ავტორი:

"მსოფლიოს ყველა ეკრანზე მოხვდება საქართველო" - "ფორსაჟის" გადაღებები თბილისში აგვისტოში დაიწყება

"მსოფლიოს ყველა ეკრანზე მოხვდება საქართველო" - "ფორსაჟის" გადაღებები თბილისში აგვისტოში დაიწყება

უკვე ოფიციალურად დადასტურდა - საქართველოში ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი თრილერის - "ფორსაჟის" ეპიზოდს გადაიღებენ. როდის იწყება გადაღებები, რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კინოინდუსტრიაში ჩართვა და რა პოტენციალი აქვს საქართველოს ამ მიმართულებით - "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემის" ეთერში სააგენტოს - "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა.

ხიდურელის თქმით, თრილერის გადაღებები თბილისში აგვისტოში დაიწყება და ზაფხულშივე დასრულდება. აღსანიშნავია რომ, საქართველოში ფილმის ბოლო ათ წუთს გადაიღებენ:

"გადასაღები მოედანი იქნება თბილისში. ფილმი 2020 წლის სექტემბერში გამოვა კინოეკრანებზე. საქართველო, თბილისი იდენტიფიცირებული იქნება მასში და მსოფლიო ეკრანებზე ამას იხილავს ძალიან ბევრი ადამიანი. ეს ძალიან დროულია ჩვენთვის, მაშინ როცა ტურიზმი დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის. ასეთ ფილმში ქვეყნის და ქალაქის გამოჩენა, არის ყველაზე ეფექტური მარკეტინგული რეკლამა" - აღნიშნა "აწარმოე საქართველოს" ხელმძღვანელმა.

მანვე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ საქართველოში ამერიკული კონგლომერატის NBC Universal-ის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ერთი ფილმით არ შემოიფარგლება ამერიკული მხარის დაინტერესება და მოსალოდნელია, მომავალში კიდევ რამდენიმე ფილმის გადასაღებ მოედნად იქცეს ჩვენი ქვეყანა:

"რეალურად, ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო მოგვეხდინა გარდატეხა - ასე ვთქვათ, პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ამ დიდ სტუდიებსა და ჰოლივუდს ქვეყანაში ჩამოსვლისთვის. შესაბამისად, ამხელა პროექტის საქართველოში გადაღება ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გზა ხსნილია სხვა სტუდიებისთვისაც.

ჰოლივუდი საკმაოდ დახურული და ვიწრო სივრცეა, თუ ჩვენ ამ ეტაპამდე ყველაფერი ეფექტურად გავუკეთეთ მათ, ჰოლივუდში აუცილებლად დაინტერესდებიან იმით, როგორი იყო გადაღების პროცესი საქართველოში - რამდენად დიდი მზაობა იყო სახელმწიფოს მხრიდან, დახმარების, იგივე გზების გადაკეტვის, სიმარტივის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ფაქტორია ისიც, რამდენად იაფი დაჯდა გადაღება. ის მაჩვენებლები, რაც მსოფლიო რეიტინგებში გვაქვს - ბიზნესის სიმარტივის მიმართულებით, მათ დავანახეთ, რადგან რამდენიმე დღეში მოხდა ყველა პროცედურის გავლა.

შესაბამისად, ეს ფილმი და პროექტი იქნება პირველი. ახლა არ შემიძლია დეტალებზე საუბარი, თუმცა უკვე მიდის საუბარი სხვა პროექტებზეც და ეჭვი არ მეპარება, რომ იქეთ წელს შესაძლოა 2-3 ფილმზე იყოს ლაპარაკი, რაც ჩვენი კინოინდუსტრიისა და საპროდიუსერო კომპანიებისთვის იქნება ძალიან საინტერესო, ერთის მხრივ რომ საქართველოში შემოდის ფული და მარკეტინგულად ჩვენს ქვეყანას წაადგება და მეორე მხრივ, ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ ქართული საპროდიუსერო კომპანიები.

ფილმის პროექტის ბიუჯეტი 31 მილიონი ლარია. ამას დახარჯავს ფილმი და სახელმწიფო ამ თანხიდან აუნაზღაურებს 25%-ს, ე.წ "ქეშბექს". გათვლაა იმაზე, რომ რაც მათ გადასახადებში უნდა გადაეხადათ, იმას იბრუნებენ უკან, თუმცა დანარჩენი თანხა რჩება საქართველოში. ის 25 %, რასაც ფილმის გადამღები ჯგუფი წაიღებს, რომ დავთვალოთ რომ მარკეტინგული ხარჯია, ასეთ ფასად ასეთ რეკლამას ვერ გავაკეთებდით. მსოფლიოს ყველა ეკრანზე მოხვდება საქართველო, სადაც დაეწერება - "თბილისი, საქართველო" და ყველა ნახავს, რომ არის ახალი, საინტერესო ქვეყანა. ამ ფილმს კი ყავს უამრავი ფანი, რომელიც ფილმის შემდეგ დადის და ათვალიერებს იმ ქვეყნებს, სადაც ფილმია გადაღებული" - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა "დღის თემის" ეთერში საუბრისას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ