ავტორი:

როგორ იხსენებდა, წლების წინანდელ ინტერვიუში, ვარკვლავურ კარიერასა და თეატრს ლილი ჩიბალაშვილი, რომელიც 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

როგორ იხსენებდა, წლების წინანდელ ინტერვიუში, ვარკვლავურ კარიერასა და თეატრს ლილი ჩიბალაშვილი, რომელიც 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

რამდენიმე დღის წინ საქართველოს სახალხო არტისტი, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის ნამდვილი ვარსკვლავი ლილი ჩიბალაშვილი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი გუშინ დაკრძალეს.

"ჩვენი თეატრის "მშვენიერი ლედი" ნამდვილი ვარსკვლავი, უმშვენიერესი ქალბატონი ლილი ჩიბალაშვილი წლების განმავლობაში "მუსკომედიის" თეატრის გამორჩეული მსახიობი იყო და თავისი შემოქმედებით საინტერესო კვალი დატოვა ქართული თეატრის ცხოვრებაში.

გვეამაყება, რომ ქალბატონი ლილი ჩვენი თეატრის განუყოფელი და ძვირფასი ნაწილია. მის მიერ შექმნილი არაერთი საინტერესო და დაუვიწყარი სახე დიდხანს ემახსოვრება თეატრის ერთგულ მაყურებელს. ვუსამძიმრებთ ქალბატონი ლილის ოჯახს და მის კოლეგებს", - წერს ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის დასი.

ლილი ჩიბალაშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში თითქმის 50 წელი გაატარა. ამავე თეატრის მსახიობი გახლდათ მისი მეუღლე ზურაბ კახიანიც. პარტნიორობა სცენაზე და რეალურ ცხოვრებაში, როლები, რომლებიც საზოგადოების დიდ მოწონებას იმსახურებდა - ამ თემებზე ინტერვიუ მსახიობთან 2013 წელს ჟურნალმა "რეიტინგმა" ჩაწერა:

ბავშვობა

- ნოვოჩერკასკში დავიბადე. მამა სამხედრო იყო, პოლკის უფროსი და ოჯახთან ერთად ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილების გამოცვლა. თბილისში კი სოლოლაკში ვცხოვრობდით. ჩემი ერთ-ერთი მეზობელი, სომეხი არისტოკრატი ზახარ ნარიმანოვი, გრიბოედოვის თეატრში იურისტად მუშაობდა. მას თეატრში ლოჟაში ორი ადგილი ჰქონდა და მისი წყალობით მაშინდელი გრიბოედოვის თეატრის რეპერტუარი ზეპირად ვიცოდი. "ლილოხა, მოამზადე გაკვეთილები, დღეს თეატრში მივდივართ!" - მეტყოდა ხოლმე და იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი. ალბათ იმ ბავშვურმა შთაბეჭდილებებმა და განცდებმა განსაზღვრეს ჩემი მსახიობობა...

თეატრალური...

.. ერთ მშვენიერ დღეს რაღაცამ "წამომიარა" და ვთქვი, მსახიობი უნდა გავხდე-მეთქი. მაშინ სწორედ ისეთი დრო იყო, როცა თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდები იწყებოდა. ვიფიქრე, ბედს ვცდი-მეთქი და წავედი. მაშინ გამხდარი ვიყავი, 40 კილოს ვიწონიდი. წვრილი წელი მქონდა, ქერა თმა - რუს გოგოს ვგავდი. ტაფტის "პადიუბკიანი" ქვედაბოლო მეცვა და შავი ზედატანი დიდი დეკოლტეთი. მეცხრე აუდიტორიაში ბოლო შევედი. რაღაცას ფეხი წამოვკარი, წავიქეცი და ეს ჩემი ქვედაბოლო თავზე წამომემხო. ძალიან სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდი. ატყდა სიცილი და, რასაკვირველია, დავიბენი. მერე მალიკო მრევლიშვილმა რუსულად ლაპარაკი დამიწყო და თავისთან მიხმო. როცა ვუთხარი, რომ ქართველი ვიყავი, მერე ქართულად მომმართეს. ლექსის წაკითხვა რომ მთხოვეს, გალაკტიონის წაკითხვა ვარჩიე. მერე მაცეკვეს, მაგრამ ფეხი ვერ ავაწყვე. არც ეტიუდის გაკეთება გამომივიდა. ბოლოს თავხედურად განვაცხადე, იქნებ "ქართული" მეცეკვა-მეთქი. ნება დამრთეს და ეს უკვე კარგად გამომივიდა. მახსოვს, აკაკი ხორავა როგორ იცინოდა, მერე სკამიდან წამოდგა, აუდიტორიიდან ჩამოვიდა და ხელები გაშალა. ჩვენ ერთად ვიცეკვეთ და მაგ წუთებს რა დამავიწყებს (იღიმის). მეორე დღეს ინსტიტუტში მივედი და რას ვხედავ?! მიღებულ სტუდენტთა სიაში ვწერივარ (იღიმის).

მიშა თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი. მას ძალიან ვუყვარდი. პირველ კურსზე ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მერე ბატონმა მიშამ დადგა ერთი სპექტაკლი, მეორე, მესამე... სიმღერასთან "კარგად" ვერ ვიყავი, მაგრამ განაწილებით მაინც მუსკომედიის თეატრში მოვხვდი. მანამდე ვოკალში გამოცდები გვქონდა. გამოვვარდი ეს ტინგიცა გოგო და დავიწყე სიმღერა. ხუთიანი მხოლოდ მე დამიწერეს. მიშა რომ მოვიდა და ეს ამბავი გაიგო, გაუკვირდა, გოგოშკა, ასეთი რა იმღერე, რომ ხუთიანი დაგიწერესო?! (იღიმის). ალბათ ამის მიზეზი ის იყო, რომ თავს შებოჭილად არასოდეს ვგრძნობდი. ეს მეხმარებოდა იმაში, რომ შემდეგში თეატრში სულ მთავარი როლები მქონდა, და ამას ტრაბახში ნუ ჩამითვლით. თეატრში იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩემი მეუღლე ზურა კახიანი, ბადრი ბეგალიშვილი და კიდევ რამდენიმე, რომელთაც იმპროვიზაციის ნიჭი გვქონდა და ეს თვისება მსახიობისთვის აუცილებლად მიმაჩნია.

მეუღლე

.. მიშას რამდენიმე სპექტაკლი რუსთაველის თეატრის რეპერტუარში იყო. როცა მას რამე ანტურაჟი სჭირდებოდა, სტუდენტობისას მე და იურა ვასაძე იქ ჩავყავდით და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. მეგონა, მუშაობას იქვე, რუსთაველის თეატრში დავიწყებდი, მაგრამ შევცდი. როცა მითხრეს, რომ მუსკომედიის თეატრში გამანაწილეს, თითქოს მდუღარე გადამესხა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. იქ მინიმუმ ორი წელი უნდა მემუშავა და მერე შემეძლო სადაც მსურდა, იქ წავსულიყავი. მუსკომედიის თეატრში პირველ მისვლას გავიხსენებ. მაშინ არ ვიცოდი, ის შენობა სად იყო, რადგან მუსკომედიის თეატრში მანამდე არასოდეს ვყოფილვარ. რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის და ოპერის თეატრების გარდა არსად ნამყოფი არ ვიყავი. საერთოდ, არსებობს ცხოვრებაში რაღაც დამთხვევა თუ ბედისწერა და ესეც ამგვარი შემთხვევა იყო: ტროლეიბუსში რომ ჩავჯექი, ცოტა ხანში ვიღაც ქალს ვთხოვე, ჩემთვის მუსკომედიის თეატრის ადგილმდებარეობა მიესწავლებინა. თურმე ჩემი მომავალი მეუღლე ზურიკო გვერდით მედგა და ეს რომ მოესმა, მითხრა, მე მიგასწავლით, წამომყევით და თეატრში მე მიგიყვანთო. წამიყვანა და წამიყვანა (იღიმის). მაშინ ჩემი მეუღლე უკვე თეატრში მუშაობდა. ერთად ძალიან ბევრ სპექტაკლში ვითამაშეთ. ძალიან კარგი პარტნიორი იყო. თქვენ არ იცით, რა ხდებოდა დარბაზში, როცა ზურიკო სცენაზე გამოჩნდებოდა ხოლმე. მოგვიანებით რეჟისურამ გაიტაცა და არაჩვეულებრივი სპექტაკლები დადგა. მათ შორის ერთ-ერთი "სიდედრი" იყო. ერთხელ ეს სპექტაკლი ოპერის თეატრში წარმოადგინეს. იქ რამდენიმე თეატრალურმა დასმა თავთავიანთი ნომერი წარადგინა. ოპერაში მთელი თბილისი იყო თავშეყრილი. ზურიკოს სპექტაკლის ბოლოს დარბაზი ტაშით დაინგრა. სამჯერ დაუშვეს და ასწიეს ფარდა. ხალხს ყოველთვის უნდოდა სიცილი და დღესაც ასეა, არა?!

ჩემი მეუღლე ერთი წლის წინ გარდაიცვალა. მე და ზურიკომ 49 წელი გავატარეთ თეატრში, მაგრამ ბოლოს სიბერე ჩაგვშხამდა...

თეატრი

... უამრავი თაყვანისმცემელი გვყავდა. მსახიობები თეატრიდან ისე არ გამოვდიოდით, რომ მაყურებელი ყვავილებით არ დაგვხვედროდა. ბევრ საჩუქარს ვიღებდით, 8 მარტს ტორტები მოჰქონდათ... თუ თეატრი კარგი არ არის, ის 90 წელი ვერ იარსებებს. სწორედ ამიტომ ვაქებ მაშინდელ მუსკომედიის თეატრს და მენატრება. არაჩვეულებრივი ორკესტრი გვყავდა. ჩვენთან ცნობილი დირიჟორები და კომპოზიტორები მუშაობდნენ: რეზო ლაღიძე, გიორგი ცაბაძე, სულხან ცინცაძე, შოთა მილორავა და პრემიერების მეორე დღეს, მთელი თბილისი მღეროდა იმ სიმღერებს... ბილეთების რიგში იმდენი ხალხი იდგა, მოლარეებისთვის კაბები რომ არ შემოეხიათ, მილიცია მოდიოდა. ასეთი სიტუაცია იყო არა მხოლოდ თბილისში, არამედ გასტროლებზეც, სადაც უამრავი ხალხი სულმოუთქმელად გველოდა...

ლედი

... "ჩემი მშვენიერი ლედი" პირველად ჩვენს თეატრში დაიდგა. მხატვარი ფარნა ლაპიაშვილი იყო. მე ელიზას ვთამაშობდი, ხოლო ნოდარ პიპინაშვილი (გოგა პიპინაშვილის მამა) - პროფესორ ჰიგინსს. ყველაფერს გეფიცებით, ეს სპექტაკლი სულ ანშლაგებით მიდიოდა. ულამაზესი დადგმა იყო. ოდრი ჰეპბერნის კოსტიუმები ფილმიდან პირდაპირ გადმოიღეს და სპექტაკლში სწორედ ის კაბები მეცვა. ყოველ მომდევნო სცენას, სადაც ახალი კაბით გამოსვლა მიწევდა, ტაშის გრიალი ერთვოდა. არ იფიქროთ, რომ ტაშს მე მიკრავდნენ, არამედ კოსტიუმებს, იმდენად ლამაზი იყო ეს ყველაფერი...

ერთხელ, სოლოლაკში ჩემი სახლის ეზოდან გასვლისას ვიღაცის ხმა შემომესმა: "ელიზა, ელიზა". გავხედე და ფარნა ლაპიაშვილი იყო. ამ სპექტაკლის მერე სულ ასე მეძახდა. ძალიან კარგი კაცი იყო, საწყალი...

სამწუხაროდ, ის კოსტიუმებიც და სხვაც რემონტების დროს გაიბნა, დაიკარგა, ნაწილიც დაწვეს. თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ "ჩემი მშვენიერი ლედის" კაბები შინ არ წამოვიღე. შევინახავდი და გავუფრთხილდებოდი. ამაზე გული ძალიან მწყდება...

ერთხელ "ლედის" მედეა ჯაფარიძე და მისი მეუღლე დაესწრნენ. სამმოქმედებიანი, საკმაოდ დიდი სპექტაკლი იყო. მაშინ მანქანა არ გვყავდა და სპექტაკლის ბოლოს მეუღლე მელოდა, რომ სახლში ერთად წამოვსულიყავით. 12-ის ნახევარი იქნებოდა, როცა საგრიმიოროში მორიგე ამოვიდა და მითხრა, რომ ვიღაც ქალსა და კაცს ჩემი ნახვა სურდათ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, ვინ იყვნენ, მესიამოვნა, რომ ვიღაცები ამდენ ხანს იცდიდნენ ჩემ სანახავად. მაშინვე გავედი და მედიკო დამხვდა. ღმერთო, რა საყვარელი და ზღაპრულად ლამაზი ქალი იყო, ასეთები არ უნდა კვდებოდნენ. საერთოდ, მიმაჩნია, რომ სცენას აუცილებლად სჭირდება სილამაზე და ქალი, რომელიც სცენაზე დგას, აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს. სულ რომ "გადაირიოს", ძალიან ნიჭიერიც იყოს, ის, პირველ რიგში, გარეგნულად უნდა მომეწონოს. სხვაგვარად ვუყურებ და რა ვქნა?! მედიკოს მაშინ არ ვიცნობდი და პირველი რაც მითხრა, ეს იყო, - ლილი, როგორ ინარჩუნებ ტანს?! (იღიმის). მაშინ პატარა გოგო ვიყავი და საამისოდ არავითარი ძალისხმევა არ მჭირდებოდა. ამის შემდეგ მედიკომ ძალიან ბევრი კომპლიმენტი მითხრა. მისი თბილი სიტყვები დიდხანს გამყვა...

როლი, რომელიც ყველაზე მეტად არ მოსწონდა და პირიქით...

... ერთხელ პატარა ბიჭი მათამაშეს და ძალიან გამიჭირდა. უფრო სწორად, მრცხვენოდა (იღიმის). მოტვლეპილი თავი და დიდი ყურები უნდა მქონოდა და ვერ ავიტანე. რეჟისორი ძალიან გავამწარე, სცენაზე გამოსვლისას რას ვლაპარაკობდი, თვითონაც არ ვიცოდი და ამის გამო იმ სპექტაკლიდან მომხსნეს. საერთოდ, თეატრში ბევრი კარგი როლი ვითამაშე, მაგრამ ალბათ მაყურებელს მაინც "ჩემი მშვენიერი ლედი" და "ჩანჩურა" დაამახსოვრდა. ორივე სპექტაკლი ძალიან მიყვარდა. ძალიან დიდი სიმწარე ვნახე, როცა ერთხელ, "ჩანჩურას" მსვლელობისას სიმღერის ტექსტი დამავიწყდა. იქ ანუშკას ვთამაშობდი. შვილს ვაძინებდი და ვუმღეროდი: "შენ გენაცვალოს, დედა" და ამას სხვა დანარჩენი ტექსტი მოჰყვებოდა, მაგრამ გონება გადამეკეტა და მთელი ორი კუპლეტი ეს სიტყვები ვიძახე. ვერაფრით ვერ გავიხსენე, რა უნდა მეთქვა. მცირე მუსიკალური პაუზის შემდეგ, კვლავ ჩემი ტექსტი უნდა მემღერა და მეც ისევ თავიდან დავიწყე: "შენ გენაცვალოს დედა, შენ გენაცვალოს, დედა" (იღიმის). ვინ იცის, რამდენი რამ გადაგვიტანია სცენაზე, მაგრამ, რასაკვირველია, ამას უფრო მეტი კარგი მოსაგონარი ახლდა...

ბოლო ჩემი სპექტაკლი "მეჩექმე გაბო" იყო, რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ დადგა. კარგი როლი მქონდა და კარგი სპექტაკლიც გამოვიდა. ახლა რომ გადავხედავ ხოლმე ჩემს ნათამაშებ როლებს, ხშირად ვფიქრობ, რომ ამა თუ იმ პერსონაჟს სხვანაირად ვითამაშებდი, მაგრამ გასულ წლებს ვერაფრით დააბრუნებ. ძალიან ტკბილად მახსენდება ჩემი თეატრი. დღეს თეატრი აღარ მაინტერესებს, ახლა შენ ამალაპარაკე, თორემ... არ მინდა... რაღა დროს ჩემი თეატრია?!

ანა კალანდაძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება