ავტორი:

რას წერს რუსი ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობის შემდეგ - "ქართველებისთვის ქვეყნის მომავალი უმნიშვნელო არ არის, რა შუაშია რუსი ტურისტები?"

რას წერს რუსი ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობის შემდეგ - "ქართველებისთვის ქვეყნის მომავალი უმნიშვნელო არ არის, რა შუაშია რუსი ტურისტები?"

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტით აღშფოთებულ ქართულ საზოგადოებას ფრენების შეწყვეტით უპასუხა, რუსულმა საზოგადოებამ და სახელმწიფოს მიერ არაკონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა პუტინის გადაწყვეტილება თავისებურად გააპროტესტეს.

Новая газета-ს ჟურნალისტმა ეკატერინა ფომინამ თბილისში იმოგზაურა, რათა გაერკვია, რამდენად რეალურია კრემლის დემაგოგია, რომ რუს ტურისტებს საქართველოში საფრთხე ემუქრებათ...

"საქართველო ლამის ყოველ საათში შორდება რუსეთს. ამ დროს, იღვიძებ დილით და "როსპოტრებნადზორმა" აღმოაჩინა, რომ ქართული ღვინის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა; პირდაპირი ავიარეისები 8 ივლისიდან გაუქმებულია და რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის თქმით, მისი აღდგენა წლის ბოლომდე არ იგეგმება. სახელმწიფო დუმაში კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ დეგტიარევის თქმით, ქართულ პროდუქტსა და კურორტებზე რუსი ტურისტების შეზღუდვა, თბილისში "რუსოფობიური გამოსვლებით” არის გამოწვეული" - წერს ჟურნალისტი.

ფომინას ინფორმაციით, ვიდრე ფედერალური არხები ვითარებას ამწვავებენ და ქართულ პროტესტში ამერიკულ კვალს ეძებენ, Новая газета ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრა.

"ფრენების შეწყვეტის შემდეგ, თბილისის ერთ-ერთი კაფეს მეპატრონეებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ყველა რუსულენოვან ვიზიტორს ოკუპაციის 20%-იან გადასახადს დაუწესებენ... ამის შემდეგ, არაერთ რუსულენოვან ტელევიზიასა და თოქ-შოუში ამბობდნენ, რომ უკვე უამრავ კაფეში ხდება ასე და "საქართველოს ხელისუფლება რუსი ტურისტების დახოცვის მოწოდებებს აკეთებს" - წერს ჟურნალისტი, რომლის თქმით, კაფეს მეპატრონეებმა ეს მოწოდება მალევე წაშალეს, თუმცა, მაინც გახდნენ კრიტიკის ობიექტი, რასაც ნანობენ.

“მათ ჩემთან საუბრისას თქვეს, რომ ემოციის ფონზე შეცდომებიც ხდება, თუმცა მათთვის მიუღებელია, როდესაც ტურისტები კი არ ითხოვენ, მოითხოვენ მენიუს რუსულ ენაზე. მათივე თქმით, გახსნის დღიდან არ აქვთ რუსული მენიუ - "ინტერნაციონლურ ენად ინგლისურს ვიყენებთ, თუმცა, რუსულად საუბარს არავის ვუკრძალავთო. ოკუპაციის მიუხედავად, ისინი ჩამოდიან, აქ ისვენებენ და ჩვენს ტკივილს არ იზიარებენო..." - წერს რუსი ჟურნალისტი.

ეკატერინა ფომინა კიდევ ერთი თბილისური კაფეს შესახებ ყვება, სადაც ინგლისურენოვანი ბანერი ნახა კითხვარით: “იცით თუ არა, რომ რუსეთი ოკუპანტია?!” “დიახ - You are Welcome" და “არა - ჩვენ აგიხსნით ან აირჩიეთ სხვა რესტორანი”.

"კაფეს ერთ-ერთი მეპატონე მიყვება: გასაგებია, რომ რუსული პროპაგანდა რუსეთში კარგად მუშაობს და ამიტომ ბევრმა არ იცის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ამიტომ დიალოგი დავიწყეთ... ორშაბათს, ჩვენთან "Россия 24-ის" გადამღები ჯგუფი იყო, თუმცა, მათთან დიალოგი ვერ შედგა, რადგან იმის აღიარებაც არ უნდათ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აფხაზეთთან დგანან.

შევთავაზე, მანქანით წავიდეთ, გაჩვენებთ-მეთქი და უარი თქვეს... ახლა რატომ გაგახსენდათ თქვენი ტერიტორიებიო, გვკითხეს. ჩვენ კი ვუთხარით - ყოველთვის გვახსოვდა! თვალებში შევხედოთ სიმართლეს, დავიწყოთ დიალოგი და ასე უფრო ჯანსაღი ურთიერთობა გვექნებაო...” - წერს სტატიის ავტორი კაფეს ქართველ მეპატრონეებთან საუბრის შესახებ და დასძენს რომ, ისინი ამბობენ ჯობს ღიად გამოხატონ პოზიცია - ნატო და ევროსაბჭო ურჩევნიათ, თუ ისევ რუსეთის კოლონიად ყოფნა.

ფომინას თქმით, რუსეთის ცენტრალური ტელევიზიების გავლენით, “რუსეთში დაბრუნების მსურველთა რამდენიმე რეისი თბილისის აეროპორტში ერთ ჩასხდომად გააერთიანეს და ასე მიიღეს შეშინებული ტურისტების “მასობრივი წასვლა.”

რუსი ჟურნალისტი იმ ტურისტულ სააგენტოებსა და ოპერატორებსაც ესაუბრა, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. რუსული კომპანიები უკვე წლებია კორპორატიულ ტურებს აწყობენ საქართველოში. მათი ინტერესის ზრდა საქართველოსადმი 2011 წლიდან დაიწყო. საქართველო რუსებს არამხოლოდ ფასებისა და ხარისხის თანხვედრით, არამედ სტუმარმასპინძლობით, კლიმატითა და სამზარეულოთი იზიდავს.

ვარვარა სტრელკოვას საქართველოში კორპორატიული ტურიზმის სააგენტო აქვს. მისი თქმით, 20 ივნისიდან კლიენტები ჯავშნებს აუქმებენ

ვარვარა სტრელკოვას ტურისტული სააგენტო In Love with Georgia (შეყვარებული საქართველოზე) აქვს. რესპონდენტი გამოცემასთან ყვება, რომ "საქართველოში არსებულ რთულ მდგომარეობასთან დაკავშირებით" დამტკიცების ეტაპზე არსებული ღონისძიებები გაუუქმეს და ორგანიზაციები ხელმოწერილ კონტრაქტებს უწყვეტენ. თუმცა, ის აღნიშნავს ქართველი კოლეგების ადეკვატურ საქციელს: ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო, სასტუმროები სანქციებს არ აკისრებენ ტურისტებს.

“თუ ახლა არსებული ვითარება რუსი ტურისტებისთვის საშიშია, ფრენებს 8 ივლისიდან რატო აუქმებენ? რატომ ტოვებს რუსეთი თავის მოქალაქეებს ასეთ “კრიტიკულ სიტუაციაში,” როგორც თავად უწოდებს? ქართველი ხალხისთვის თავისი ქვეყნის მომავალი უმნიშვნელო არ არის, ამიტომაც გამოდიან ქუჩაში თავიანთი ხელისუფლების წინააღმდეგ და რა შუაშია აქ რუსი ტურისტები?” - სვამს კითხვებს ვარვარა სტრელკოვა.

Новая газета-ს ცნობით, საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება ძალიან ადვილია და შესაბამისად, უამრავი რუსი მცირე მეწარმეა ქვეყანაში. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ოთხი წლის წინ ოჯახთან ერთად საქართველოში საცხოვრებლად გადავიდა.

“ის ბათუმში ცხოვრობს და ძირითადად ქართველი ვიზიტორები ჰყავს. ამ ამბების შემდეგ, შემოვიდნენ და ხუმრობით მკითხეს: რა ვქენით, უკვე ყველანი გცემეთო? მისივე თქმით, ქართველებსა და რუსებს შორის ადამიანური ურთიერთობა არ შეიცვლება, თუ რასაკვირველია თქვენ არ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ პუტინი მსოფლიოში ყველაზე კარგი კაცია და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველო არ არის...” - ვკითხულობთ სტატიაში.

ამასთან, რუსი ჟურნალისტი საქართველოში მოხვედრის მსურველთ ალტერნატიულ გზებს სთავაზობს.

“მაგალითად, მინსკის, ბაქოს, ერევნის, გიუმრის, სტამბოლისა და რიგის გავლით.... ასევე შეგიძლიათ ჩახვიდეთ ვლადიკავკაზში, ან მინერალურ წყლებში და იქიდან ტაქსით ჩახვიდეთ თბილისში... ასევე, სოჭიდან ბორნით ბათუმამდე” - წერს ფომინა.

რა პასუხი აქვს ბილ გეითსს შეთქმულების თეორიაზე, რომ თითქოს კორონავირუსის ვაქცინით "მსოფლიოს ჩიპირებას" გეგმავს

პანდემიის მოდა - რუმინელმა მეწაღემ "დისტანციური ფეხსაცმელი" შექმნა

ნორვეგიაში მეწყერმა 8 სახლი ზღვაში ჩაიტანა - დაუჯერებელი ფოტო და ვიდეოკადრები