ავტორი:

"არხზე იქნება "ჩემი ცოლის დაქალები" და კიდევ ერთი სერიალი" - ახალი დეტალები ტელეკომპანია "ფორმულაზე", რომელსაც, სავარაუდოდ კეზერაშვილი დააფინანსებს

"არხზე იქნება "ჩემი ცოლის დაქალები" და კიდევ ერთი სერიალი" - ახალი დეტალები ტელეკომპანია "ფორმულაზე", რომელსაც, სავარაუდოდ კეზერაშვილი დააფინანსებს

ახალი ტელეკომპანია "ფორმულა", რომელსაც "ფორმულა კრეატივი" ხსნის, მაუწყებლობას ოქტომბრიდან დაიწყებს. როგორც ტელევიზიის მომავალმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, მაუწყებლობის ავტორიზაციის მისაღებად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მათ დღეს მიმართეს.

გუმბარიძის ინფორმაციით, „ფორმულას“ მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. ამასთან, მისი ყურება როგორც საკაბელო კომპანიების, ისე სატელიტური და სტანდარტული ანტენებითაც იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, გუმბარიძე განმარტავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკება ინვესტორებთან ახლაც მიმდინარეობს. მათ შორის, ერთ-ერთი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.

"ახლა გავდივართ ინვესტორებთან საბოლოო დეტალებს და ცოტა ხანში უფრო ღიად ვიტყვით, ვინ იქნება. მათ შორის, ოფიციალურად შემიძლია დავადასტურო, რომ ამ თემაზე დავით კეზერაშვილთანაც გვაქვს მოლაპარაკებები“, - აღნიშნა მან.

ზუკა გუმბარიძე განმარტავს, რომ „ფორმულას“ კლასიკური საერთო მაუწყებლის ფორმატი ექნება, რომელიც სხვადასხვა ტიპის სატელევიზიო პროგრამას მოიცავს.

"ეს იქნება კლასიკური საერთო მაუწყებელი, სადაც იქნება ნიუსის სეგმენტი, თოქ-შოუები, გასართობი სეგმენტი. იქნება ჩვენივე, „ფორმულა კრეატივის" წარმოების სერიალი - „ჩემი ცოლის დაქალები“ და კიდევ ერთი სერიალი, რომელიც ეთერში დაემატება ამ წლის ბოლოდან. ეს არის ახალი სერიალი, რომლის რეპროდუქციის პროცესიც დაწყებული გვაქვს და ცოტა ხანში გადაღებასაც დავიწყებთ", - განმარტა AMBEBI.GE-სთან საუბარში "ფორმულას" მომავალმა დირექტორმა.

"ფორმულა კრეატივის“ დამფუძნებელმა ირაკლი საღინაძემ ახალი ტელეკომპანიის შექმნის შესახებ 1-ელ აგვისტოს დააანონსა. რამდენიმე საათით ადრე კი, ტელევიზიის დაფუძნების სურვილი "ფეისბუქის" პოსტში გაამჟღავნა ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა.

"კომპანია "ფორმულა კრეატივი" თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთად ქმნის ახალ მედიაპლატფორმას. გვაქვს სურვილი და ვალდებულება, შევქმნათ ხარისხიანი, უკომპრომისო, სანდო, ოპერატიული და ეფექტური მედია-საშუალება, ახალი ტელევიზია, სადაც ასპარეზი და პოზიციის გამოხატვის საშუალება ექნება ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას, პარტიას და ჯგუფს, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყნის განვითარებული და ცივილიზირებული მომავალი" - ნათქვამი იყო "ფორმულა კრეატივის" განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ