ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შსს-ს მიმართავს. მისი ინფორმაციით, "რუსთავი 2"-თან უკიდურესაც დაძაბული ვითარებაა, ხოლო ადგილზე პოლიცია კრიტიკულად მცირეა.
"მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
სიტუაცია ჩვენი არხის წინ უკიდურესად დაძაბულია. ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება. პოლიციის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და თუ აგრესიულმა ადამიანებმა მიიღეს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას.
ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ და საქართველოს მთელ ხელისუფლებას" - წერს გვარამია.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საპროტესტო აქცია ხმაურით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი არხის გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა.
„არანაირი უფლება არ გაქვთ, ქართველი ხალხის სახელით გამოხვიდეთ. თქვენ ხართ პროვოკატორები“, - მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს.
ამასთან, როგორც ტელეკომპანიასთან შეკრებილები აცხადებენ, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიასთვის უფლებამოსილების მხოლოდ ორი თვით შეწყვეტა საკმარისი არ არის და ამით არხის ხელმძღვანელობა საზოგადოების მოტყუებას ცდილობს.