ავტორი:

"ჩვენი ფავორიტი ბახმაროა" -  სად აპირებენ წელს დასვენებას ცნობილი ქართველები, რომლებიც უცხოურ კურორტებს სამშობლოს ამჯობინებენ

"ჩვენი ფავორიტი ბახმაროა" -  სად აპირებენ წელს დასვენებას ცნობილი ქართველები, რომლებიც უცხოურ კურორტებს სამშობლოს ამჯობინებენ

დასვენება წელიწადის ნებისმიერ სეზონზე სასარგებლოა, თუმცა ზაფხული სწორედ ის დროა, რომელიც დასვენების გარეშე წარმოუდგენელია. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ტურისტების რიცხვი შემცირდება, სწორედ ამიტომ, სოციალურ ქსელში ახალი კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ წამოიწყეს, რომლის მიზანიც, უცხოელი ტურისტების დაინტერესებაა, რომლებმაც, თავის მხრივ, რუსი ტურისტები უნდა ჩაანაცვლონ. საქართველო ლამაზი, ისტორიული, სამკურნალო წყლებითა და ტალახით გაჯერებული კურორტებით განებივრებული ქვეყანაა. აქ ნებისმიერ სეზონზე შეგიძლია დაისვენო. AMBEBI.GE ცნობილ ქართველებს ესაუბრა, ვისთვისაც საქართველოს კურორტებზე დასვენება ყოველთვის პრიორიტეტულია.

ანუკი არეშიძე, დიზაინერი:

- მე და კახა ყოველთვის საქართველოს კურორტებზე ვისვენებთ. როცა იტალიაში ვცხოვრობდით, თავისუფალ დროს საქართველოში ჩამოვდიოდით. ბავშვებიც არდადეგების ნაწილს სწორედ საქართველოში ატარებენ. აჭარაში, ბორჯომში და ბახმაროში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ სწორედ საქართველოში გაატარონ უმეტესი დრო ზაფხულში. ჩვენი ფავორიტი კურორტი არის ბახმარო, სადაც ივლისის ბოლოს 3 კვირით მივდივართ. სოფლის პროდუქტები, ცხენებით ჯირითი, ტყეში სეირნობა, საღამოს კოცონზე სიმინდის შეწვა და ქართული სიმღერები, ეს არის ის, რაც ჩემს შვილებს ძალიან უყვართ. შემოდგომაზე, თუ სკოლა გვაძლევს ამის საშუალებას კახეთში ჩავდივართ. ასევე უყვართ სამტრედიაში წასვლა ბებიასთან და ბაბუასთან, სწორედ ეს არის ჩემთვის ის, რასაც ბავშვობის დაუვიწყარი დღეები ჰქვია. წელს პირველად ვიყავით ყაზბეგში, აღფრთოვანებული დავრჩი ბუნებით და მომსახურებით.

- რატომ არის, თქვენი აზრით, საქართველოში დასვენება პრიორიტეტული?

- საქართველოს განსაკუთრებული ხიბლი აქვს. პირადად ჩემთვის ის მნიშვნელოვანია ჰავით, ბუნებითა და ხალხით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან ისე ვგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ ოჯახში. ხალხი არის განსაკუთრებით ტკბილი. მომსახურების სფეროს რაც შეეხება, ვფიქრობ, ბოლო წლებში ძალიან განვითარდა. ეს კონკურენციის დამსახურებაც არის. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში 7 დღე იტალიაშიც დამყავს ბავშვები, გული მაინც საქართველოსკენ აქვთ. სანამ მეოთხე შვილი მეყოლებოდა, დაგეგმილი გვქონდა შატილის, სვანეთისა და თუშეთის დათვალიერება შვილებთან ერთად, მაგრამ ეს მომავალი წლისთვის გადავდე. უამრავი ლამაზი ადგილია საქართველოში, რომელიც არ მაქვს ნანახი და ვაპირებ მომავალი წლიდან, ჩემს ბიჭებთან ერთად ვიმოგზაურო იმ ჯადოსნურ ადგილებში, რომლითაც ჩემი ქვეყანა არის დაჯილდოვებული.

სალომე ბაკურაძე, მომღერალი:

- ჩემთვის საქართველოში დასვენებას ბევრი პრიორიტეტი აქვს, პირველი არის ის, რომ ახლოს ვარ ჩემებთან, სახლთან და თუ კონცერტი მექნება, ნებისმიერ დროს შემიძლია დავისვენო და თან საქმეც გავაკეთო. ბოლოს მხოლოდ დასასვენებლად, როდის ვიყავი წასული აღარც მახსოვს. მას შემდეგ, რაც შვილი მყავს, ზამთარში და ზაფხულში ბაკურიანში ვუშვებ დასასვენებლად. რადგან ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ზაფხულში სიგრილეც არის. წელს უკვე იყო ბაკურიანში და ვფიქრობ შოვში წავიყვან და ზღვაზე აუცილებლად.

"ბოლო დროს საქართველოში დასვენება ტრენდული გახდა, რაც ძალიან მახარებს"

ამას ალბათ ისიც უწყობს ხელს, რომ ბევრი კარგი სასტუმრო გაიხსნა, ბევრი ახალი ადგილის პოპულარიზაცია მოხდა, რაც აქამდე არ ვიცოდით. ოცნებად მექცა ბახმაროში დასვენება, მომწონს ფოტოებს როცა ვხედავ, თუ ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული არის, აუცილებლად დავისვენებთ იქაც. მოკლედ წელს, ბავშვს აუცილებლად წავიყვან შოვში, რადგან სამმაგ ალპურ ზონაშია, რაც სასარგებლოა ბრონჰებისთვის. შემდეგ კი ბათუმში დავისვენებთ.

- შენ როგორ დასვენებას ანიჭებ უპიარეტსობას?

- ერთ კვირაში ნებისმიერი ადგილი მბეზრდება, ისე აქტიურ დასვენებას ვანიჭებ უპირატესობას, სიმშვიდე არ შემიძლია. შესაძლოა, წელს ურეკშიც წავიყვანო ბავშვი, ვნახოთ... წელს განსაკუთრებით პრიორიტეტულია საქართველოში დასვენება ნებისმიერი ადამიანისთვის რამდენად შეუწყობს ეს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, არ ვიცი, მაგრამ მცირე წვლილის შეტანაც კარგია.

ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი:

- მე ყოველ ზაფხულს საქართველოში ვისვენებ, ამაყი ვარ, რომ ვარ ამ ქვეყნის შვილი. ეს ჩემი უძვირფასესი სამშობლოა. შეუფასაბელი, ერთადერთი და განუმეორებელი! აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია! საქართველო მისი უდიდესი ისტორიით უნიკალური ქვეყანა. ესაა ქვეყანა, სადაც შეგიძლია დაისვენო და ისეთი საოცრებები ნახო, რასაც სხვაგან ვერ ნახავ. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი ბუნებრივი სილამაზე იშვიათად, თუ შემხვედრია სადმე.

"ბევრ ქვეყანაში, ძალიან ხშირად, უფრო ხელოვნურად ქმნიან იმას, რაც ჩვენ ბუნებრივად და ნატურალურად გვაქვს!"

- რომელ კურორტებზე ისვენებთ?

- გამორიცხულია, ყოველ წელიწადს არ წავიდე და რამდენიმე დღე არ გავატარო ბაკურიანში. როცა თბილისში ცხელა, ბაკურიანი არის იდეალური ადგილი, სადაც სიგრილეა, განსაკუთრებულად სუფთა ჰაერია, რაც სასარგებლოა და თან შეგიძლია ულამაზესი მთები, ტყეები, ტბები, ჩანჩქერები, მდინარეები მოიარო და უძველესი ტაძრები ნახო. ზოგადად, ბორჯომის ხეობა ულამაზესია და აქაა ბორჯომის მინერალური წყალი, რომელიც ძალიან სასარგებლოა.

მიყვარს ბათუმი, სადაც რამდენიმე წლის წინ, პატარა ბინაც კი შევიძინე. მის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია ჩემთვის. ცოტა ხნის წინ ვიყავი რაჭაში, კონცერტი გვქონდა და გზაში რამდენჯერმე გავაჩერეთ მანქანა, წარმოუდგენლად ლამაზი ადგილები ვნახეთ. ბუნებაც თითქოს მისტიკურიაო, რომ უყურებ, რაღაცნაირად გატყვევებს სილამაზე. ჩემზე ასევე, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მესტიამ, იმის გამო, რომ გარშემო ყველაფერი ულამაზესია, მთელი დღე ვიყავით გზაში, სურათებს ვიღებდით, აღფრთოვანებული ვიყავი. მესტიის გზაზე როცა მიდიხარ, გარშემო ულამაზესი ბუნება, ტბები, ჩანჩქერები და სანახაობებია. ულამაზესია კახეთიც, იმერეთიც, გურიაც, ქართლიც, სამეგრელოც, ზემო მთიანი აჭარაც, ასევე აფხაზეთი, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ფოტოების მეშვეობით მაქვს ნანახი. საქართველოში ნებისმიერი კუთხე არის უნიკალური მისი კულტურით და ტრადიციით. ძალიან მიყვარს ბათუმი. ისეთი ქალაქია, არც ერთ ევროპულ, კარგად განვითარებულ საზღვაო ქალაქს არ ჩამოუვარდება! ძალიან თბილი ქალაქია. საქართველოში, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველა მხარე ლამაზია, რატომ უნდა წავიდეთ სხვა ქვეყანაში დასასვენებლად, როცა ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში გვაქვს?

ჩემი ნატვრაა, ბახმარო ვნახო, ყოველ ზაფხულს ვგეგმავ და ჩემი გეგმები ხშირად მეცვლება, გამომდინარე ჩემი პროფესიიდან და კონცერტებიდან და ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელი. იმედი მაქვს, მალე აფხაზეთში და სამაჩაბლოში დასვენების საშუალებაც გვექნება. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, არის ის, რომ ნაკლებად არის გათვალისწინებული, ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა ასეთ კურორტებზე, ვისურვებდი, ცოტა დაწიონ ფასები ტაქსებმა, რესტორნებმა, რა თქმა უნდა ისე, რომ ბიზნესს ხელი არ შეეშალოს.

შეუდარებელი ქვეყანა გვაქვს ბუნებისა და ლანდშაფტის თვალსაზრისით, იმედი მაქვს დალაგდება ყველაფერი და რუსეთი მიხვდება, რომ გათიშე და იბატონეს პრინციპით, ჩვენთან ურთიერთობა არ გამოუვა. 21-ე საუკუნეში, როცა ნატრობ, რომ საბჭოთა კავშირში იყო, მარაზმია. პუტინი და მთელი მისი მმართველობა არის დამპყრობლური და იმპერიალისტური. როცა პოსტები დავდე სოციალურ ქსელში, ბევრმა რუსმა მომწერა, მითხრეს, ჩვენ რა შუაში ვართ, თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასაც ვაღიარებთ და გისმენთ კიდეც და გვიყვარს საქართველოვო. სთორებსაც დებდნენ, მიგვიღეთ, როგორც მეგობრები პოლიტიკის გარეშეო, მაგრამ ასეთი მეგობრობა ცოტა მაკვირვებს. თუ მეგობრობა გინდა, შეგიძლია ხმა ამოიღო და პუტინს უთხრა, რომ საქართველოსთან მეგობრობა გინდა და ნუ აფუჭებს საქმეს. მინდა ეს ისევე უთხრან პუტინს, როგორც ჩვენ ვუთხარით არა, როდესაც რუსი დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაგვისვეს. ადრე, როცა პარლამენტები და ასეთი ინსტიტუტები არ არსებობდა, მტერი შეიჭრებოდა ქალაქებში, ციხეებში, სადაც თავის დროშას აღმართავდა იმის ნიშნად, რომ იქაურობა დაიპყრო და აიღო, სწორედ ასეთი ასოციაცია გამიჩნდა, როდესაც გავრილოვი დავინახე პარლამენტში. ჩვენს ქვეყანაში ეს არავის გაუვა, ქართველი ხალხი დინჯია, აკვირდება და როცა ხედავს, რომ რაღაც არასწორად ვითარდება და, მით უმეტეს, სამშობლოს ეხება საკითხი, ვეღარ გააჩერებ. ქართველი ხალხის დამონება წარმოუდგენელია, ვამაყობ ჩემი ხალხით და მათი თავისუფლების წყურვილით. სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი გული ჩემი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის ცემს. მინდა გაერთიანებული ვიხილო ჩემი საქართველო. ნებისმიერ ადამიანს შევეჯიბრები ქვეყნის სიყვარულში და პატრიოტიზმში, ასეა ყველა ქართველი და ამაზე იდეალური არაფერი არ არის, როცა ასე გიყვარს შენი ქვეყანა!

ნინო ჩხეიძე, მომღერალი:

- მე ბოლო სამი წელია ბორჯომში ვისვენებ შვილთან, მარიკოსთან ერთად. ჯანსაღი ჰაერი, სამკურნალო წყლები, სწორი კვება და მასაჟი ძალიან მომწონს. სანატორიუმში დავდივართ, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი, კომფორტული დასვენებისთვის და გაჯანსაღებისთვის. მივლიან, მაწკრიალებენ და ახალი ძალებით მიშვებენ.

- ძვირი არ არის ეს მომსახურება?

- პირიქით, შვეიცარიაში ეს მომსახურება ერთი კვირა 10 000 დოლარი ღირს, კვებით, დეტოქს პროგრამით და ანალიზებით, ჩვენთან ათჯერ უფრო ნაკლები ღირს. თან ბუნებრივი სამკურნალო წყლებია და ულამაზესია იქაურობა. წელსაც, ტრადიციულად, აგვისტოში წავალ ბორჯომში დასასვენებლად, ასევე, მინდა ყაზბეგშიც დავისვენო.

ოთო ფოლადაშვილი, მოცეკვავე:

- ჩვენი ქვეყანა ისე მიყვარს და ისეთი ლამაზია, ყველგან მის პოპულარიზაციას ვეწევი. ამ პატარა ქვეყანაში შეგიძლია დაისვენო, როგორც ზღვაზე, ასევე მთაში. უფრო მეტიც შეგიძლია ზღვიდან მთაში ახვიდე და პირიქით. ისეთი მრავალფეროვანია საქართველო, მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს. თავისუფალ დროს, საზღვარგარეთ დასვენებას, აქ დასვენება მირჩევნია, ყოველთვის ვისვენებ ბათუმში და ყაზბეგში. ასევე, მიყვარს თხილამურებით და სნოუბორდით სრიალი, ამიტომ გუდაურს და ბაკურიანსაც ხშირად ვსტუმრობ.

"ზუსტად ესაა ჩვენი ქვეყნის უნიკალურობა, რომ ნებისმიერ სეზონზე შეგიძლია აქ დაისვენო"

თითქმის ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ, ბახმაროში, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში და ა.შ. ვერ წარმოიდგენთ რა სილამაზეა.

- ინფრასტრუქტურულად რამდენად გამართულია ჩვენი კურორტები უცხოელი ტურისტებითვის და არამხოლოდ მათთვის?

- რა თქმა უნდა, მოწესრიგებულია. მე როცა მხვდებიან უცხოელი ტურისტები, ვესაუბრები მათ და კმაყოფილები არიან ამ კუთხითაც. აეროპორტში მოხვედრისთანავე სხვა სამყაროში ხვდებიან და ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ ლამაზია საქართველო, ჩვენი ხალხიც და სამზარეულოც უყვართ.

სალომე კორკოტაშვილი, მომღერალი:

- რა თქმა უნდა მიყვარს საქართველოში დასვენება. ლამაზია ჩვენი ქვეყანა, მაგრამ მთიანი კურორტებიდან გამოვყოფ რაჭას და სვანეთს, რაც შეეხება ზღვისპირა რეგიონს, გონიო და კვარიათი მიყვარს. ჩემი უცხოელი მეგობრები როდესაც ჩამოდიან საქართველოში, მათთან ერთად დასვენება მიყვარს, ადგილობრივ ხალხს როცა ვესაუბრები, ძალიან მომწონს და ისე შევდივარ როლში, ვეღარ გამოვდივარ. საქართველოს აქვს შანსი ყველაზე მაგარი ქვეყანა გახდეს, ამისთვის უფრო მეტად უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი, არ შეიძლება ამდენი ჩხუბი, ვინც მოვიდა მთავრობაში, ყველა თავის თავზე და ნათესავებზე ფიქრობს და ასე არ შეიძლება. ის ხალხიც უნდა დაფასდეს, ვინც შრომობს და ასე ემსახურება საკუთარ ქვეყანას.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს