ავტორი:

იგეგმება თუ არა "რუსთავი 2"-ში ფინანსური პრობლემების გამო შემცირება - "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ"

იგეგმება თუ არა "რუსთავი 2"-ში ფინანსური პრობლემების გამო შემცირება - "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ"

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, არსებული რესურსებით ტელევიზიის თანამრომლებისთვის ხელფასის მიცემა რთული იქნება. თუმცა, როგორც სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ.

„მე არ ვისაუბრებ ახლა რიცხვებზე და რაოდენობაზე. თუმცა, ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ხელფასები მიიღონ. არსებული რესურსებით ალბათ, რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეიდან, ხვალიდან ვმუშაობთ ამ თემებზე, რომ ეს არ მოხდეს“, - განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ტელევიზიაში, ფინანსური პრობლემების გამო, არც შემცირებებია დაგეგმილი.

„ვთქვით, რომ საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებთ. იმედია, არც რაიმე მოხდება ისეთი, რომ ეს დავაპიროთ. ჩვენ მოვედით იმ განზრახვით, რომ არხი შევინარჩუნოთ, როგორც წარმატებული, რეიტინგული კომპანია. გავზარდოთ მისი რეიტინგი და ყველა ძალისხმევა მივმართოთ ამისკენ. რაც შეეხება თანამშრომლების განწყობას, მათი განწყობაა, რომ ეს არის ერთი შეკრული გუნდი და მათ სურთ, რომ „რუსთავი 2“ იყოს წარმატებული ტელევიზია. დანარჩენზე ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობაც ამ ჭრილში წარიმართება. როცა მიზნები ერთმანეთს ემთხევა, არ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა. მოგეხსენებათ, ორი დღეა რაც მოვედი და საკმაოდ კონსტუქციულად მიმდინარეობს ყველაფერი. პირადად მე კმაყოფილი ვარ იმ გარემოთი, რაც არის. ვმუშაობთ იმაზე, რომ ყველა სიძნელე, რაც არის, გადავლახოთ. დარწმუნებული ვართ, ამას გავაკეთებთ. ამ ეტაპზე, არ დგას საკითხი შემცირებასთან დაკავშირებით. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პრობლემები არ იყოს და დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად გამოგვივა“, - განაცხადა სალიამ.

კომპანიის გენერალური მდივანი „რუსთავი 2" - ის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან ერთად გაფართოებულ ფორმატში, ხვალ ისაუბრებს. დღევანდელ შეხვედრაზე, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

"ეს საკითხი დღეს არ დასმულა. ჩვენ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან ერთად შევარჩიეთ უფრო ვრცელი ფორმატი, ვიდრე დღეს გვქონდა, ხვალ გვექნება ამასთან დაკავშირებით საუბარი. დაახლოებით 14:00 საათზე შევხვდებით, გავივლი ამ საკითხს "რუსთავი 2" -ის თანამშრომლებთან ერთად და შემდეგ უკვე გაცნობებთ ამის შესახებ", - განაცხადა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება.

„პირველი პუნქტი - მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ეკა გიგაური; საია - სულხან სალაძე; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - გიორგი მშვენიერაძე; „სამართლიანი არჩევნები“ - მიხეილ ბენიძე; “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ - ნატა ძველიშვილი; მედია მკვლევარი ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.

ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ უნდა შეძლოს იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე. მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და პროდიუსერებიც იგულისხმებიან.

მეორე - დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

მესამე - არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებასა და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიათისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. ეს არის „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი მიმართვა არხის ახალი მფლობელისა და დირექტორისადმი“, - განაცხადეს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ