ავტორი:

"ყველაზე საინტერესო ეტაპი ახლა იწყება" - რა ხდება "სამზარეულოს ომების" კულუარებში

"ყველაზე საინტერესო ეტაპი ახლა იწყება" - რა ხდება "სამზარეულოს ომების" კულუარებში

"სამზარეულოს ომები" - ეს "ფორმულა კრეატივის" ორიგინალური ფორმატია, რომელიც "რუსთავი 2"-სთვის შეიქმნა. კულინარიული შოუს უკვე სამი ეპიზოდი ნახა მაყურებელმა. AMBEBI.GE პერიოდულად „სამზარეულოს ომების“ მონაწილეებს ახლოს გაცნობთ, ამჯერად კი გადაცემის შემქმნელებს გავესაუბრეთ და დავინტერესდით, რას გვპირდება უახლოეს მომავალში შოუ და როგორ განვითარდება მოვლენები.

თათუკა ნარტყოშვილი, შოუს მთავარი პროდიუსერი:

"სატელევიზიო რეიტინგების გათვალისწინებით, ნომერი პირველი კულინარიული პროექტია, რაც ძალიან გვახარებს, ე.ი. ნამდვილად გემრიელი შოუ გამოგვივიდა! პირველ რიგში, გვეამაყება ჩვენი კონკურსანტები, ის 16 გუნდი, რომელიც შოუს პირველ ეტაპზე შევარჩიეთ. მაყურებელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ყველა გუნდი გამორჩეულია.

შევეცადეთ, მაყურებლისთვის გაგვეცნო წარმატებული და საინტერესო ადამიანები, ცხოვრების სხვადასხვანაირი წესით, რომლებმაც კულინარია მათი ცხოვრების ნაწილად აქციეს და ძალიან კარგად გამოსდით.

ჟიურის დაკომპლექტებისას ასეთი ფორმულა მოვიფიქრეთ: 2 სუპერპროფესიონალი შეფი და 1 გურმანი. ვფიქრობთ, რომ ასე უფრო სწორია და სამართლიანი. შეფების თვალს, ყურს და გემოს რეცეპტორებს არ გამოეპარებათ არაფერი, მათ შორის, არც ტექნოლოგია და შესრულების დროს დაშვებული შეცდომები, გურმანისთვის კი მთავარი გემოა. საბოლოო ჯამში, მსოფლიოს ყველა შეფის შემოქმედებას გურმანები ანუ რესტორნების მომხმარებლები აფასებენ, ამიტომ, ვთვლით, რომ იდეალური ბალანსი გვაქვს.

ქასთინგის პარალელურად, ფოკუსჯგუფები გვყავდა და ჟიურის დაკომპლექტებისას სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი: ვის ენდობოდა აქ მოსული კონკურსანტი და ჩვენი მაყურებელი. ნიკა გვარამიას, როგორც გურმანს, „რუსთავი 2“-ის მაყურებელი კარგად იცნობს და ენდობა, ჟიურის წევრობასთან ერთად, ნიკა გადაცემის წამყვანობასაც ითავსებს.

შეფ გურამ ბაღდოშვილს აქვს უზარმაზარი ავტორიტეტი და რაც მთავარია, ძალიან უყვართ. ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამორჩეული სატელევიზიო სახეა, განსაკუთრებული ქარიზმით, არტისტიზმით და გამოცდილებით, არაერთი აღიარებით. წელს ფრანგული კულინარიული გზამკვლევის წლის შეფი გახდა.

მიშა ავსაჯანიშვილი - ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა ქართველი შეფი, რომელსაც აქვს უზარმაზარი ცოდნა და თავისი საქმის სიყვარული. ალბათ ამიტომაც აღწევს მწვერვალებს, წარმოიდგინეთ, 36 წლის ასაკში 12 რესტორნის ბრენდშეფია კიევში და ქართულ სამზარეულოს საუკეთესო კუთხით აცნობს იქაურ მომხმარებელს. არის არაერთი კულინარიული კონკურსის მსაჯი და ჟიური.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამხელა კომპეტენციის ჟიურით ქართული კულინარიული შოუები განებივრებული არ არის.

- შოუში კონკურსანტებმა ამ მცირე დროის მანძილზე, არც ისე მარტივი გზა განვლეს და როგორც ვიცი, მათთვის დავალებები კიდევ უფრო რთულდება. კონკრეტულად რა არის მოსალოდნელი?

- შემთხვევითი არ არის, რომ გადაცემას „სამზარეულოს ომები“ ჰქვია. 3 კვირის განმავლობაში მაყურებელმა ნახა შერჩევის და გადარჩევის ეტაპი და ახლა უკვე გვყავს 8 მეოთხედფინალისტი გუნდი, დამსახურებული წითელი კიტელებით.

ყველაზე საინტერესო ეტაპი ახლა, მეოთხედფინალებიდან იწყება, რადგან დავალებები ძალიან რთულდება და არა ერთი, არამედ სამტურიანი მეოთხედფინალები გვაქვს და თითო ტურში დავალებას ჟიურის თითო წევრი იძლევა.

ყველაფერს, რა თქმა უნდა, არ გაგიმხელთ, მაგრამ გეტყვით, რომ ერთ-ერთ ტურად ქართული სამზარეულო ავირჩიეთ და ჟიურიც და ჩვენც, შემოქმედებითი ჯგუფიც ახალი აღმოჩენების მომსწრეები გავხდით. ზოგიერთი კერძის სახელი მე მაგალითად, გაგონილიც არ მქონდა (მაგალითად, თუშყაფათი) და ვფიქრობთ, რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება.

ასევე გვაქვს „შავი ყუთი“ - ძალიან ექსტრემალური ტური, სადაც მონაწილეების კრეატიულობას და სტრესში გუნდურად მუშაობის უნარს გამოვცდით.

რაც უფრო მეტ ეტაპს გავდივართ, მით მეტ უნარებს აჩვენებენ კონკურსანტები. სამზარეულოს ომებში ბრძოლა ნამდვილად ღირს, რადგან პირველად კულინარიული შოუების ისტორიაში გვაქვს უპრეცედენტო პრიზი "მეგა ქონსთრაქშენისგან" - გამარჯვებული გუნდის ორივე წევრი საჩუქრად თითო ბინას მიიღებს!

ცხელი და გემრიელი ზაფხული გველოდება, წინ მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალია, ასე რომ, ყოველ ორშაბათს, 22:00-ზე მთავარ არხზე, გვიყურეთ".

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს