ავტორი:

"ერთი ის მახსოვს რომ ვკითხე: ბეჭედს არ მიკეთებ-მეთქი?" - "მის საქართველო" ნია წივწივაძეს შეყვარებულმა ხელი იახტაზე სთხოვა

"ერთი ის მახსოვს რომ ვკითხე: ბეჭედს არ მიკეთებ-მეთქი?" - "მის საქართველო" ნია წივწივაძეს შეყვარებულმა ხელი იახტაზე სთხოვა

"მის საქართველო 2017" ნია წივწივაძე დაინიშნა. მას რჩეულმა, "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა ნიკუშა ჭანტურიამ ხელი ბათუმში, პირდაპირ იახტაზე სთხოვა. თავის ემოციებზე მოდელი AMBEBI.GE-ს უამბობს:

"გადაღებაზე მივდიოდი ბათუმში, ხუთშაბათ დღეს იყო დაგეგმილი. როცა ეს ჩემს სამეგობროში ვთქვი, გოგონებმაც და ნიკუშამაც მითხრეს, რომ ბარემ პარასკევი და შაბათ-კვირაც დავრჩეთო. მე ვმუშაობ და სხვა დროს ვერც მოვახერხებდით, ამიტომ ვინც მოახერხა იმ პერიოდში წამოსვლა, წავედით ბათუმში, გასართობად და დასასვენებლად... თურმე, წინასწარ იყო დაგეგმილი და მომზადებული ხელის თხოვნა.

- მოულოდნელი იყო შენთვის, საერთოდ არ გიეჭვია?

- როდესაც დეკემბერში "მის მსოფლიოდან" ჩამოვედი, ნიკუშამ სიურპრიზი გამიკეთა და ჩვენთვის სახლი იყიდა. ჯერ მშენებლობის პროცესშია და ვგეგმავდით სახლის დასრულების შემდეგ, შესაბამისად არც ველოდი, რომ ახლა და ასე ორიგინალურად მთხოვდა ხელს. ვერც იმას მივხვდი, რომ ჩვენი მეგობრებიც სპეციალურად წამომყვნენ ბათუმში გადაღებაზე.

- რატომ აარჩია მაინცდამაინც ბათუმი?

- მართალია, ერთმანეთი დინამოს სტადიონზე გავიცანით, საერთო მეგობრისგან, მაგრამ ჩვენი სიყვარულის ისტორია ბათუმში იწყება, იმიტომ რომ ნიკუშამ 4 წლის წინ ზუსტად ბათუმში ჩამომაკითხა, სადაც მეგობრებთან ერთად ვიყავი. თან ზღვა და ბათუმი ძალიან მიყვარს და იცის, რომ ეს ქალაქი ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებულია...

- როგორ გთხოვა ხელი და როგორი იყო შენი რეაქცია?

- გადავწყვიტეთ, რომ ყველას ერთად იახტით გაგვესეირნა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, ფოტოს გადაგიღებთო, დაგვსვეს გვერდიგვერდ, ვითომ ფოტოს გადასაღებად და ამ დროს მოხდა ყველაფერი...

თავიდან როცა ბეჭედი დავინახე ვერ მივხვდი რა ხდებოდა ისე დავიბენი, ჩემი მეგობრების ემოციებმა გამომაფხიზლა. როცა ფოტოები ვნახე, შემდეგ უფრო და უფრო გავაცნობიერე. თავიდან ბეჭდის ყუთი რომ დავინახე, მეგონა ხუმრობა იყო. თან გაბრაზებული ვიყავი - არ მინდოდა ეს ძალით დაჯდომა და ფოტოების გადაღება, წყალში მინდოდა გადახტომა. მოკლედ, გაბრაზებული ვიჯექი. მერე როცა ყველა ერთად საღამოს აღსანიშნავად წავედით, ყველაფერი უფრო გავაანალიზე... ამ ამბავს ფაქტიურად ორი დღე აღვნიშნავდით ბათუმში.

- ხელის თხოვნის დროს რა გითხრა ნიკუშამ?

- არ მახსოვს. სიმართლე გითხრათ, ერთი ის მახსოვს, რომ ვკითხე - არ მიკეთებ ბეჭედს-მეთქი? თვითონაც ისე ნერვიულობდა, რომ არ იცოდა რა ექნა. მერე გამოფხიზლდა - უი, ხო მე უნდა გაგიკეთოო. ახლა რომ მახსენდება, მანამდე მართლა ნერვიულობდა, უბრალოდ, იმ მომენტში ვერ ვხვდებოდი ამას.

- როგორი ბეჭედი გაჩუქა, შენი გემოვნების შესაბამისია?

- კი, ნამდვილად. სხვათა შორის, ხელის თხოვნამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ მაღაზიაში შემიყვანა. მაინტერესებს როგორები მოგწონსო, მეგონა სამომავლოდ ითვალისწინებდა.

- როდის და როგორ ქორწილს გეგმავთ?

- ქორწილი ჯერ ვერ გვექნება. ნიკუშა ფეხბურთელია, სეზონი აქვს, თამაშებია ყოველ კვირაში, ამიტომ კარგად უნდა დავგეგმოთ როდის მოახერხებს. სახლის დასრულებასაც ველოდებით, დასრულდება, ნიკუშასაც დასვენება ექნება და ყველაფერს ერთმანეთს დავამთხვევთ. გრადიოზული ქორწილის გადახდას არც ვფიქრობთ, მე თვითონ არ მომწონს 400-კაციანი სუფრები, ამიტომ რამე განსხვავებულის მოფიქრება მომიწევს.

- სიურპრიზებით ხშირად განებივრებს?

- როდესაც გავიცანი, მაშინ ნაკლებად ახასიათებდა რომანტიკულობა და სიურპრიზები. ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ჩემამდე ყვავილებიც კი არავისთვის უჩუქებია. მე კი ძალიან მიყვარს სიურპრიზები და თვითონაც ცდილობდა ჩემთვის ესიამოვნებინა, საპასუხოდ ჩემგანაც იგივეს იღებდა. ჩვენს ურთიერთობაში არ არსებობს ის, რომ მარტო ბიჭი ჩუქნის გოგოს რამეს, ან მხოლოდ ბიჭი უკეთებს სიურპრიზებს.

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი იყო ჩემი დაბადების დღე. მეგობრის ქორწილიდან დავბრუნდი სახლში და ჩემს ოთახში ნიკუშა დამხვდა ტორტით, მთელი ოთახი კი ბუშტებით იყო სავსე...

- რა მოგწონს ნიკუშაში ყველაზე მეტად?

- ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არის საოცრად შრომისმოყვარე. ვთვლი, რომ მისნაირი ფეხბურთელი დღეს იშვიათია. ვერასდროს ნახავთ სადმე გასართობად მყოფს, ვერც შუაღამეს გარეთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩემი პირველი გულშემატკივარია.

ყველაზე მეტად უნდა, რომ მე ვიყო დაკავებული, აქტიური ყველა სფეროში. სულ ვამბობ, რომ თუ რამეს მივაღწიე, ან მივაღწევ, მისი დიდი დამსახურებაა, რადგან მე ცოტა მშიშარა ვარ და მეშინია ნაბიჯის გადადგმის. ნიკუშა კი ყოველთვის მიბიძგებს, რომ ჩემი ყველა პლუსი მაქსიმალურად გამოვიყენო.

ესაუბრა ნინო გასვიანი

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს