ავტორი:

ორი აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნეს - "ერთის ნაცვლად გამოცდაზე სხვა პირი ცდილობდა შესვლას, მეორეს მობილური მალულად შეჰქონდა"

ორი აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნეს - "ერთის ნაცვლად გამოცდაზე სხვა პირი ცდილობდა შესვლას, მეორეს მობილური მალულად შეჰქონდა"

თბილისში ორი აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განუცხადა, ერთ შემთხვევაში აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე შესვლას სხვა პირი ცდილობდა, ხოლო მეორე შემთხვევაში, აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრში მობილური ტელეფონი მალულად შეჰქონდა.

"იყო ერთი შემთხვევა, როდესაც მობილურის მალვით შეტანის გამო, თბილისში აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან. კიდევ ერთხელ გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, რომ დამხმარე მასალის, მობილურის თუ სხვა ნივთების შეტანას აზრი არ აქვს, მით უმეტეს ქართულის გამოცდაზე არ ჰქონდა. გამოცდა ისეა აწყობილი, რომ აქ დამხმარე მასალა ადამიანს არ შველის. გარდა ამისა, ასევე თბილისში იყო, სამწუხაროდ, ერთი შემთხვევა, როდესაც სხვა პირი ცდილობდა აბიტურიენტის ნაცვლად შესულიყო და დაეწერა გამოცდა. ასეთ შემთხვევებს ჩვენ ძალიან მარტივად ვავლენთ და ამ ადამიანის ქმედებაზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო აბიტურიენტი, ვის ნაცვლადაც ის ცდილობდა ტესტის დაწერას, მოხსნილია გამოცდიდან. ეს ქმედება დასჯადია. ვაფრთხილებთ აბიტურიენტებს, რომ ნუ ჩაიგდებენ თავს და სხვებსაც ნუ ჩააგდებენ ასეთ ცუდ მდგომარეობაში", - განაცხადა გორგოძემ.

მისივე ინფორმაციით, ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდაზე, ჯამში რეგისტრირებული აბიტურიენტების 4% არ გამოცხადდა. როგორც გორგოძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე აბიტურიენტების მხრიდან საჩივრები დაწერილი არ არის.

"დასრულდა ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდა. ჯამში, ორივე დღეს, გამოცდაზე აბიტურიენტების 96% გამოცხადდა, რაც ვფიქრობ, კარგი მაჩვენებელია. პროცესი წარიმართა მშვიდ ვითარებაში, დადებითად. აბიტურიენტები ძირითადად ყველანი კმაყოფილები იყვნენ იმ გარემოთი, რაც ადგილზე დახვდათ. არცერთი საჩივარი არ არის ამ ეტაპზე შემოსული აბიტურიენტების მხრიდან. რაც შეეხება დაგვიანებებს, სტატისტიკა შემცირებულია. ორი შემთხვევა იყო გუშინ და ორი შემთხვევა დღეს“, - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

გორგოძის თქმით, გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ნაწილი, რომლებსაც თავადაც ესაუბრა, აცხადებენ, რომ მათ ტესტის წერა არ გასჭირვებიათ.

რაც შეეხება ექიმთან მიმართვიანობას, როგორც გორგოძე განმარტავს, ძირითადად ეს არის ღელვით გამოწვეული ჩივილები, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და აბიტურიენტის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

"რაც შეეხება სასწრაფოს გამოყენებას, საბედნიეროდ, ამის ერთეული შემთხვევები გვაქვს. ძირითადად, ვისთვისაც სასწრაფოს ჩარევა გახდა საჭირო, წინასწარ ვიცოდით, ეს იყო გამოცდამდე გაკეთებული ოპერაციების გამო. როგორც ვიცით, ერთ-ერთმა აბიტურიენტმა თითქმის დაასრულა ნაშრომი და მერე მოხდა მისი ჰოსპიტალიზება. თუმცა, როგორც ვიცი, ყველა აბიტურიენტი, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გორში 30 შემთხვევა იყო სასწრაფოს მიმართვის, ეს არ არის სწორი. ყველა საგამოცდო ცენტრში არის სამედიცინო პუნქტი და აბიტურიენტებს შეუძლიათ მიმართონ, შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ კი დაუბრუნდნენ საგამოცდო პროცესს. სასწრაფოსთვის მიმართვა ეს არ ყოფილა, იყო ექიმთან მიმართვა უმნიშვნელო ჩივილებით“, - განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ