ავტორი:

"კლასელებს ფიზიკის გაკვეთილებს ხშირად ჩავუტარებ" - გაიცანით 9 წლის ბიჭუნა წალენჯიხიდან, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო

"კლასელებს ფიზიკის გაკვეთილებს ხშირად ჩავუტარებ" - გაიცანით 9 წლის ბიჭუნა წალენჯიხიდან, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო

ქაიან ბელქანიამ ინტერნეტსივრცე კოსმოსზე, პლანეტებსა და გალაქტიკაზე საუბრით დაიპყრო. ვიდეო 9 წლის ბიჭუნას მეზობელმა "ფეისბუქზე" გაავრცელა და მას უამრავი გაზიარება ჰქონდა. ქაიანი წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა, ის მეოთხე კლასში გადავიდა. ცხოვრობს დედასთან და ბებიასთან ერთად. როგორც მეზობლებმა ადგილზე გვითხრეს, ბავშვის მამა თურქეთში სამუშაოდ არის წასული, ხოლო დედას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. პატარას ძირითადად ბებია უვლის.

ქაიანი მეცნიერების შესწავლასა და კოსმონავტობაზე ოცნებობს. საჭირო ინფორმაციას ბიბლიოთეკაში და "იუთუბიზე" ეძებს, უყვარს ფიზიკა და მათემატიკა. ასევე დაინტერესებულია გეოგრაფიით. დაგროვილ ცოდნას, ცხრა წლის ქაიანი მეგობრებსაც უზიარებს და ამბობს, რომ ის მაღალ კლასში ფიზიკის გაკვეთილებსაც ჩაატარებს.

ინტერნეტსივრცეში პოპულარული ბიჭუნა AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

"ამ ყველაფრის სწავლა ორი წლის წინ დავიწყე, როდესაც მეორე კლასში ვიყავი - დაინტერესებული ვიყავი მეათე პლანეტით. სხვებიც ვიცოდი, მაგრამ მათი სახელები არ მახსოვდა. მეათე პლანეტა არის ისეთი პლანეტა, რომელიც ყველის მსგავსი ფორმის არის. პლანეტებმა ის მზის სისტემიდან გააძევეს. ზოგადად, ფიზიკის სწავლას სკოლაში მეთერთმეტე კლასში იწყებენ, მაგრამ ამ საგნის სწავლა შენ თვითონაც შეგიძლია. როდესაც მე მეტერთმეტე კლასში გადავალ, ვფიქრობ, ფიზიკის მასწავლებელი არ დამჭირდება. ჩემს კლასელებს ფიზიკის გაკვეთილებს ხშირად ჩავუტარებ. ეს ძალიან მარტივი იქნება, თემას კარგად ავუხსნი რადგან მანამდე ძალინ ბევრს ვისწავლი. ახლა რაც ვიცი, იმდენი ფიზიკის მასწავლებელს არ ეცოდინება", - ამბობს ქაიან ბელქანია.

იგი წიგნებით სავსე თაროზე ოცნებობს. ამბობს, რომ მას ჯერ მხოლოდ ერთი წიგნი აქვს.

"წიგნები არ მაქვს, მაგრამ მინდა რომ ბევრი მქონდეს. ფილმებს ვუყურებ, მაგრამ წიგნები ყოველთვის თავიანთ სილამაზეს ინარჩუნებენ. მინდა, რომ წიგნების თარო მქონდეს. თუ თარო და წიგნები გექნება, გექნება სილამაზეც და ეს პრიმიტიულად გადაეცემა სატურნს და იუპიტერს. ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც შეიცავენ ბგერებს ან ნაწილაკურ სფეროებს" - ამბობს ბელქანია.

თავისუფალ დროს ცხრა წლის ქაიანი მეგობრებთან ერთად ატარებს. გარდა დაგროვილი ცოდნის გაზიარებისა, ის მეგობრებთან ერთად შინაურ ცხოველებს უვლის. ამბობს, რომ ორი კატა და ოთხი ძაღლი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი სახელად "ჯესი" მეგობრებმა ქუჩაში იპოვეს და ის საერთოა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ