ავტორი:

ქუთაისში მასწავლებელი, რომელსაც საგამოცდო ცენტრი აერია, გამოცდაზე პატრულმა მიიყვანა

ქუთაისში მასწავლებელი, რომელსაც საგამოცდო ცენტრი აერია, გამოცდაზე პატრულმა მიიყვანა

10 ივლისს პედაგოგების გამოცდები დაიწყო. მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 21 ივლისამდე გრძელდება. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10-11 ივლისს, გამოცდის სამივე სესიაზე დაგვიანების 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოცდაზე დაგვიანებას პატრულის წყალობით გადაურჩა იმერელი პედაგოგი, რომელმაც ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში რეგისტრაციის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მიასწრო მისვლა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ AMBEBI.GE-ს უამბო, რომ პედაგოგ ქალს სკოლები აერია, რის გამოც დახმარებისთვის საპატრულო პოლიციას მიმართა:

"ერთ-ერთი აპლიკანტი პედაგოგი ქუთაისში, კერძოდ, 41-ე საჯარო სკოლაში მდებარე საგამოცდო ცენტრში იყო განაწილებული, ამის ნაცვლად კი, შეცდომით პირველ საჯარო სკოლაში მივიდა. გამოცდის დაწყებამდე 10-12 წუთი იყო დარჩენილი. რეგისტრატორმა მას განუმარტა, რომ სკოლა შეეშალა, რაზეც რა თქმა უნდა, პედაგოგი ძალიან აღელდა, რადგან გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში აღარ დაიშვებოდა.

შეწუხდა ყველა გარშემომყოფი ადამიანი. საგამოცდო ცენტრთან ახლოს ყოველთვის არის საპატრულო ეკიპაჟი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან ერთად. დახმარებისთვის პატრულ ინსპექტორებს მიმართეს, რომლებმაც მორიგე ეკიპაჟი გამოიძახეს, რომ ეს ქალბატონი თავის საგამოცდო ცენტრამდე დროულად მიეყვანათ.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მასწავლებელი 41-ე საჯარო სკოლაში წაიყვანა. ნამდვილად გაუმართლა ქალბატონს, რადგან საგამოცდო ცენტრში რომ მივიდა, რეგისტრაციის დასრულებამდე 4 წუთი იყო დარჩენილი. მოასწრო, გაიარა რეგისტრაცია და საგამოცდო ტესტებიც დაწერა.

იმედი მაქვს, რომ საგამოცდო განწყობა თავიდანვე კარგი ჰქონდა და კარგი შედეგები ექნება. წარმატებებს ვუსურვებ! ასეთი შემთხვევების დროს თითოეული ადამიანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია" - გვითხრა მაია გაბუნიამ.

AMBEBI.GE-მ ასევე გაარკვია, ვინ არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებმაც პედაგოგი გამოცდის ჩაუბარებლობას გადაარჩინეს. საგამოცდო ცენტრთან მორიგე ეკიპაჟის წევრები არიან: პოლიციის ლეიტენანტი ილია ბუცხრიკიძე და პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დავით ალფაიძე. პოლიციის კაპიტანი გიორგი სირაძე და პოლიციის ლეიტენანტი ბექა ბრეგვაძე კი ის პატრულები არიან, რომლებმაც მასწავლებელი გამოცდაზე 41-ე სკოლაში მიიყვანეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი