ავტორი:

"რუსთავი 2"-ს ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და გიორგი ლაფერაშვილი ტოვებენ - რას ასახელებს მიზეზად არხის გენდირექტორი

"რუსთავი 2"-ს ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და გიორგი ლაფერაშვილი ტოვებენ - რას ასახელებს მიზეზად არხის გენდირექტორი

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ადასტურებს, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლებულია.

როგორც სალიამ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არხს ტოვებს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე შვებულებაში იმყოფებიან, მათ შორის ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი. სალია ადასტურებს არხიდან ნანუკა ჟორჟოლიანის წასვლასაც.

„ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე გათავისუფლებულია და მასთან ერთად გათავისუფლდება რამდენიმე ადამიანი, თუმცა ისინი ამ ეტაპზე შვებულებაში იმყოფებიან და შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს და მის მესაკუთრეს, იყოს კომპანიაში დასაქმებული“, - განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, „თუ ადგილი არ ექნება ინტერესთა კონფლიქტს, არც ერთ ადამიანთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, პოზიტიურის გარდა“.

„მე შეგახსენებთ და თქვენც ხედავთ, რომ მედიაში ხშირია სხვადასხვა ჟურნალისტის განცხადებები, მათ შორის გვესმის ყოვლად წარმოუდგენელი განცხადებები, რომ ჟურნალისტი, რომელიც არხზეა დასაქმებული, აპირებს რაღაცის გასაჩივრებას ან სხვასთან ერთად რაღაცას ასაჩივრებს, ან თავს მოიაზრებს იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც სარჩელები აქვს შეტანილი და ვინც ცდილობს შეცვალოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, რომ ეს არის წმინდა ინტერესთა კონფლიქტი და არ შეიძლება ადამიანს, რომელიც არის დასაქმებული არხზე, სურდეს შეიცვალოს მესაკუთრე და ამის მისაღწევად არ იშურდებდეს ძალ-ღონეს. შესაბამისად ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ასეთი ადამიანები ვერ იმუშავებენ არხზე და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. ის ადამიანები, რომლებიც ახლა შვებულებაში არიან, ან შვებულების პირობებში აკეთებენ ჩემი აზრით, უპასუხისმგებლო განცხადებას, რომ თურმე სხვა არხის დაფუძნებაში იღებენ მონაწილეობას, სხვა ტელეკომპანიის საქმიანობაში იღებენ მონაწილეობას, რაც პირდაპირ არის აკრძალული ჩვენი შრომითი ხელშეკრულებით...“, - განაცხადა სალიამ.

არხის გენერალურმა დირექტორმა ასევე დასძინა: „ისეთ ვითარებაში, როდესაც არხზე მომუშავე ჟურნალისტები თვლიან, რომ ბრძოლის რეჟიმში არიან ჩვენთან, ანუ მესაკუთრესთან და მენეჯმენტთან და ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ვერ იქნებიან არხის ერთგული“.

„ნოდარ მელაძეს და მასთან ერთად გათავისუფლებულ ადამიანებს აქვთ ინტერესთა კონფლიქტი. ჩვენი შეფასებით, დადებულია თვალთმაქცური გარიგებები სარეკლამო კომპანიასთან „ინტერმედია პლუსთან,“ საიდანაც ის მოგება, რომელიც უნდა მიეღო „რუსთავი 2“-ს, მოხვდა სხვა კომპანიაში. აღნიშნული კომპანიიდან ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ გატანილ იქნა ეს ფული, როგორც დივიდენდი და შემდეგ დარიგებული იქნა კონკრეტულ პირებზე, არ ვიცი საჩუქრის თუ რა სახით, რის შედეგადაც შეძენილია გარკვეული უძრავი ქონება. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც არხზე მომუშავე ჟურნალისტები თვლიან, რომ ბრძოლის რეჟიმში არიან ჩვენთან, ანუ მესაკუთრესთან და მენეჯმენტთან და ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი აზრით, დავალებული არიან სხვისგან, მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ვერ იქნებიან არხის ერთგული. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გუნდი იყოს ერთიანი, ეს გუნდი იყოს ძლიერი და კრიტიკული,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

ამასთან, პაატა სალიამ ჟურნალისტებს მიმართა, რომ თავიანთი დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების გარანტი თავად არიან. სალიას თქმით, ახლა არხის ხელმძღვანელობის თხოვნაა, რომ არხმა სიმშვიდე, „კურიერმა“ კი არსებული სიმწვავე შეინარჩუნოს.

„მე არ მჯერა, რომ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს რამის გარანტი. თქვენი პროფესიონალიზმის, თქვენი დამოუკიდებლობის და სიტყვის თავისუფლების გარანტი ხართ თქვენ თვითონ. თუ თქვენ რამე ეტაპზე ჩათვლით, რომ ვინმე გავწიროვებთ, ვინმე დავალებას გაძლევთ, თქვენ ვერავინ დაგასწრებთ კამერასთან მისვლას და ამის ღიად დაფიქსირებას. ამ ეტაპზე ჩვენი თხოვნაა, რომ არხმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, „კურიერმა“ შეინარჩუნოს ის სიმწვავე, რაც აქვს და ვიყოთ უფრო მეტად კრიტიკულები, ოღონდ როცა მეტ კრიტიკულობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ კრიტიკა უნდა იყოს უფრო მეტად დასაბუთებული,“ - განაცხადა სალიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ