ავტორი:

აფხაზური ტურიზმი სისხლიანი გარჩევების ფონზე - რუსი ჟურნალისტები რეგიონს აფრიკის ქვეყნებს ადარებენ

აფხაზური ტურიზმი სისხლიანი გარჩევების ფონზე - რუსი ჟურნალისტები რეგიონს აფრიკის ქვეყნებს ადარებენ

აფხაზეთში საკურორტო სეზონის ჩავარდნის მიზეზად უამრავი რამ სახელდება - ე.წ. ხელმძღვანელობა ქართული მხარისკენაც იშვერს ხელს და თბილისში მიმდინარე აქციების როლზე საუბრობს.

თუმცა, მოსახლეობას ბევრად რეალური მიზეზების ჩამოთვლა შეუძლია: ფასთან შედარებით დაბალი სერვისი, უსაფრთხოება, ნარკომანია, ძარცვა, ყაჩაღობა - ვითარების გამოსწორების გზები კი არ ჩანს...

სოხუმის აეროპორტი "რუსულ საჰაერო სივრცეში"

უკვე რამდენიმე დღეა აფხაზეთში ახალი აეროპორტის მშენებლობის თემას განიხილავენ. ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი, სოხუმში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისა და მისი სრული დატვირთვით ამუშავების თემას სკეპტიკურად უყურებს. მათივე თქმით, არ სჯერათ, რომ ეს "აფხაზური ეკონომიკის" გადასარჩენად მიღებული გადაწყვეტილებაა და ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას პიარის ნაწილია, რომელიც მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას...

აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, "ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი" საერთაშორისო ფრენებისათვის უნდა გაიხსნას. დოკუმენტის თანახმად, სოხუმის აეროპორტს და აფხაზეთის საჰაერო სივრცეს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO-ს სტანდარტის მსგავსი, ოთხნიშნა ალფაბეტური კოდი - URAS მიენიჭა, თუმცა ამ კოდის საბოლოოდ დასამტკიცებლად, აფხაზეთმა რუსეთს უნდა მიმართოს, რომ ფედერაციის საჰაერო ნავიგაციის ინფორმაციის ჩამონათვალში შეიტანონ.

აეროპორტების კოდების მინიჭება რეგიონების მიხედვით ხდება. აფხაზური მედიის ცნობით, მსგავსი კოდები დონის როსტოვის საერთაშორისო აეროპორტს - URRP, გროზნოს აეროპორტს - URMG, სოჭის აეროპორტს - URSS, ასევე სამხრეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქებში შემავალი სხვა ქალაქების აეროპორტებს აქვთ. "სოხუმის მოთხოვნის საფუძველზე, მოსკოვი ხელისუფლებისთვის მიმართვის შედეგად, სოხუმის აეროპორტიც ფაქტობრივად რუსეთის საჰაერო სივრცეში მოექცევა" - წერს აფხაზური მედია.

rosbalt.ru-სთან საუბარში, რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო სივრცეში მოქცევის ინიციატივამ, ადგილობრივი მოსახლეობა შეაშფოთა, რადგან შიშობენ, რომ აფხაზეთის სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშ დადგება, ამას კი ხაჯიმბა აბსურდულს უწოდებს, რადგან "რუსეთმა კეთილი ნებით აღიარა და ეს საფრთხე არ არსებობს".

გაგრა

აფხაზური ტურიზმი სისხლიანი გარჩევების ფონზე

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, 28 ივლისს გაგრის რაიონში, სადაც ბიზნესს სომხური კლასი ლობირებს (რაც აფხაზურ მოსახლეობას ძალიან აღიზიანებს), კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა.

"გაგრის რაიონის სოფელ ალახაძეში რამდენიმეწლიანი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა - ადგილობრივ სომეხ აშოტ ოგანიანს აფხაზმა ბესლან სერგეგიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი გაგრის საავადმყოფოშო მიყვანამდე გარდაიცვალა" - წერს გამოცემა.

აფხაზები სტატიის კომენტარებში წერენ, რომ ამ ამბის შემდეგ, გაგრის რაიონის მილიციაში დარეკეს, თუმცა, ვიდრე ე.წ. შს მინისტრს გარი არშბას პირადად არ დაურეკეს, შემთხვევის ადგილზე არავინ მისულა. ამის შემდეგ, სერგეგია დააკავეს. ოგანიანი 90-იანი წლების ომის მონაწილეა. მასსა და მკვლელს შორის დაპირისპირება უძრავის ქონების გამო დაიწყო და წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

აფხაზი სამოქალაქო აქტივისტი დავით დასანია მიმდინარე ამბებს "ფეისბუქზე" ეხმაურება. მისი თქმით, რაულ ხაჯიმბამ რეგიონის ჭაობიდან ამოყვანა ვერ შეძლო, ქვეყანაში არსებული ვითარება კი, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს...

"ჩვენ ვცხოვრობთ, არანორმალურ საზოგადოებაში. ის ქრონიკულად არის ავად, აგრესიული გავხდით, ავტორიტარული და კორუმპირებული ხელისუფლებით, დილეტანტი, მაგრამ კარიერისტი ადამიანებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ნარკოდამოკიდებულია, მათ შორის ქალებიც... ადამიანთა უფლებები არავის ადარდებს, ახალგაზრდები უმუშევრები არიან, კლანები ერთმანეთს ებრძვიან... ასე დიდხანს ვერ ვიარსებებთ, ამ პრობლემებით მომავალი არ გვაქვს და ამ რეალობაში ხაჯიმბა მეორე ვადით აპირებს მოსვლას... გამოფხიზლდით!" - წერს დასანია.

ინტერნეტსივრცეში აფხაზები წერენ, რომ ყველამ იცის სოხუმის რამდენიმე ქუჩა, სადაც ნარკოტიკების შოვნა ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ რეალიზატორებს არავინ ეხება. მათ უკან ადგილობრივი მაღალჩინოსნები დგანან, რომელთა დიდი ნაწილი თავად არის მომხმარებელი.

"ყველა ტაქსის მძღოლმა, რომელსაც ტურისტი თუ ადგილობრივი იმ ქუჩაზე მიჰყავს, იცის, რაც იქ ხდება. ისინი მგზავრებს ელოდებიან და შემდეგ სხვა მისამართებზე მიდიან, ანუ გადამყიდველებთან ან მომხმარებლებთან, ეს ადგილები კი უმეტეს შემთხვევაში, ან უნივერსიტეტია, ან სკოლები... გაიარეთ ეზოებში, ბაღებში, შენობების გარშემო, ან სანაპიროზე - ყველგან "შპრიცები" ყრია... ჩვენი ახალგაზრდები, მათ შორის, გოგონები, ამბობენ, რომ მათი გასართობი ნარკოტიკია...” - წერს ინტერნეტში ადგილობრივი აფხაზი.

აფხაზეთი აფრიკის ქვეყნებს დაემსგავსა...

გამოცემა svpressa.ru აფხაზეთზე მომზადებულ ვრცელ სტატიაში წერს, რომ რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება ლიბანში, ანგოლასა და სუდანში არსებულს შეადარო.

"კატასტროფაა გზებზე - ყოველი მესამე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით სრულდება. მძღოლები ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არიან და საფრთხეს მხოლოდ თავიანთ თავს კი არა, ტურისტებსაც უქმნიან.

რამდენიმე დღის წინ, ბიჭვინთის გზაზე რუსი ტურისტების მანქანას დაეჯახნენ, რომელშიც 16 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ორი ადგილზე დაიღუპა, 5 მძიმე მდგომარეობაშია, 4 წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია...” - წერს გამოცემა.

ბიჭვინთა

მისივე ცნობით, აფხაზეთში სანკტ-პეტერბურგიდან, თათრეთის რესპუბლიკიდან, ასტრახანიდან, ტვერსკის ოლქიდან ჩადიან. ტურისტებს ყირიმსა და სოჭთან შედარებით, დაბალი ფასები ხიბლავთ, თუმცა ადგილზე ჩასულები აცნობიერებენ, რომ ფასთან შეუსაბამო მომსახურებასთან ერთად, უსაფრთხოების ზომებიც არ არის დაცული.

რუსი ჟურნალისტების ნაწილი დამსვენებლებს ურჩევენ, არ იმოგზაურონ აფხაზეთში საკუთარი ავტომანქანით, რადგან შესაძლოა, მანქანა მოპარონ, ან უკეთეს შემთხვევაში, გაძარცვონ...

აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია “რუსული ხმის” ხელმძღვანელის, მიხეილ პანოვის თქმით, "აფხაზეთში ჩასულ რუსებზე ადგილობრივი დანაშაულებრივი კლანები ნადირობენ. თუმცა, ეს მხოლოდ ჩასულებს კი არა, ადგილობრივ რუსებსაც ეხებათ - დაზარალებულები არასამთავრობოს ხშირად მიმართავენ საჩივრით, რომ ვინმე მოუკლეს, ან გაძარცვეს.

"სასურველია, იქ ლიცენზირებულ კომპანიას გაყვეთ, რომელიც მანქანით მოგემსახურებათ, სხვა შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლითა და ჯანმრთელობით რისკავთ" - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, აფხაზეთის იმედი, რომ ის რუსები, რომლებსაც “საქართველოში მოგზაურობა პუტინმა შეუზღუდა, აფხაზეთს მიაწყდებოდნენ, არ გამართლდა".

ფოტოები: Абхазия LIve

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?