ავტორი:

"გიოს მიწვდება ჩემი ხმა იქ, სადაც არის და იამაყებს" - ზუკა ხუციშვილი მამის გარეშე გატარებულ წელსა და მუსიკაში დაბრუნებაზე

"გიოს მიწვდება ჩემი ხმა იქ, სადაც არის და იამაყებს" - ზუკა ხუციშვილი მამის გარეშე გატარებულ წელსა და მუსიკაში დაბრუნებაზე

სიმღერაში ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა, რადგანაც სახელმწიფო სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ამბობს, რომ გამოცდილება შეიძინა, მაგრამ მამის დაკარგვის შემდეგ, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა...

დროებით თავი დაანება დიპლომატიურ სამსახურს, ბენდი ჩამოაყალიბა და ზუკა ხუციშვილი მუსიკას დაუბრუნდა.

ის მსმენელმა სრულიად პატარა გაიცნო, დღეს უკვე 28 წლის არის და ამბობს, რომ მამის - გიო ხუციშვილის გარდაცვალების შემდეგ, სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრა ოჯახის, საზოგადოების და მამის მიერ დაწყებული საქმეების მიმართ. ცდილობს, ამ ყველაფერს გაუმკლავდეს და ისევე იცხოვროს, როგორც მამამისმა...

"ყოველთვის მინდოდა, ცოცხალი ბენდი გამეკეთებინა. მოკლედ, გვერდით კარგი მუსიკოსები დამიდგნენ და ბენდი ჩამოვაყალიბეთ. ჯგუფის წევრები არიან - ლევან ჩახაიძე (კლავიში), დავით ლონდარიძე (სოლო გიტარა), რეზი ედგარიძე (დრამი), გიორგი ნაუჭიძე (ბას-გიტარა), ანანო ღიბრაძე (ვოკალი) - ადამიანი, რომელიც ძალიან მეხმარება, ნიჭიერი გოგონაა. ვცდილობთ, ხარისხიანი მუსიკა შევქმნათ და განსხვავებული ნამუშევრებიც გამოგვდის.

კარგია ცოცხალ ბენდთან მუშობა, ცოცხალი ინსტრუმენტების თანხლებით შესრულება. აქამდე ამასთან შეხება არ მქონია. ძალიან გულიანად ვასრულებთ, რაც მიხარია. თან, ოჯახივით ვართ და მუსიკასაც ეტყობა ეს - მსმენელსაც მოსწონს.

- რა ჰქვია თქვენს ბენდს?

- დიდი ხანი ვფიქრობდით, კონკურსი გამოვაცხადეთ კიდეც სახელზე, მაგრამ სახელი ვერ შეარჩიეს. ბოლოს „ზუკა და ბენდი“ გამოვიდა. სადაც გვეძახიან, მივდივართ და კონცერტს ვმართავთ. ცოტა ხნის წინ ბათუმში ვიყავით, კონცერტები გვქონდა. სექტემბერში უმეტესად თბილისში გავაგრძელებთ, ზაფხულში რეგიონებს ვსტუმრობთ.

ყოველ კვირა თბილისის გარშემო მერიის მიერ ტარდება კონცერტები და მათ დაგვპატიჟეს, მთლიანი კონცერტი ჩავატარეთ თემქაზე. გულიანი კონცერტი გამოგვივიდა, ხალხი მოვიდა. მოეწონათ, რადგანაც აკლია ქალაქს მსგავსი რამ და მერიის ასეთი ინიციატივა არ უნდა შეჩერდეს...

რაც შეეხება ჩვენს სიმღერებს და ჟანრებს, ვამაყობ, რომ ერთ ჟანრს არ ვუკრავთ და ვმღერით. ქართული, საყვარელი სიმღერებიდან დაწყებული, უცხოური ვერსიებით დამთავრებული. არის როკი, ჯაზი, ყველანაირი მუსიკა... მთავარია, რომ ხარისხიანად, ლამაზად წარმოვადგინოთ, ადამიანები ავაცეკვოთ, გავახალისოთ, ავამღეროთ, გავაღიმოთ და იმ მომენტში ყველა არსებული პრობლემა დაივიწყონ - ჩვენთვის ესაა მთავარი! მოკლედ, ჩემი მიზანია, სიხარული, კარგი მუსიკა და ბედნიერება ვაჩუქო ხალხს.

- გამოდის, რომ აგრძელებ მამის, გიო ხუციშვილის დაწყებულ საქმეს. მისი ბენდი კიდევ არსებობს?

- იცით, რომ ბავშვობიდან ვმღერი. გიოს სულ უნდოდა, ხელს მიწყობდა იმაში, რომ მემღერა. თუმცა, მისი ცხოვრების ბოლო წლებში ისე მოხდა, რომ სიმღერა ვეღარ მოვახერხე, განათლებას მოვკიდე ხელი, მერე ვმუშაობდი, არადა, გიოს უნდოდა, რომ მუსიკაში რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ ვერ მოესწრო... ახლა მჯერა, გრძნობს და ხედავს, რასაც ვაკეთებ... ალბათ მიწვდება ხმა იქ, სადაც არის და იამაყებს და გაუხარდება.

ამ ნაბიჯს მომიწონებს და არ დამიწუნებს... საერთოდ კი, დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ოჯახის წინაშე, უფრო დიდი პასუხისმგებლობა კი მსმენელის მიმართ. გიოს რამდენიმე სიმღერას, რაც პროგრამაში მაქვს, აუცილებლად დავიტოვებ, რითაც სულ გიოს გავიხსენებთ. მისი პროგრამის გაუმჯობესებას არ ვცდილობ, მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ის ისე შეიყვარა და ისე მოსწონს. მხოლოდ ჩემი მცირედი ინტერპრეტაცია მინდა მივცე, არც გაუმჯობესებული და არც გაუარესებული...

გიოს ბენდს რაც შეეხება, მამაჩემს მათთან დასამთავრებელი ჰქონდა პროგრამა, რაც სამწუხაროდ ვერ მოასწრო. ამ ბენდთან ერთად რამდენიმე წარმატებული კონცერტი ჩავატარეთ და როცა პროგრამა ამოიწურა, ჯგუფი თავისთვის წავიდა... გიოს კვალის და საქმის ზუსტად გაგრძელება არ მინდოდა. მამის ქებას არ დავიწყებ, უხერხულია, თუ როგორი მაგარი იყო, ყველამ იცის და მას არც შევედრები. მე სხვა გზა მაქვს. ამიტომ, ის უძლიერესი მუსიკოსები თავის საქმეს აკეთებენ, ოღონდ, გიოს პროგრამას არა, უბრალოდ, ბენდი იმ ფორმით არ მუშაობს.

- როგორი იყო გიოს გარეშე გატარებული ერთი წელი?

- სიმღერის კი არა, არაფრის თავი არ მქონდა... ამიტომ, ეს ერთი წელი ჩემთვის რთული პერიოდი აღმოჩნდა და მივხვდი, რომ თუ რამეს ვაკეთებ და გამომდის, ეს გიოსგან მოდის, იმიტომ, რომ ნიჭიერი კაცი იყო, მასშტაბური, ენერგიული, სხვანაირი ადამიანი! სიცოცხლეში და ახლაც არ მომცემდა უფლებას, დავნებებოდი პრობლემას, არ გამეგრძელებინა ცხოვრება.

რაც მან დატოვა მოსავლელი - ოჯახი იქნება ეს, თუ სხვა საქმეები, ყველაფერს უნდა მივხედო... ასეთ დროს ვიცი, ქეჩოში მომკიდებდა ხელს, შემაჯანჯღარებდა, ცოტა გამოფხიზლდიო - მეტყოდა. მოკლედ, ამ რთული პერიოდის მერე მინდა, რომ ჩემით იამაყოს. მჯერა, ჩემი მოქმედება და აქტივობა მხოლოდ მოეწონებოდა და მნიშვნელოვნად ჩათვლიდა.

- რთულ სიტუაციებში ახლაც ეკითხები აზრებს, ანუ ითვალისწინებ იმას, ასეთ დროს რას იტყოდა?

- გიო ჩემთვის მოსიარულე გაკვეთილი იყო. ერთ წელიწადში 10 წლის საქმეს ასწრებდა. ყოველთვის აქტიური, ცოცხალ გაკვეთილებს მანახებდა, ოღონდ, ისე არა, რომ დავესვი და ჭკუა ესწავლებინა, უბრალოდ, ვუყურებდი მას და ვიგებდი, როგორ უნდა მეცხოვრა. ასე რომ, სანამ მას კითხვას დავუსვამ, მისი ცხოვრება ჩემთვის არის ყოველი ახალი ნაბიჯი და მაგალითი.

- დიპლომატიურ სამსახურს მთლიანად ჩამოშორდი?

- 6 წელი გავატარე საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტში. გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, პროფესიონალები, მათთან დიდი სკოლა გავიარე. ყველასგან რაღაც ვისწავლე. პროფესიით დიპლომატი ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს საქმე, მაგრამ სიმღერა და მუსიკაც ჩემია ბავშვობიდან, ოჯახიდან, სისხლში მაქვს გამჯდარი.

დიპლომატიური მიმართულებით სწავლას ისევ გავაგრძელებ, რომ პროფესიული განვითარება არ შევწყვიტო. შეიძლება დავბრუნდე სამინისტროში მხოლოდ მაშინ, როცა მივხვდები, რომ ქვეყანას გამოვადგები. ჯერჯერობით ტაიმ-აუტი მაქვს აღებული იმიტომ, რომ რამდენიმე საქმის ერთად კეთება და მიფუჩეჩება არ იქნება. რაღაცას რომ დავიწყებ, არაფერი არ უნდა მიშლიდეს ხელს, რომ ბოლომდე დავიხარჯო.

- პასუხისმგებლობა ავიღე ოჯახის და გიოს დაწყებული საქმეების მიმართო. არ გიჭირს ამ ყველაფრის გამკლავება?

- გიო როგორიც იყო, ასეთი ადამიანი იშვიათია, ბევრი რამ ჰქონდა მხრებზე აღებული, უამრავ ადამიანს ეხმარებოდა. ვცდილობ, სხვებმა უგიოობა ვერ იგრძნონ, მაქსიმალურად გაგრძელდეს ცხოვრება ისე, როგორც მის სიცოცხლეში... ახლა მივხვდი - თურმე როგორი რთული ყოფილა ცხოვრება და რამდენ რამეს უმკლავდებოდა...

ყველა გვერდით გვიდგას - ქუჩაში რომ გავდივარ, მამაჩემს ყოველ ნაბიჯზე იხსენებენ, ახსოვთ, მეხუტებიან - ეს არის გიო და აქედან ბევრ რამეს ვხვდები! შევეცდები ისე ამაყად და კაცურად ვიცხოვრო, როგორც მან იცხოვრა. მისი ვარსკვლავის გახსნაზე საოცარი რამ ვნახე: ხალხმა დიდი სიყვარული დაუბრუნა... ის ხომ, მთელი ცხოვრება სიყვარულს, მეგობრობას თესავდა. მეც მინდა, ასე გულიანად ვიცხოვრო, თან, გიოს შემდეგ არ მაქვს უფლება, ფარ-ხმალი დავყარო...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს