ავტორი:

"წელს ზაფხულში განსაკუთრებით იმატა კუჭ-ნაწლავის დაავადებებმა" - 10 ოქროს წესი, თუ როგორ დავიცვათ თავი ნაწლავური ინფექციებისგან

"წელს ზაფხულში განსაკუთრებით იმატა კუჭ-ნაწლავის დაავადებებმა" - 10 ოქროს წესი, თუ როგორ დავიცვათ თავი ნაწლავური ინფექციებისგან

ნაწლავური ინფექციები როგორც წესი, ზაფხულში განსაკუთრებით მწვავდება და ადამიანის ჯანმრთელობას პრობლემებს უქმნის. როგორც სპეციალისტები ამბობენ, წელს პაციენტების უმეტესობას მძიმე ტოქსინის შემცველები უვლინდებათ, რაც პირდაპირ თირკმელზე მოქმედებს და ორგანოს თიშავს.

რა იწვევს ნაწლავურ ინფექციას, რა სიმპტომები ახასიათებს მას, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან - ამ თემაზე AMBEBI.GE-ს მედიცინის დოქტორი, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მოზრდილთა ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ გიგაური ესაუბრა:

- ზაფხულში როგორც წესი, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები იმატებს. გამონაკლისი არც ეს ზაფხული გახლავთ. ინფექციური დაავადებებიდან ყველაზე ხშირი და გავრცელებული სწორედაც ნაწლავური ინფექციებია, რომელთაც ნაწლავურ დიარეებს უწოდებენ. მათ ახასიათებთ ეპიდემიების სიხშირე, ადამიანების მასობრივი დაავადება.

ამ სეზონზე დიდია მისი გავრცელების არეალი, როგორც ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში, რასაც ხელს უწყობს ავიაკომუნიკაციები, ტრანსპორტი, მოგზაურობა. ყოველდღიურად, უამრავი დაავადებული ადამიანი, ცხოველი, მწერი და კვების პროდუქტი კვეთს საზღვრებს, ჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმები.

ნაწლავური ინფექციები მიდის ატიპიურად, დიაგნოზი არ ისმება, ან პაციენტები მიმართავენ თვითმკურნალობას. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას.

- როგორ ვლინდება დაავადება, რა სიმპტომები ახასიათებს?

- თუ პაციენტს აქვს ღებინება, გულისრევა, კუნთების და თავის ტკივილი, უმადობა, ტემპერატურის მატება, დიდი ალბათობით უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს ნაწლავურ ინფექციასთან. ყოველ წელიწადს ახალ-ახალი მიკრობების აქტივაცია და გავრცელება ხდება. წელს განსაკუთრებით მოიმატა კუჭ-ნაწლავის დაავადებებმა, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და ხშირად პაციენტის ჰოსპიტალიზაცია სავალდებულო ხდება.

- სიმძიმე რაში გამოიხატება?

- ძალიან სწრაფად მიდის დეჰიდრატაციის პროცესი, დიარეის გამო განავალში აღინიშნება სისხლი და ლორწო. ამ ყველაფრიდან გამოყოფილი ტოქსინის ზემოქმედებით თირკმლის მწვავე უკმარისობაც ვითარდება.

- უამრავი სწრაფი კვების ობიქეტი არსებობს, სადაც იყიდება სხვადასხვა პროდუქტი. ვერ ვიტყვით, რომ თითოეული მათგანი შეიძლება მომწამლავი აღმოჩნდეს, მაგრამ არის ადგილები, სადაც დიდი რისკები არსებობს. როგორ მოვიქცეთ?

- ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 10 ოქროს წესის ცოდნა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ნაწლავური ინფექციებისგან. მთავარი და უმთავრესია საკვების სწორად მომზადება, შენახვა და გამოყენება.

მნიშვნელოვანია შევარჩიოთ უსაფრთხო საკვები. უნდა ვიცოდეთ - სად არის დამზადებული, ვის მიერ, რა პირობებში, როდის, ხომ არ არის მალფუჭებადი. ეს ყველამ უნდა გაითავისოს

შეძენისას მოიძიეთ ინფორმაცია, სხვაგვარად ძნელია, ასე ვერავის აუკრძალავ გემრიელი საკვების მირთმევას. უნდა მიირთვათ, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინოთ როგორია ეს საკვები, ხომ არ არის შენახული, ან რა ტემპერატურაზეა შენახული. ყველა პროდუქტს თავისი შენახვის ტემპერატურა აქვს და აუცილებლად იმ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის "10 ოქროს წესი" ასეთია:

  • შეარჩიეთ უსაფრთხო საკვები;
  • მოამზადეთ ისე, როგორც საჭიროა - ხელები უნდა დაიბანოთ, ბოსტნეული, ხილი უნდა გარეცხოთ გამდინარე წყალში და საკვები სუფთად უნდა დამზადდეს;
  • მიირთვით ახლად დამზადებული საკვები;
  • დაიცავით საკვების შენახვის წესები;
  • გააცხელეთ წინა დღეს მომზადებული საკვები;
  • შეეცადეთ, ცალ-ცალკე იქონიოთ მომზადებული და უმი საკვებისთვის კონტეინერები;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით, ბავშვებმა, რადგანაც ხშირად ისინი უფრო ავადდებიან;
  • დაიცავით სამზარეულოში იდეალური სისუფთავე;
  • დაიცავით საკვები მწერების, მღრღნელების და ცხოველებისგან - ისინი ინფექციის გადამტანები არიან;
  • გამოიყენეთ სუფთა, სასმელად ვარგისი წყალი.

ეს არის წესები, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ნაწლავური ინფექციებისგან. საკვების სწორად მომზადებით და შენახვით პრობლემებს თავიდან ნამდვილად ავიცილებთ.

როგორც უკვე ვთქვით, ზაფხულში ბაქტერიები აქტიურდება, რაც ამ ინფექციების გამომწვევია. მათი მოხვედრა და საკვებში გავრცელება სწრაფად და ხშირად ხდება. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, მსოფლიოსაც აწუხებს.

- ინფექციების ძირითადი გამომწვევი მიზეზი საკვებია?

- გამომწვევი მიზეზი საკვებია, მაგრამ 2 წლამდე ბავშვებში არის ვირუსული ინფექციებიც. არის კიდევ სხვადასხვა ბაქტერია (კოლი, სალმონელა). ასევე შესაძლოა, პრობლემა ანტიობიოტიკების არარაციონალურად გამოყენების შედეგად შეიქმნას, ანუ ნაწლავებში საჭირო მიკრობების განადგურება მოხდეს და ამ დროს პროცესი მძიმედ მიმდინარეობს.

- პირველადი დახმარება რა არის. რა უნდა გააკეთოს პაციენტმა?

- როდესაც დაინფიცირება წყლით, ჭუჭყიანი ხელებით და საგნებით ხდება, პაციენტს ეწყება - ღებინება, რაც ერთგვარი თავდაცვაა, რომ ის ორგანიზმში მოხვედრილი უცხო სხეული გამოდევნოს. ორგანიზმში მოხვედრილი უცხო აგენტი ნაწლავებსა და სისხლში გადადის, იწევს ტემპერატურას, განავალი თხელდება, პაციენტი დიდი რაოდენობით წყალსა და ლორწოს კარგავს.

მკურნალობის პირველ ეტაპზე, სიმპტომატურად ამ გაუწყლოების გამო, სითხეებით უნდა დაიტვირთოს, რომ არ მოხდეს გამოფიტვა, არ ჩამოყალიბდეს ქოლერა და სხვა მწვავე ინფექციური დაავდება.

ამიტომ, საჭიროა მეტი რაოდენობით სითხის მიღება. ეს პირველი ეტაპია. შემდგომ უკვე სიმპტომური მკურნალობა უნდა დაიწყოს, რა დროსაც დგინდება, რა არის მიზეზი და რასთან გვაქვს საქმე. მკურნალობის ტაქტიკა ყველა ეტაპზე დასაწყისში მსგავსია - ხდება ტოქსინების გაუვნებელყოფა. შემდეგ კი უკვე იმის მიხედვით ვმოქმედებთ, რა ინფექციასთან გვაქვს საქმე და არის თუ არა საჭირო ანტიბიოტიკების დანიშვნა.

ნებისმიერ შემთხვევაში ექიმს დროულად და მანამდე უნდა მივმართოთ, სანამ გართულებები დაიწყება.

მაშ ასე, გავითვალისწინოთ სპეციალისტების მთავარი რეკომენდაციები:

- დავიბანოთ ხელები ხშირად!

- მოვერიდოთ საეჭვო ჰიგიენური მდგომარეობის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე ჭამას!

- ზაფხულში, მოვერიდოთ გარეთ ხორციანი საკვების, კრემიანი ნამცხვრის ჭამას!

- სახლში კარგად გავრეცხოთ საკვები პროდუქტები განსაკუთრებით ბოსტნეული და ხილი!

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ