945 წლის 11 აპრილს უკვე მხცოვანი „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ განძით დატვირთული დაბრუნდა თბილისში... და სამეცნიერო საქმიანობას დაუბრუნდა.

1951 წელს დააპატიმრეს მისი შვილიშვილი, მომდევნო წელს თავად ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს, საბოლოოდ კი 1953 წლის თებერვალში, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოხუცი, გულის დამბლით გარდაიცვალა, უკანასკნელ გზაზე კი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გააცილა...

მერაბ კოსტავა

დისიდენტი, საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს დაიბადა. ის პროფესიით მუსიკათმცოდნე გახლდათ, პოეტი.

1946 წელს მერაბ კოსტავა თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში შეიყვანეს. სწორედ აქ გაიცნეს ერთმანეთი მან და ზვიად გამსახურდიამ და გადაწყვიტეს, სამშობლოს თავისუფლებისთვის ებრძოლათ. ამ ბრძოლის პროცესში ის ხშირად ხდებოდა რეპრესიების მსხვერპლი.

1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ "ოქროს საწმისის" გამოცემა იყო. გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, - 5 წელი დაუმატეს, როგორც "ხულიგანს" და ციმბირში ანგარსკში გაამწესეს.

1978 წელს მერაბ კოსტავა ამერიკის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე, არადა, მაშინ მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა; მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებსა და სამეგობროს ჰქონდათ. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ერთადერთმა ვაჟმა - 25 წლის ირაკლი კოსტავამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე...

პოლიტიკური ზეწოლის გამო, ხელისუფლება იძულებული გახდა, მერაბ კოსტავა გაეთავისუფლებინა. 1987 წლის 30 აპრილს იგი 10-წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში დაბრუნდა. ამის შემდეგ არაერთი თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მერაბმა მუსიკის მასწავლებლობა არჩია, ბარნოვის ქუჩაზე, მუსიკალურ შვიდწლედში ასწავლიდა.

მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად, 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო. ერთხელ დედამისისთვის უთქვამს - "დედი, არ გეწყინოს, მაგრამ ჯერ უფალი მიყვარს, მერე ზვიადი, მერე კი შენ".

1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ზვიად გამსახურდია

1991-1992 წლებში იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მეცნიერი, ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დისიდენტი და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

ზვიად გამსახურდია პრეზიდენტობამდე დისიდენტურ საქმიანობას აქტიურად ეწეოდა. ამის გამო ის 1956 და 1977-1979 წლებში დააპატიმრეს. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“ გარიცხეს.

ზვიად გამსახურდია იყო ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, რომელიც 9 აპრილს სისხლიანი დარბევით დასრულდა. მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდგომ ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა "სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას".

1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების დროს ზვიად გამსახურდიას პერსონა შეტევის ობიექტად იქცა. 1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე იერიში მიიტანეს. შენობაში გამსახურდია იმყოფებოდა. მან და მისი მთავრობის წევრებმა შენობიდან გააღწიეს. საბოლოოდ, პირველი პრეზიდენტი ჩეჩნეთში გაიხიზნა და ჯოხარ დუდაევის მთავრობისგან თავშესაფარი მიიღო.

1993 წელს გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა და „დევნილი მთავრობა“ აღადგინა. ცდილობდა, ანტი-შევარდნაძის კოალიცია შეექმნა, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერას ეყრდნობოდა. ზვიად გამსახურდიას ჯარებმა სწრაფად მოახერხეს სამთავრობო შენაერთების მიერ დატოვებული სამხედრო ამუნიციის ნაწილის ხელში ჩაგდება, რამაც 1993 წელს, დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყებას შეუწყო ხელი. საბოლოოდ, გამსახურდიას მიერ წამოწყებული აჯანყება სწრაფად ჩაახშეს...

დღემდე ბურუსითაა მოცული პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმე - ის 1993, 31 დეკემბერს დაიღუპა... ცხედარს თავში ერთადერთი ტყვია ჰქონდა ნასროლი...

გრიგოლ ფერაძე

ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი.

1921 წელს გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე მამა გრიგოლი გარე კახეთის სამღვდელოების წარმომადგენელი იყო და მისი ევროპაში სასწავლებლად გაგზავნის საკითხი გადაწყდა. ამ პერიოდში საქართველოში კომუნისტური წეს-წყობილება დამყარდა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსკენ დასაბრუნებელი გზა შეეკრათ. გრიგოლი გაემგზავრა ინგლისში და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა.

1931 წლის 18 აპრილს გრიგოლ ფერაძე ლონდონის წმინდა სოფიას ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა. 19 აპრილს იქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო 25 მაისს პარიზის წმინდა სტეფანეს ბერძნულ საკათედრო ტაძარში მღვდელი გახდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ფაშისტებმა თითქმის მთელი ევროპა დაიპყრეს, შეიტყეს, რომ საფრანგეთის ბანაკში პატარა ქვეყნის დიდი განძი ინახებოდა, მის შესაფასებლად კი გრიგოლ ფერაძე მიიწვიეს. მან ფაშისტებს უთხრა, რომ ამ ქონებას ღირებულება მხოლოდ ქართველებისთვის ჰქონდა, როგორც ეროვნულ შემოქმედებას.

იმის გამო, რომ მამა გრიგოლი ფაშისტებისგან დევნილ ხალხს ეხმარებოდა, შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს, სადაც დაიღუპა კიდეც... მასთან ერთად მყოფი პატიმრები იხსენებდნენ, რომ მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი იყო, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა გადაუწყვიტეს. მამა გრიგოლს ის შეებრალა და მისი სასჯელი საკუთარ თავზე თავად აიღო - გაზის კამერაში შევიდა.

გიორგი მაზნიაშვილი

კაცი, რომელსაც რუსეთ-იაპონიის ომში გამოჩენილი მამაცობისთვის რუსეთის იმპერატორის ასულები უხვევდნენ ჭრილობას (ქალიშვილიც იმპერატორმა მოუნათლა), ხოლო საკუთარი სამშობლოსთვის გამოჩენილი მამაცობისთვის დახვრიტეს - ასეთი იყო 1937 წელს დაპატიმრებულების სიკვდილის ფორმა...

1918 წლის 8 აპრილს, მდინარე ჩოლოქთან, მაზნიაშვილის სარდლობით მცირერიცხოვანმა ქართულმა ჯარმა მოწინააღმდეგეს მძიმე დარტყმა მიაყენა და მისი წინსვლა შეაჩერა.

1919 წლის თებერვალში გენერალი მაზნიაშვილი ახალციხისა და ახალქალაქის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, თბილისის დაცვისას, გენერალი მაზნიაშვილი ქალაქის თავდაცვის ცენტრალურ სექტორს მეთაურობდა. მის სექტორში, ქართულმა არმიამ ომის ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც 19 თებერვალს, რუსული 58-ე მსროლელი ბრიგადა თითქმის სრულიად გაანადგურა.

1921 წლის 18-21 მარტს, გიორგი მაზნიაშვილმა, ქართული ჯარით, ბათუმი მოწინააღმდეგის ნაწილებისგან გაწმინდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი მაზნიაშვილი ქართულ წითელ ჯარში მსახურობდა და დივიზიას მეთაურობდა.

1921 წლის 6 სექტემბერს იგი ორი წლით, თბილისში, მეტეხის ციხეში დააპატიმრეს. 1923 წელს „სამხედრო ცენტრის“ საქმესთან დაკავშირებით, თავდაპირველად, დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა სასჯელი საზღვარგარეთ გადასახლებით შეუცვალეს, რის შემდეგაც იგი, რამდენიმე წლის განმავლობაში, ირანსა და საფრანგეთში ცხოვრობდა. 1925 წელს გიორგი მაზნიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და ცხოვრება სოფელ სასირეთში გააგრძელა.

1937 წელს იგი დააპატიმრეს და დახვრიტეს.

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი

ქართველი მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

1900-1907 წლებში ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში და ანარქისტულ საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული. 1907 წელს საქართველოში დაბრუნებული კი ანარქისტულ პოზიციაზე იდგა.

ის საქართველოს სასარგებლოდ აქტიურ სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წერეთელი გერმანიაში მოქმედი „ქართული სამოკავშირეო კომიტეტის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, რომლის მეშვეობით გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკიდან ასობით ქართველი სამხედრო ტყვე გათავისუფლდა.

1945 წლიდან მიხეილ წერეთელი ცხოვრობდა და საქმიანობდა მიუნხენში. მას ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორობა შესთავაზეს, თუმცა ამ პერიოდში პოლიტიკური პრობლემებისადმი ინტერესი უფრო ჰქონდა. მიხეილ წერეთელი 87 წლის ასაკში გარდაიცალა. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილში.

გიორგი კვინიტაძე

ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პირველი და ბოლო მთავარსარდალი იყო.

1918 წლის ბოლოს გიორგი კვინიტაძე სომხეთ-საქართველოს ომის სადახლო-შულავერის ფრონტის საველე შტაბის უფროსი იყო. 1919 წლის სექტემბრიდან ქართული სამხედრო სკოლის უფროსი გახდა. 1920 წლის მაის-ოქტომბერში მეორედ ეკავა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტი. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაუბრუნდა სამხედრო სკოლას.

1921 წლის თებერვალ-მარტში კვლავ იკავებდა მთავარსარდლის პოსტს. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ საქართველო დატოვა და მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული, 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა.

ჯონ მაკკეინი

2010 წელს საქართველოს ეროვნული გმირის სტატუსი ამერიკელ სენატორს ჯონ მაკკეინს მიენიჭა.

ის არიზონას სენატორის პოსტს 1987-2018 წლებში იკავებდა. იყო კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი. 2008 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში კი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.

ჯონ მაკკეინი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, ჩვენს ქვეყანას მხარს უჭერდა და ჩრდილოელ აგრესორს მოუწოდებდა, საქართველოდან ჯარები გაეყვანა.

ჯონ მაკკეინი 2018 წლის 25 აგვისტოს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

ლეხ კაჩინსკი

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი 2005 წლიდან იკავებდა ქვეყნის პირველი პირის პოსტს 2010 წლამდე, მის ტრაგიკულ გარდაცვალებამდე.

2010 წლის 10 აპრილს, კაჩინსკის ტუ-154 ტიპის თვითმფრინავი სმოლენსკის "სევერნის" აეროდრომთან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პრეზიდენტი, პირველი ლედი მარია კაჩინსკა და პოლონური პოლიტ-ელიტის ნაწილი.

გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის და მასში რუსეთის სახელიც ფიგურირებს.

კაჩინსკის ოჯახის წევრები კატასტროფას წინასწარ განზრახულ მკვლელობად მიიჩნევენ და თვლიან, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფა შემთხვევითობა და მით უმეტეს, პილოტების შეცდომით გამოწვეული არ ყოფილა. საპრეზიდენტო არჩევნებში კაჩინსკის პოტენციური გამარჯვება, რუსეთთან ომში საქართველოსადმი მის მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა და მისი პოლიტიკა ევროკავშირთან მიმართებაში - ეს ის ფაქტებია, რომლებმაც რუსეთს მისი მკვლელობის დაგეგმვისკენ უბიძგა - ეჭვობენ გარდაცვლილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები.

2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, მიუხედავად გართულებული ფრენებისა და პოლონელი მფრინავების უარისა რეისის შესრულებაზე, კაჩინსკი საქართველოში ჩამოფრინდა. სწორედ მისი ინიციატივით შეიკრიბა თბილისში 6 სახელმწიფოს ლიდერები, რამაც რუსეთის ჯარი, ფაქტობრივად, შეაჩერა.

ჟიული შარტავა

2004 წელს ეროვნული გმირის წოდება ჟიული შარტავას მიენიჭა. ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და გენერალ-მაიორი იყო.

1992 წელს ჟიული შარტავა აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. 1993 წლის 18 ივლისს აფხაზეთში დაწყებული სამხედრო მოქმედებების დროს ედუარდ შევარდნაძემ ის ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნა და აფხაზეთს მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.

შარტავას მონდომების მიუხედავად, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, როცა ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, სეპარატისტებმა თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

ზაზა დამენია

ზაზა დამენია თავდაცვის სამინისტროს მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის "კომანდოს" ყუმბარმტყორცნელი და კაპრალი იყო.

2004 წლის აგვისტოში, ის, ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. 16 აგვისტოს, სამაჩაბლოში, თლიაყანის მისადგომებთან, მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარა ჩააგდო. მტრის მიერ ჩაგდებულ ხელყუმბარას, ზაზა სხეულით გადაეფარა და სამი თანამებრძოლი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა...

შემდეგ, თანამებრძოლები იგონებდნენ, რომ ზაზასთვის დაძახებაც ვერ მოასწრეს, ეს ისე სწრაფად გააკეთა:

"ეს იყო იმპულსი, თავგანწირვის, მეგობრების გამო, დაუფიქრებლად უყოყმანოდ სიკვდილი მეგობრების გადასარჩენად, რომელიც ადამიანს ან აქვს ან არა და ამას ასე, იმპულსურ მოქმედებებში მიხვდები... ზაზას ბუნებაში ეს ინსტიქტივით ჰქონდა და შეძლო - მან იქვე მყოფი სამი თანამებრძოლი გადაარჩინა, რომლებიც განწირული იყვნენ...

დაღუპვამდე ორი დღით ადრე, ნაღმის აფეთქების დროს თვალებში მიწა შეეყარა და მხედველობა დაუქვეითდა. ოცმეთაურმა სახლში წასვლა შესთავაზა. ზაზამ იუარა: წიგნის კითხვა არ შემიძლია, მაგრამ მტერს კი ვხედავ და სხვას თუ არააფერი, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენითო..."

გამოყენებული ფოტოების მფლობელები: ელეფთერ ლაფაჩი; გიორგი მამულია; ვახტანგ რურუა; მარინა ტაბლიაშვილი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ეროვნული ფოტომატიანე.

ზუგდიდში ქალს მატარებელი დაეჯახა - "მისი ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა"

"უმძიმესი პაციენტი იყო, ფილტვების თანდაყოლილი ანომალია ჰქონდა" - გულიკო ჩაფიძე გამორიცხავს, რომ ექიმის გარდაცვალება ვაქცინაციას უკავშირდება

რა შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე - "იქნება წერტილოვანი შეზღუდვები"