ავტორი:

საქართველოში "ნამდვილი გიჟი" ჩამოდის - მსახიობი, მუსიკოსი და მოდელი, რომელიც მსოფლიოს მუდმივად აინტერესებს

საქართველოში "ნამდვილი გიჟი" ჩამოდის - მსახიობი, მუსიკოსი და მოდელი, რომელიც მსოფლიოს მუდმივად აინტერესებს

47 წლის ჯარედ ლეტო მსოფლიოში ცნობილი მსახიობი, მუსიკოსი, პროდიუსერი და მოდელია. და მაინც, რომელ ლეტოს ვიცნობთ უკეთ - მსახიობს? მომღერალს? რატომ გიჟდებიან მასზე ახალგაზრდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით?

როგორც მსახიობი, ლეტო პირველად 1995 წელს გამოშვებულ ფილმში How to Make an American Quilt ვიხილეთ, მუსიკალური კარიერა კი 1998 წელს დაიწყო, როდესაც მან და მისმა ძმამ, შენონ ლეტომ, როკბენდი Thirty Seconds to Mars ჩამოაყალიბეს.

როგორც ხედავთ, ლეტომ მსახიობისა და მუსიკოსის კარიერა თითქმის ერთდროულად დაიწყო და რთულია იმის გადაჭრით თქმა, მუსიკაშია საუკეთესო თუ კინოში. ამაზე პასუხის გაცემა თავადაც უჭირს. 10 წლის წინ, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა - ვინ ხართ, მსახიობი თუ მუსიკოსიო, ლეტომ ასე უპასუხა: "რა გითხრათ, უბრალოდ, ვცდილობ ვიყო ის, ვინც ვარ. ენდი უორჰოლს აქვს მშვენიერი გამონათქვამი: ეტიკეტები მხოლოდ კონსერვებზეა! მთავარია, სამუშაომ მთლიანად შემიპყროს და გამიტაცოს, იმას კი სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რას ვაკეთებ."

გულახდილად რომ ვთქვათ, არც მისი თაყვანისმცემლებისთვის აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებს ლეტო. სადაც არ უნდა ვიხილოთ იგი - სცენაზე, გადასაღებ მოედანზე, თუ პოდიუმზე - ყველგან თვალისმომჭრელი და არაორდინარული იქნება.

თუკი მუსიკაში თავის თავს გამოხატავს, კინოში მრავალფეროვანი როლებით გამოირჩევა: ტრანსგენდერი, ჯოკერი, ლენონის მკვლელი, მეცნიერი... ეს ჯარედ ლეტოს როლების მცირე ჩამონათვალია. მსახიობი ყველა მათგანში განსხვავებულია, რაც გარეგნობასა და ხასიათზე აშკარად აისახა.

სხვათა შორის, ლეტო იმ მსახიობების რიგს მიეკუთვნება, რომლებიც როლის გამო ყველაფერზე მიდიან. მაგალითად, ფილმში „დალასის შემსყიდველთა კლუბი“ ტრანსგენდერის როლის შესასრულებლად მსახიობმა 17 კგ დაიკლო, სახესა და სხეულზე თმა მთლიანად მოიშორა და მაღალ ქუსლებზე შედგა.

მის თავგანწირვას შედეგი მოჰყვა და სწორედ ამ მეორეხარისხოვანი როლისთვის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ოსკარი და ოქროს გლობუსი დაიმსახურა.

არანაკლებ დიდ რისკზე წავიდა ფილმის "27-ე თავის" გადაღებისას, როცა ჯონ ლენონის მკვლელის განსასახიერებლად 28 კილოგრამი მოიმატა. მსახიობი თვეების განმავლობაში არაჯანსაღ საკვებს - პიცას, ჰამბურგერებს, პასტასა და ნაყინს მიირთმევდა, რამაც შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემებიც გაუჩინა, მაგრამ დიეტისა და ვარჯიშის დახმარებით, ფორმას მალევე დაუბრუნდა.

ასევე საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო მისი ერთ-ერთი ბოლო როლის შესრულებისას ფილმში „დანის პირზე მორბენალი 2049“, რომელშიც ლეტომ დიდი მეცნიერი ნიანდერ ვოლასი განასახიერა.

ვინაიდან იგი უსინათლო იყო, ჯარედმა როლში შესასვლელად სპეციალური ლინზები მოირგო და გადასაღებ მოედანზე ასისტენტის დახმარებით გადაადგილდებოდა.

კინომცოდნე ციკო ინაური ჯარედ ლეტოს როლებიდან ერთს გამოარჩევს: "ლეტო ერთ-ერთია იმ მსახიობთაგან, რომელმაც საკმაოდ მცირე ასაკში ბევრი რამ მოასწრო, როგორც კინო, ასევე მუსიკის სამყაროში. ის ინდივიდუალური მსახიობია, რომელიც პირადად ჩემთვის ყველაზე დამამახსოვრებელ პერსონაჟს ფილმში - “მისტერ არავინ” ქმნის."

კინომცოდნე ია ვეკუას თქმით, ჯარედ ლეტოს, როგორც მსახიობის წარმატება იმან განაპირობა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, როცა „დალასის შემსყიდველთა კლუბში“ მიიღო როლი:

„შემდეგ იყო არანაკლებ საინტერესო, ჯოკერის როლი. მაგრამ მე უფრო გამოვარჩევდი ფილმს „მისტერ არავინ“, რომელმაც თავის დროზე ჯარედ ლეტოს პოპულარობა განაპირობა და ამის შემდეგ, მუდმივად აღვიძებს მაყურებელში ინტერესს“.

რაც შეეხება იმას, მსახიობი უკეთესია, თუ მომღერალი, ამის გარკვევა ქართველ მაყურებელს მალე თავად შეეძლება, როცა ჯარედ ლეტო თავის ჯგუფთან ერთად წარდგება.

რას უნდა ველოდოთ ჯარედ ლეტოსგან Thirty Seconds to Mars-ის კონცერტზე?

Thirty Seconds to Mars საქართველოს Check in Georgia-ს ფარგლებში ეწვევა და მსმენელს „ბლექ სი არენაზე“ დაუვიწყარ შოუს შესთავაზებს, რაც, მეტწილად, სწორედ სოლისტის, ჯარედ ლეტოს დამსახურებაა. მაგალითად, 2013 წელს რიო დე ჟანეიროში გამართულ კონცერტზე ზიპლაინით დაეშვა და სიმღერა ჰაერში მოფარფატემ შეასრულა.

ლეტო ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული მომღერალია და ყოველთვის არაორდინარულად აცვია. მისი ჩაცმის სტილის ევოლუცია ბოლო დროს იმ ფაქტს უკავშირდება, რომ მომღერალი და მსახიობი „გუჩის“ სახე გახდა. სცენაზე ტანსაცმლის გახდა და ფანებისთვის დარიგება უკვე ჩვეულებრივი ამბავია. სხვათა შორის, პირიქითაც ხდება ხოლმე. ერთხელ სცენაზე ვეფხვის ფორმაში გამოწყობილი ბიჭი აიყვანა, ფორმა გახადა და თავად ჩაიცვა.

რამდენიმე დღის წინ იტალიაში გამართულ კონცერტზე კი ფანი სცენაზე აიყვანა, წინ დაისვა და ასე უმღერა. იმ გოგონას ადგილას ყოფნას ნებისმიერი ფანი ინატრებდა.

ამ და სხვა სიგიჟეების გამო, ჯარედ ლეტო მთელ მსოფლიოში განსაკუთრებულად უყვართ. ქართველი მსმენელიც მოუთმენლად ელის Thirty Seconds to Mars-ის კონცერტს. ანი ლომიძემ, რომელიც ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფანია, ბილეთი სცენასთან ახლოს აიღო, რათა თავისი ოცნების ჯგუფს მაქსიმალურად მიუახლოვდეს:

"ამ ჯგუფს პატარა ასაკიდან ვუსმენ, მათი ყველა სიმღერა ზეპირად ვიცი და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ შვიდი წლის ოცნება მიხდება. ჩემთვის მარსების მუსიკა არამხოლოდ მუსიკაა, არამედ მათი თითოეული სიმღერა მსმენელს თვითრწმენას მატებს და მოუწოდებს, რომ ბოლომდე იბრძოლოს.

ჯარედი ყოველთვის ამბობს: Follow your dreams და შემიძლია თამამად ვთქვა, ამ ბენდმა მასწავლა, რომ არასოდეს არ უნდა დავნებდე. ჯარედი, როგორც პერფორმერი, ნამდვილი გიჟია, ხან დაცვას გაურბის, ხან ხალხში გადახტება, ხან ხელს დაგავლებს, სცენაზე აგიყვანს და მასთან ერთად გამღერებს. ზუსტად მაგიტომ მოგვწონს ფანებს, ისეთ სიტუაციას ქმნის, რომ მასთან შინაურულად ვართ" - გვეუბნება ანი ლომიძე.

Thirty Seconds to Mars-ის კონცერტამდე ერთი თვე დარჩა. მთელ მსოფლიოში ცნობილი როკ-ჯგუფი „ბლექ სი არენას“ სცენას 13 აგვისტოს დაიკავებს და ქართველს მსმენელს პირველად შეხვდება (ბილეთის შესაძენად გადადით ბმულზე).

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს