"ოსკარი", ორი "ოქროს გლობუსი", რაინდის ტიტული დიდი ბრიტანეთის დედოფლისგან - ეს ბენ კიგსლის წოდებებისა და ჯილდოების არასრული სიაა. "განდი", "შინდლერის სია", "ოლივერ ტვისტი" - ეს კი ის რამდენიმე შედარებით უფრო აღსანიშნავი ფილმია, რომლებშიც ბენ კინგსლის მიუღია მონაწილეობა. ახლახან ეკრანებზე ერთდროულად ორი ახალი სურათი გამოვიდა მისი მონაწილეობით: "სპარსეთის პრინცი: დროის ქვიშები" და მელოდრამა "ელეგია", რომელშიც მან ესპანელ მსახიობ პენელოპა კრუსთან ერთად ითამაშა მთავარი როლი.
"მე სერიოზული მსახიობი ვარ"
- როგორი იყო თქვენს კარიერაში პირველ ბლოკბასტერში მონაწილეობა? "სპარსეთის პრინცს" ვგულისხმობ...
- ეს გრანდიოზული ფილმია, ასე არ არის? ბრძანება "მოტორსა" და მონტაჟს შორის შუალედებში ხვდებით ზონაში, სადაც ჟანრს, ბიუჯეტსა და დეკორაციის ზომებს მნიშვნელობა არ აქვს. ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ შორის ხდება, როგორც მსახიობებს შორის, და ისტორია სავსეა საინტერესო გმირებით, რომლებიც, ჩემი აზრით, სრულებით არ არიან მაყურებლისთვის სულერთი.
- ხომ არ ეჭვობდით, რამდენად მოახერხებდით უდაბნოში ჯირითისა და ხმლებით ორთაბრძოლის შესწავლას ამ ასაკში?
- სულაც არა! შესანიშნავად ჟღერს. იმედი მაქვს, რომ მე მაღალი დონის მსახიობი ვარ, "სერიოზული მსახიობი". ფილმის ხასიათი ძალიან შემეფერებოდა, აქ თავგადასავალიც იყო და შესანიშნავი სამსახიობო შემადგენლობაც. რეჟისორმა მაიკ ნიუელმა ნიზამის როლი დიდი ხნით ადრე შემომთავაზა, სანამ სცენარის წავიკითხავდი, ხოლო როცა წავიკითხე, გავიფიქრე, რომ ის ძალიან ხარისხიანი იყო. ჩემთვის საინტერესოა, როდესაც ფილმის გმირები არ იყოფიან უბრალოდ კარგ ბიჭებად და ბოროტმოქმედებად. გმირი, რომელიც აქამდე თავაზიანი, მომხიბვლელი და კეთილი იყო, ძალადობისკენ არის მიდრეკილი. ერთ წამში შეუძლია ხმალი მოიმარჯვოს, ან ვიღაცას ყელი გამოსჭრას, ვითომც აქ არაფერიაო.
- ბევრი გმირი განასახიერეთ, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში არსებობდნენ, ასეთ ფილმებს შორის არის "განდი" ან "შინდლერის სია", და იმ როლებისთვის მზადება ალბათ საგულდაგულო შესწავლას მოითხოვდა. როგორ ემზადებოდით სრულიად გამოგონილი როლისათვის, მე-6 საუკუნის პერსონაჟისთვის?
- მაყურებელმა უნდა იფიქროს მის ემოციებზე, იმაზე, თუ რა ხდება მის გულში. ნიზამს შური და სინანული მართავს - სინანული იმისა, რომ სწორედ მისი ძმა გახდა მეფე და არა თვითონ ის. ის ყოველთვის ფიქრობს, "ეს მე უნდა ვყოფილიყავი!" და ეს ემოციები ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობია, ძველ სპარსეთში ვიქნებით, თანამედროვე პოლიტიკაში თუ შექსპირის პიესაში.
- ეს ძალიან შექსპირულად თქვით...
- ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, შექსპირულად მთავრდება!
"ბედის მადლიერი ვარ, რომ დანიელა მყავს"
- რას იტყვით მეორე სურათზე, "ელეგია"...
- ჩემს გმირს ამ სურათში არ სურს, რომ დაწყობილი ცხოვრება აურიონ. მაგალითად, მას სავსებით აკმაყოფილებს რომანი გათხოვილ ქალთან, ის, რომ ქალი მიდის და მოდის. ასე თავიდან იცილებს ნამდვილ ურთიერთობებს. სტუდენტებთან ურთიერთობასაც იმიტომ აბამს, რომ ოდესმე ისინი დატოვებენ კოლეჯს და მის ცხოვრებაში არ დარჩებიან. მაგრამ ერთხელაც ვიღაცა იქ, ზემოთ გადაწყვეტს: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ განგებ გვიგზავნიან იმ გამოცდებს, რომლებისაც ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვეშინია, თუმცა რომლებიც ყველაზე მეტად გვჭირდება კიდეც. გამოცდა ამ გმირთან პენელოპა კრუსის გმირის სახით მოდის. და ცხოვრება, რომელსაც ის მიჩვეულია, მოულოდნელად უფსკრულში მიექანება.
- თქვენი ბევრი გმირი გამოირჩევა სექსუალური მადით...
- დიახ, ოღონდ ისინი გონებით მუშაობენ! მათთვის შეყვარება საშიშია, ეს ნიშნავს საკუთარ თავზე ძალაუფლების დაკარგვას.
- გონებას გრძნობებისგან ბევრი ანაწევრებს.
- დიახ, არიან ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ თავიანთი მგრძნობელობის ჩვენება, ისინი კითხულობენ სულელურ სვეტებს ჟურნალებში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეძლონ პარტნიორით მანიპულირება, როგორ გააკეთონ ისე, რომ მეტად უყვარდეთ ის, ვიდრე მათ, და ა.შ. ეს ყველაფერი სისულელეა! და ეს ტრაგედიაა. შედეგად მილიონობით მარტოხელა ადამიანი თამაშობს ყოველივე ამ სულელურ თამაშს. "ელეგიის" გმირი, საბედნიეროდ, საკმაოდ ჭკვიანია, რომ გაიგოს: ეს ყველაფერი უნდა მიატოვოს და საავადმყოფოში გაიქცეს ქალთან, რომელიც მისთვის სულ ერთი არ გახდა.
- თქვენ თვითონ 30 წლით უმცროს ქალზე დაქორწინდით...
- ჩემი ცოლი ძალიან ლამაზი ბრაზილიელი ქალია, ასაკით თითქმის პენელოპა კრუსის თანატოლია. ბედის მადლიერი ვარ, რომ დანიელა მყავს. ისეთი დაცული ვარ ჩემს ცხოვრებაში, რომ შემიძლია თავს უფლება მივცე, მაყურებელს ამ თემაზე ჩემი მოსაზრებები გავუზიარო.
- ხანდაზმული მამაკაცების "ემანსიპაციის" მიზეზი უამრავი სამედიცინო პრეპარატის გაჩენა ხომ არ არის, რომლებიც პოტენციას აუმჯობესებს?
- ეს ყველაფერი ფარმაცევტული კომპანიების ნამოქმედარია, რომლებსაც ჩვენი ჯანმრთელობა არაფრად აღელვებთ. მათ მხოლოდ ფული აღელვებთ. ჩემი და უფროსი თაობის წარმომადგენლებს არწმუნებენ, რომ ეს აბები მათ ნამდვილ მამაკაცებად აქცევენ. ეს ტრაგედიაა!
- "ელეგიაში" მგონი პირველად გადაიღეთ ეროტიკულ სცენაში?
- ადრეც მქონდა ლოგინის სცენები, მაგრამ კრუსს ვერავინ შეედრება. მასთან ერთად შევძელით, რეალისტურად გვეჩვენებინა ინტიმური ურთიერთობები მამაკაცსა და ქალს შორის.
- ახლახან სკორსეზესთან გადაიღეთ...
- "დაწყევლილთა კუნძულამდე" ერთად არასდროს გვიმუშავია. გადაღებებზეც პირდაპირ დავთვერი ამ ახალი შესაძლებლობით. წყნარად ვიჯექი და მისგან გამოცდილებას ვიღებდი. ჩვენი ფილმი მძაფრსიუჟეტიანი დრამაა, მოქმედება 1950-იან წლებში მიმდინარეობს, ლეონარდო დიკაპრიოს გმირი ჰოსპიტალიდან გამოქცეულ დამნაშავეს ეძებს შორეულ კუნძულზე, რომელსაც თქვენი მონამორჩილი მართავს. ჩემი პერსონაჟი ფსიქოთერაპევტია, რომელიც იოლად შეიძლება აღიქვა ექიმ მკვლელად.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)