ავტორი:

"არ ვართ "რუსეთუმეები", აქ ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამოვედით" - რას ამბობენ რუსეთში მცხოვრები ქართველები ბოლოდროინდელ მოვლენებზე

"არ ვართ "რუსეთუმეები", აქ ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამოვედით" - რას ამბობენ რუსეთში მცხოვრები ქართველები ბოლოდროინდელ მოვლენებზე

ბოლო პერიოდში, რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, რომელიც თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა, ასახვა ჰპოვა იქ მცხოვრებ ქართულ დიასპორაზე.

ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ იმ დღეებში, რუსები საქართველოს მიმართ სოლიდარულებიც კი იყვნენ თუმცა, რამდენიმე დღის წინ გიორგი გაბუნიას მონოლოგმა, რომელშიც მან რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა, ქართველების მიმართ ლოიალურად განწყობილ რუსებშიც კი, მწვავე რეაქცია გამოიწვია...

აი, რას ჰყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები AMBEBI.GE-სთან საუბარში.

მზეკო ლოგუა, რუსეთში მცხოვრები ქართველი:

- ეს დღეები ტელევიზორს ვერ ვრთავ, ისეთი ანტიქართული კამპანიაა აგორებული... 15 წელია მოსკოვში ვცხოვრობ და ერთ-ერთ საბუღალტრო კომპანიაში ვმუშაობ. პუტინი ჩემს გარშემო არავის უყვარს, მეტიც - სძულთ, იმ უსასრულო ჭაობის გამო, რომელშიც ცხოვრობენ, მაგრამ თავიანთ ენაზე, ცუდი აქცენტით, თუნდაც უვარგისი პრეზიდენტისთვის გინებამ, რუსები მაინც აღაშფოთა...

მეკითხებოდნენ - რა უნდოდა, რაში დასჭირდა ასეთი გამოსვლა ქართველ ჟურნალისტსო?! სხვებმა მითხრეს - ჟირინოვსკი გვყავს, რომელიც სიკვდილამდე სისულელეებს ილაპარაკებს, მაგრამ სისულელეებში იმასაც გადაასწროო...

პირველი-ორი დღე ძალიან დაძაბული იყო, რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადება - გაბუნია გადმოგვცენ და გავასამართლოთო, მოეწონათ (იდეა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადაციასთან და გასამართლებასთან დაკავშირებით რუსეთის დუმის დეპუტატს, ქვედა პალატის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინს ეკუთვნის) არ უნდა შერჩესო, ამბობდნენ...

პუტინის განცხადების შემდეგ, ცოტათი ჩაცხრა აგრესია, ამით პუტინმა მოსახლეობაში პლუსი დაიწერა, რადგან ვითომ ამ ყველაფერზე მაღლა დადგა და ღირსეულად მოიქცა... ბევრმა, მის გამოსვლას, რა თქმა უნდა, “კაგებეშნიკური დიპლომატიაც” უწოდა, მაგრამ მასა, გარკვეული ნაწილი, ამის შემდეგ ქედმაღლურად გვიყურებს - “ვოტ ტაკოი ონ, ნაშ პრეზიდენტ” ამბობენ...

სხვათა შორის, არიან ისეთებიც, ვინც გიორგი გაბუნია შეაქო: აქ ვინც მის საწინააღმდეგოს ამბობს, ფიზიკურად უსწორდებიან და სხვა ქვეყნიდან მაინც შეაგინონო...

- პუტინისეული საქართველოს ისტორიის სჯერათ?

- აქ პროპაგანდა ძალიან ძლიერია და მასას, რომელიც ცენტრალური ტელევიზიით ”იკვებება”, ყველაფრის სჯერა - რუსეთი ყველას ეხმარება, მათ შორის სირიელ ხალხს, თურქებს, ქართველებს, სომხებს, აფხაზებს, მაგრამ ბევრი არ უფასებსო, ამბობენ. ამ კატეგორიასთან კამათი არც ღირს...

თუმცა, საბედნიეროდ, არიან ისეთებიც, ვინც არართხელ ყოფილა საქართველოში და პირდაპირ ამბობენ - მე ქართველებისგან პატივისცემის მეტი არაფერი მახსოვს და აუცილებლად ჩავალო.

ნანა, ემიგრანტი:

- გასაგებია, რომ გაბუნია და კიდევ ბევრი, აქ მცხოვრებ ქართველებსა და მათი ოჯახების ბედზე არ დარდობს, მაგრამ ხომ შეიძლება თავიანთი გამოსვლებით ხელი არ შეგვიშალონ?! მე საბუთები მოწესრიგებული მაქვს, მაგრამ ათასობით ადამიანია, ვინც არალეგალურად მუშაობს და ყოველდღიურ შიშშია... აქ კარგი ცხოვრების გამო არ ჩამოსულან და ამ დღეებში ძალიან დიდი სტრესის გადატანა მოუხდათ.

ყველა 2006 წელს იხსენებდა - სატვირთო თვითმფრინავით რომ გაუშვეს საქართველოში, ადამიანებს ქუჩაში რომ იჭერდნენ და “კაპეზეში” ყრიდნენ, მაშინ ერთმა ქალმა ვერ გაუძლო და დაიღუპა... ეს გვინდა ისევ? პუტინის “შემწყნარებლური” სიტყვები არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დალაგდა, არავინ იცის, რა მოხდება ხვალ-ზეგ და როგორ გამოიყენებენ ამას ჩვენს წინააღმდეგ. ცხოვრების მშვიდად გაგრძელების საფუძველი არ გვაქვს.

არ ვართ "რუსეთუმეები" და არც "პუტინმადიდებლები", არც აქ ყოფნა გვიხარია, აქ ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამოვედით, მე და ჩემი და - ქუჩაში ვდგავართ, მინუს 25 გრადუსში და ყვავილებით ვვაჭრობთ

მე ქმარი წლების წინ დამეღუპა და აქედან ვარჩენ ჩემს შვილებს და არა მხოლოდ მათ... როგორც კი საშუალება მომეცემა, რაღაც თანხას დავაგროვებთ და აუცილებლად დავბრუნებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან მუდმივად გვეუბნებიან - არ მიქაროთ, არასტაბილური გარემოა, კაცმა არ იცის, ხვალ რა მოხდება და ისე არ მოხდეს შემოსავალიც დაკარგოთო...

ია ბუბუტეიშვილი, ემიგრანტი:

- ამას წინათ, პოლიციამ გაგვაჩერა, საბუთები შეგვიმოწმა. ერთ-ერთ ჩენგანს რაღაც არ ჰქონდა წესრიგში, მაგრამ მაინც მშვიდობით დავშორდით, თან გაგვაფრთხილეს - “სკინჰედები” არიან გააქტიურებული, კავკასიელებზე დაუნდობლები ხდებიან და მოერიდეთო. ამ დღეებში სანკტ-პეტერბურგში დაუჭრიათ უზბეკი გოგო-ბიჭი...

პოლიცია პირდაპირ ამბობს: ვერ ვაკონტროლებთო. "სკინჰედები" ძირითადად მეტროებში დადიან შეძახილით - “მხოლოდ თეთრები ვაგონში” და არასლავური გარეგნობის ადამიანებს პირდაპირ თავს ესხმიან. პატარები არიან, თინეიჯერები, მაგრამ ძალიან საშიშები და სასტიკები... მათი რუსებსაც კი ეშინიათ.

ვიცი, ქართული საზოგადოების ნაწილი რუსებს ბრბოს ეწოდებს და არც თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ მათ შორისაც არიან ნორმალურები, რომლებიც მუდმივად ჭაობში ცხოვრებით დაიღალნენ, მაგრამ ვერაფერს ცვლიან.

კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვები ხვალ გახდება ცნობილი - "მიზანია, არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ მისი დროული შეჩერება"

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტნიუსი"