ავტორი:

"ცოლ-შვილი დავკარგე და მეუბნებიან, ვერავის ვსჯითო" - ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიიდან 8 თვის შემდეგ, მგლოვიარე მამა კვლავ დამნაშავის დასჯას ითხოვს

"ცოლ-შვილი დავკარგე და მეუბნებიან, ვერავის ვსჯითო" - ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიიდან 8 თვის შემდეგ, მგლოვიარე მამა კვლავ დამნაშავის დასჯას ითხოვს

ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიიდან, რომელსაც 30 წლის სოფიო ყაველაშვილი და მისი 1 წლის ვაჟი - ნიკოლოზი ემსხვერპლნენ, რვა თვე გავიდა.

სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას ნგრევა, ორი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი, დანგრეული კორპუსი და რამდენიმე დაზარალებული მოჰყვა, თუმცა სამართალდამცავ უწყებებს ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ, რა მოხდა სინამდვილეში და კონკრეტულად რამ გამოიწვია აფეთქება.

2018 წლის 15 ნოემბერს ზემო ფონიჭალაში მდებარე 23-ე კორპუსის მესამე სართულზე მომხდარმა აფეთქებამ ჩამოანგრია მეოთხე და მესამე სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციები - იატაკი, ჭერი და ჩაიტანა მეორე სართულზე, იქ სადაც დედა-შვილს ეძინა... აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მეხუთე და მეექვსე სართულის ფანჯრებიც კი ჩაამსხვრია.

ხვიჩა ცერცვაძე, რომელმაც ტრაგიკული შემთხვევის დროს ცოლ-შვილი დაკარგა, AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ არ მიუღია პასუხები ელემენტარულ კითხვებზეც კი. მისი თქმით, არაერთხელ დაწერა განცხადება გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების სახელზე, რათა ამ გზით მაინც მოეპოვებინა ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, თუმცა, როგორც ის ამბობს, დღემდე არავინ შეხმიანებია.

"თავიდან დაგვიბარეს, დაგვკითხეს. მიდიოდნენ ჩემი ცოლის ძმები, ჩემი ძმები და კითხულობდნენ რა ხდება, როგორ მიდიოდა გამოძიება. მე ძალიან ცუდად ვიყავი, ამის ძალაც არ მქონდა...

მერე, ცოტა რომ მოვიკრიბე ძალები, დავიწყე სიარული პოლიციაში, პროკურატურაში. მივდიოდი ყველგან, ვკითხულობდი რა ხდებოდა საქმეში, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება-მეთქი. ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით - იყო პასუხი. დავწერე განცხადება მთავარი პროკურორის სახელზე, მითხრეს, განიხილავენ და ერთ თვეში დაგიკავშირდებიანო. არავინ დამკავშირებია.

შემდეგ დავწერე განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე, მითხრეს განიხილავენ და ერთი თვის განმავლობაში დაგიკავშირდებიანო. გავიდა რამდენიმე თვე და არავინ დამკავშირებია. მე არ გავჩერდები. რამდენი დროც დასჭირდება ამას ერთი წელი იქნება, ორი თუ მეტი, ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად. არავის პასუხისმგებლობა არ იკვეთებაო - შოკი იყო ჩემთვის ეს რომ მითხრეს. არ ველოდი ასეთ პასუხს.

ცოლ-შვილი დავკარგე და მეუბნებიან ვერავის ვსჯითო... ორი ადამიანი დაიღუპა და დამნაშავე როგორ არ არსებობს?! შეიძლება განზრახ არავის უნდოდა, მასე ავარიებიც ხდება, არავის უნდა რომ მოხდეს, მაგრამ ხომ ისჯებიან ადამიანები?! მე ვითხოვ, რომ დაისაჯონ დამნაშავეები" - ამბობს ხვიჩა ცერცვაძე.

ცერცვაძეები საქმესთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ, რომლებით, მათი აზრით, გამოძიებას უნდა შეესწავლა და დაემუშავებინა. ხვიჩა ცერცვაძის დედის, მარინა ცერცვაძის თქმით, უცნაურია როგორ გადარჩნენ მესამე სართულზე მცხოვრები ადამიანები, მაშინ როდესაც აფეთქების ადგილი სწორედ მესამე სართული იყო:

"საინტერესოა როგორ გადარჩნენ ისინი, სადაც აფეთქება მოხდა? თან მესამე სართულიდან ჩაცვივდნენ მეორე სართულზე, სადაც ჩემს რძალსა და შვილიშვილს ეძინათ. ერთი არ დაგვკავშირებიან ისინი, ვისთანაც მოხდა აფეთქება და მოუსამძიმრებიათ, არ უკითხავთ არაფერი... როგორც ვიცი დაიბარეს გამოკითხვაზე და ახლა საქართველოს ტერიტორია აქვთ დატოვებული.

მეზობლებში მაშინვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ეს აზერბაიჯანელი ადნობდა ოქროს და ჰქონდა სპეციალური გაზქურა ამისთვის... ეს არის ვერსია, მაგრამ ხომ უნდა შეისწავლოს გამოძიებამ? იქნებ ტერორისტი იყო, ან რა ვიცი, ყველა ვერსია ხომ უნდა გამოირიცხოს? მე ზუსტად ვიცი, რომ ესენი მომიკლეს! არავის პასუხისმგებლობა როგორ არ იკვეთება?! მაშინ ესენი ყოფილან დამნაშავეები, ეს მძინარე ხალხი. ვთხოვ ყველას, მიიტანეთ ჩემი ტრაგედია გულთან და გამოიძიეთ ეს დანაშაული" - უთხრა AMBEBI.GE-ს მარინა ცერცვაძემ.

რა ეტაპზეა შემთხვევიდან რვა თვის თავზე გამოძიების პროცესი? იკვეთება თუ არა ვინმეს ბრალეულობა? რა გახდა ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი - AMBEBI.GE-მ ამ კითხვებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებაში გვითხრეს, რომ საქმე აღძრულია სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

უწყების მიერ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ საქმეზე დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზები, რომელთა დიდი ნაწილი ჯერაც არ არის დასრულებული. ერთადერთი, რაც რვა თვის მანძილზე გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, არის ის, რომ შემთხვევის ადგილზე გაზქურა იყო დაზიანებული, თუმცა არავინ იცის, შეიძლებოდა თუ არა ამას გამოეწვია ასეთი ძლიერი აფეთქება.

"ჩანიშნული კომპლექსური ექსპერტიზების ნაწილის დასკვნა ცნობილია გამოძიებისთვის. დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ ბინაში, სადაც მოხდა აფეთქება, ექსპლუატაციაში მყოფი გაზქურა იყო დაზიანებული. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ჩატარდა სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზა. ასევე, ჩაინიშნა ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა. საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც გამოძიებისთვის საინტერესო რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდა" - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ AMBEBI.GE-სთვის გამოგზავნილ წერილში.

იყო თუ არა გამოწვეული ეს ფაქტი გაზმომარაგების კომპანიის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევით - ამ კითხვით მივმართეთ „ყასტრანსგაზსაც“. კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ შემთხვევის შემდეგ კომპანიაში მენეჯმენტი შეიცვალა და გამოძიების დასრულებამდე მედიასთან არანაირ კომენტარს არ გააკეთებენ.

ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, თბილისში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, კიდევ არაერთი ტრაგედია მოხდა. მათ შორის რამდენიმე განსაკუთრებით ტრაგიკული იყო - იანვრის თვეში ორი უმძიმესი შემთხვევა მოხდა, ერთი - ქეთევან წამებულის ქუჩაზე, როცა ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დიდ დიღომში, სადაც გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეულ ძლიერ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი - დაშავდა.

AMBEBI.GE ეცდება სიღრმისეულად შეისწავლოს ეს საქმეები, რათა დადგინდეს, რამდენად სრულყოფილი საგამოძიებო და საპრევენციო ღონისძიებები გატარდა ამ ტრაგედიების შემდეგ დედაქალაქში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს