ავტორი:

"გონზე რომ მოვედი, უკვე ფოტოს მიღებდნენ" - რას ჰყვება გოგონა, რომელსაც Jessie J-სთან შეხვედრის ოცნება აუსრულდა

"გონზე რომ მოვედი, უკვე ფოტოს მიღებდნენ" - რას ჰყვება გოგონა, რომელსაც Jessie J-სთან შეხვედრის ოცნება აუსრულდა

"ბლექსი არენამ" მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ შემსრულებელს Jessie J-ს უმასპინძლა. მომღერალს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, ქართველი მსმენელი ოვაციებით შეხვდა და კონცერტმაც შესანიშნავად ჩაიარა.

შეკვეთილში მდებარე დარბაზი, რომელიც 10 000-მდე მაყურებელს იტევს, სავსე იყო და ქართველ მსმენელებთან ერთად ფავორტი მომღერლის მოსმენით სიამოვნება უცხოულმა სტუმრებმაც მიიღეს. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯესის საქართველოში ჩამოსვლა განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა ელენე მარგალიტაშვილისთვის, რომელიც მსოფლიოში ცნობილ შემსრულებელს პირადად შეხვდა. იგი შთაბეჭდილებებს AMBEBI.GE-ს უზიარებს:

- ჩემი და ჯესის ამბავი ძალიან ადრე დაიწყო – 2011 ან 2012 წლიდან. მაშინ რადიოში ვმუშაობდი და ჯესის ყველა ახალ სიმღერას ფეხდაფეხ მივყვებოდი. სიმღერები იმიტომ შემიყვარდა, რომ ტექსტები ჰქონდა ძალიან ახლობელი. მაშინ გავიგე, რომ ყველაფერს თვითონ წერდა და გადავწყვიტე, უფრო ახლოს გამეცნო. რაც უფრო კარგად ვიცნობდი, უფრო და უფრო მეტად მიყვარდებოდა. ახალ-ახალ სიმღერებსაც ყოველთვის ზუსტად ამთხვევდა იმ ემოციებს, რასაც ვგრძნობდი. მეგონა, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მოკლედ, უზომოდ შემიყვარდა და ჯესის კონცერტი ჩემი ყველაზე დიდი ოცნება გახდა. ბებიაჩემმა მიყიდა პირველი კონცერტის ბილეთი, რომელიც სტამბოლში ჩასვლისთანავე ჩაიშალა. მაშინ ბევრი ოცნება ჩამომენგრა თავზე იმიტომ, რომ მარტო ჩემი ოცნების ახდენას არ ეხებოდა ეს ამბავი – მეგონა, სხვებსაც იმედი გავუცრუე. მერე მეორე კონცერტი დაანონსდა. 26 საათი ვიმგზავრე ავტობუსით და რომ ჩავედი, ისიც ჩაიშალა. მოკლედ, აუხდენელ ოცნებად გადაიქცა. ვხუმრობდი, სანამ აქ არ ჩამომაკითხავს, ჯესის კონცერტზე აღარ წავალ-მეთქი. ჩამომაკითხა და წავედი. როგორც ჟურნალისტმა აკრედიტაცია გავიარე. ვიფიქრე, ჯესიზე სტატიას მაინც დავწერ-მეთქი.

პრესკონფერენციის იმედიც მქონდა, მაგრამ არ ჩატარდა იმიტომ, რომ ყველაფერი მკაცრად კონტროლდებოდა და არც ავტოგრაფები დაურიგებია, არც ისე შეხვედრია ვინმეს. მე მანამდე ეს ჩემი ისტორია გავუგზავნე ტატო ხარჩილავას და ნინო მურღულიას, ოღონდ არ ვიცოდი, რამე მოხდებოდა თუ არა.

წერილი წინასწარ გავამზადე იმიტომ, რომ ხშირად კითხულობს ხოლმე გულშემატკივრების მიწერილს და ვიმედოვნებდი, წინა რიგში მოვხვდებოდი და როგორმე მივაწვდიდი. წარმოდგენა არ მქონდა, რამე მოხდებოდა თუ არა. ბოლო წამებამდე არავინ იცოდა, ეს შეხვედრა რომ შედგებოდა.

აღმოჩნდა, რომ ჩემმა ისტორიამ ტატომდე და ნინომდე მიაღწია. ოცნება ნინომ და ტატომ ამიხდინეს, ოღონდ თვითონაც არ იცოდნენ, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. ამიტომ არაფერს დამპირდნენ. უცებ, დაუგეგმავად და მოულოდნელად მოხდა ყველაფერი. მართლა, ბოლო წამამდე არ ვიცოდი, რა მელოდა. ავტოგრაფების გაცემა, ფოტოების გადაღება, ყველაფერი აკრძალული იყო... ისე აღმოვჩნდი ჯესისთან ერთად ერთ ოთახში, მე თვითონაც ვერ მივხვდი. გონზე რომ მოვედი, უკვე ფოტოს მიღებდნენ. ფოტოებსაც ეტყობა, შეშლილი სახე მაქვს. ეს ყველაფერი ასე იმიტომ მიხარია, რომ დღეს უკვე შემიძლია, მთელ სამყაროს თამამად, დარწმუნებით და გულწრფელად ვუთხრა, რომ ოცნებები, რომლებსაც გულით ვნატრობთ, ყოველთვის სრულდება, თან იმაზე ჯადოსნურად, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა.

- გაგვიზიარე ემოცია, რა გრძნობა დაგეუფლა, პირადად რომ შეხვდი?

- ჯერ ვუთხარი, წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გითხრა-მეთქი. მართლა დავკარგე ლაპარაკის უნარი. ფოტო რომ გადაგვიღეს, ვთხოვე, შეიძლება ჩაგეხუტო-მეთქი? კი, რა თქმა უნდაო და ძალიან თბილად ჩამეხუტა. შემთხვევით ვისარგებლე და წერილი რადგან ხელში მეჭირა, ბედი ვცადე და ვუთხარი, რომ მოიცლი, იქნებ წაიკითხო-მეთქი. მითხრა, რა თქმა უნდა, წავიკითხავო და გამომართვა წერილიც, რომელშიც მთელი ჩვენი ისტორია მქონდა აღწერილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ