ავტორი:

"კლასიკური მუსიკა არასდროს მოკვდება" - რას უმზადებს ელისო ბოლქვაძე მსმენელს ბათუმის შავი ზღვის სახელოვნებო ფესტივალზე

"კლასიკური მუსიკა არასდროს მოკვდება" - რას უმზადებს ელისო ბოლქვაძე მსმენელს ბათუმის შავი ზღვის სახელოვნებო ფესტივალზე

2019 წლის 1-10 სექტემბერს, მზიან და საოცნებო ბათუმში შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

ათი დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქს მოეფინება კლასიკური მუსიკის ჰანგები, გაცოცხლდება ბახის, ბეთჰოვენის, სენსანსის, შოპენის, რაველის და ლისტის შედევრები. ფესტივალი უმასპინძლებს მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებს და საქართველოს მომავალი თაობის ვარსკვლავებს.

"წელს ფესტივალმა მესამედ მოიპოვა იუნესკოს პატრონაჟი, რაც მას განსაკუთრებულ და უნიკალურ სტატუსს ანიჭებს. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს სახელმწიფოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, პროექტის მხარდაჭერისთვის.

"ვიზეიმოთ კლასიკური მუსიკის დღესასწაული შავი ზღვის სანაპიროზე" - ეს ფესტივალის დამფუძნებლის, პიანისტ ელისო ბოლქვაძის მიმართვაა საზოგადოებისადმი.

AMBEBI.GE ქალბატონ ელისოს საფრანგეთში დაუკავშირდა და ამ საინტერესო ღონისძიების შესახებ გაესაუბრა:

"ბათუმის ფესტივალის მოსამზადებელი პერიოდი ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა. ფესტივალი 1-10 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება, ასევე ჩოხატაურის საკონცერტო დარბაზსა და ზუგდიდში, დადიანების სასახლეში. ფესტივალის ფარგლებში, გვინდოდა, რეგიონებშიც დაგვეტვირთა კულტურული სივრცეები.

ჩოხატაურში უკვე მესამედ ჩატარდება, რადგანაც არაჩვეულებრივი საკონცერტო ცენტრი აქვს ქალაქს, სადაც 300 ადამიანი ეტევა, მშვენიერი ატმოსფერო და დარბაზია, კარგი აკუსტიკა. დადიანების სასახლე წელს დაემატა, იქ კონცერტი 8 სექტემბერს, ღია ცის ქვეშ გაიმართება...

რაც შეეხება ბათუმს, წელს ფესტივალს პირველად გავხსნით ბათუმის დრამატული თეატრის ახალგარემონტებულ შენობაში, რომელსაც განსაკუთრებულად მოუხდება კლასიკური მუსიკა...

ძალიან მინდა, მასშტაბი გაიზარდოს და სხვადასხვა ხასიათის კონცერტი სხვადასხვა ადგილზე ჩავატაროთ, მაგრამ ჩემი მთავარი ამოცანაა, კონცერტების მაღალი ხარისხი, ამისთვის კი ბევრი რამ გვჭირდება: აკუსტიკური გარემო, ძალიან კარგი როიალი, შესაფერისი გარემო იმისთვის, რომ კლასიკურმა მუსიკამ კარგად გაიჟღეროს...

- არაჩვეულებრივი იდეაა - კლასიკური მუსიკა შავი ზღვის სანაპიროზე...

- თუმცა, კლასიკური მუსიკა მთებში და სხვადასხვა ადგილასაც არსებობს და მშვენივრად ჟღერს, მაგრამ ამჯერად კლასიკური მუსიკა შავი ზღვის სანაპიროზე, უკვე თავისთავად ხასიათშია. ის ცხადია, პოპულარულიც უნდა იყოს და პოპულარიზაციისთვის სწრაფვაც აუცილებელია, მაგრამ კლასიკური მუსიკა ელიტარული სფეროა და აქ ცოტა სიფრთხილეა საჭირო.

- ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს?

- თუ ის ჩარჩოებს სცდება, მაშინ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს გაკეთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება უგემოვნო აღმოჩნდეს. იმ მუსიკოსთა კატეგორიას მივეკუთნები, ვინც კლასიკურ მუსიკას მაღალ საფეხურზე აყენებს. ამიტომ, ამ ხაზს ზუსტად უნდა მივდიოთ. მიმაჩნია, რომ კლასიკური მუსიკა არასდროს მოკვდება და თავისი ადგილი ექნება, როგორც ბალეტს.

- ფესტივალის საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს და რას გულისხმობს ეს?

- სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ ცხადია ფესტივალზე მოწვეულები არიან მაღალი დონის არტისტები, მსმენელს მაღალი დონის მუსიკას შევთავაზებთ, რომელიც საინტერესო და დინამიკური იქნება. ამისთვის დავით მუქერია სპეციალურად ამზადებს ორკესტრს, ანუ საფესტივალო ორკესტრია შექმნილი. გაიჟღერებს ვივალდის, შოპენის, ბეთჰოვენის, შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები.

რაც შეეხება ფესტივალის საგანმანათლებლო კომპონენტს, ეს იმას ნიშნავს, რომ კლასიკური მუსიკა პოპულარული ახალგაზრდებში უნდა იყოს. ამიტომ, ფესტივალი საქართველოს რეგიონის 300-მდე ბავშვს საშუალებას აძლევს, არა მარტო კონცერტს დაესწროს და ეს ბედნიერება საფესტივალო დღეებში ყოველ საღამოს განიცადოს, არამედ დღის განმავლობაში სპეციალურად ჩვენ მიერ შემუშავებულ ტრენინგებზე მიიღოს მონაწილეობა.

- ე.ი. ფესტივალის დატვირთვა ახალგაზრდებში მუსიკალური გემოვნების ამაღლებასაც ითვალისწინებს?

- დიახ, ახალ თაობაში მელომანების ჩამოყალიბებას, კლასიკური მუსიკის მსმენელის ახალი ტალღის აღზრდას. დარწმუნებული ვარ, 12-13 წლის ბავშვები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ გამოწვევაში, ისეთ მაღალ ხელოვნებას შეეხებიან, აუცილებლად გემოვნებიან და კარგ მსმენელებად ჩამოყალიბდებიან. სხვანაირად აუმაღლდებათ ის კრეატივი, რაც მათშია.

ამიტომ, ვფიქრობ, თუკი ფესტივალი სახელმწიფო დაფინანსებით იმართება, მას უნდა ჰქონდეს თავის ამოსავალი წერტილები და აქცენტები. პირველ რიგში, მის ჩატარებას მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ქვეყნისთვის. ეს არ არის კომერციული პროექტი, როდესაც რომელიმე მსოფლიო ვარსკვლავი ჩამოგვყავს და კონცერტის შემდეგ მიდის, ანუ აქ არის ინტეგრირებული მასტერკლასები ახალი თაობისთვის და ახალგაზრდა პიანისტებისთვის.

დასკვნით კონცერტზე 6 ახალგაზრდა ბავშვი დაუკრავს, რითაც ვაჩვენებთ, რომ ეს არის საქართველოს მომავალი!

- ფესტივალს სახელწოდება შეეცვალა. რატომ?

- კი, ფესტივალმა სახელი შიცვალა - ბათუმის შავი ზღვის სახელოვნებო ფესტივალი, ასე ეწოდება. აქ ორი რამ არის: ერთი - შავი ზღვის ქვეყნების მჭიდრო კულტურული დაახლოება დიალოგის საფუძველზე და მეორე - მუსიკასთან ერთად, ხელოვნების სხვადასხვა დარგიც იქნება ჩართული.

მაგალითად, 7 სექტემბერს ძალიან საინტერესო მხატვრის გამოფენა გაიმართება და ბევრი ასეთი ღონისძიება, რაც ინტეგრირდება ფესტივალის ფორმატში.

- წარმატებული ადამიანი ბრძანდებით, ცხოვრებაში ბევრს მიაღწიეთ. ბევრი რამ გაქვთ გაკეთებული, მათ შორისაა ეს ფესტივალიც. რა ადგილს იკავებს ის თქვენს ცხოვრებაში?

- როდესაც ფესტივალი დავიწყე, შორს ვიყავი აზრისგან, რომ ამ საქმისთვის ამდენი ენერგიის დახარჯვა შემეძლო, რადგანაც პარიზში ცხოვრება და ბათუმში ფესტივალის გაკეთება ადვილი არ არის. რაღაც ეტაპზე ვფიქრობდი, რომ ალბათ აღარ უნდა გავაგრძელო, მაგრამ ბევრი ადამიანი უჭერდა მხარს, გამოხმაურება ჰქონდა, მადლობები მოდიოდა, რამაც მაფიქრებინა, რომ ფესტივალს თავის მნიშვნელობა ჰქონდა.

ბავშვობიდან მუსიკაში ვიყავი, პიანისტურ ცხოვრებაში თავიდანვე დიდი წარმატებები მქონდა, ამიტომ, პიანისტი ელისო ბოლქვაძის ასპექტი 30 წლამდე დავინახე და შემდგომ კი მხოლოდ პიანისტობა აღარ მყოფნიდა, თან, უკვე ცხოვრებამაც მოიტანა, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა და მივხვდი, რომ კიდევ მეტის გაკეთებაც შემიძლია...

2015 წლიდან „იუნესკოს“ მშვიდობის ხელოვანი გავხდი, ამანაც ახალი ფანჯარა გახსნა და მთელი სისავსით დავინახე, თუ რა შეიძლება ხელოვანმა გააკეთოს სოციუმისთვის. რეალურად, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ხელოვანს და „იუნესკოს“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც ეს არის. ამასთან, შემიძლია ჩემს ქვეყანას ეს ფენომენი გავუზიარო, ჩემი წვლილი ამ მიმართულებით შევიტანო.

მაღიზიანებს ურაპატრიოტიზმი, რაღაც ფრაზების გამეორება - საზღვარგარეთ ჩემმა ცხოვრებამ მეტად გააღვივა უნარი, სურვილი, თუ რამე შეგიძლია გაუკეთე შენს ქვეყანას ზედმეტი სიტყვების გარეშე! ამიტომ, ვცდილობ, სათქმელი საქმით ვთქვა, როგორც იტყვიან - საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება