ავტორი:

"ასეთი "გართობის" მსხვერპლი, გამოუცდელი ახალგაზრდები არიან" - გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლით გარდაცვლილი ბიჭი და რისკები გართობის სეზონზე

"ასეთი "გართობის" მსხვერპლი, გამოუცდელი ახალგაზრდები არიან" - გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლით გარდაცვლილი ბიჭი და რისკები გართობის სეზონზე

გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლის შედეგად ბათუმში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა. 19 აგვისტოს, გამთენიისას კლინიკა "მედ ცენტრში" სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორი გოგონა და ერთი ბიჭი შეიყვანა. ახალგაზრდა მამაკაცს დაუსვეს დიაგნოზი: დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტი. გოგონები საავადმყოფოდან მალევე გაწერს, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ბიჭის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა. შსს- მ საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ფაქტები, სამწუხაროდ განსაკუთრებით აქტიურდება ზაფხულში - დასვენებისა და მუსიკალური ფესტივალების სეზონზე. წინა წლებში რამდენიმე სამწუხარო შემთხვევა მოხდა, როცა ასევე დაუდგენელი ნივთიერებით, საზღვაო კურორტებზე ახალგაზრდები გარდაიცვალნენ.

გასულ წელს, ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დროს კლინიკებში 27 პირი გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 25 შემთხვევაში სხვადასხვა სახის ინტოქსიკაცია დაფიქსირდა.

რამდენიმე დღის წინ ბახმაროში გამართული Sunset Fest-ის ერთ-ერთმა მონაწილემ "ფეისბუქზე" დაწერა, თუ როგორ გადაიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდები სასწრაფო დამხმარების ბრიგადებმა ფესტივალიდან:

"2 ბავშვი გაასვენეს ამ წამს ცოცხალ-მკვდარი ფესტივალიდან, ცივები და თითქმის აღარ მსუნთქავები. აი, ბიჭო ამნაირი გართობის დედაც, ოთხჯერ რომ შემომთავაზეს ბიო... ტრაგიკომედიაა აქაურობა, მუსიკა, როკვა და დაცემული ბავშვები, ისევ ბავშვები რომ უვლიან და მიასვენებენ. არც ადგილზე მობილიზირებული სასწრაფო დახმარება, არაფერი. 1 გოგონა და 1 ბიჭი ათი წუთის შუალედით გაითიშნენ და წაიღეს..." - წერს თორნიკე, რომელიც Sunset Fest-ს ესწრებოდა.

ექსპერტები პრობლემის მასშტაბურობაზე საუბრობენ და სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვენ, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც პრევენციაზე, ისე ზიანის შემცირებაზე.

AMBEBI.GE ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პროფესორ ხათუნა თოდაძეს ესაუბრა:

„მთელ მსოფლიოში ხდება ასეთი ტრაგედიები. ხშირად ეს ნარკოტიკული საშუალებები იმ ტიპისაა, რომლებიც უფრო მეტად ხელს უწყობს გუნება-განწყობის აწევასა და აქტივობას და არა პასიურ სიამოვნებას. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მაინც მარიხუანა, ექსტაზის ტიპის ნარკოტიკები და სინთეტიკური ნარკოტიკებია - ქიმიურად დამზადებული აბებისა და ხსნარების სახით.

სამწუხაროდ, მომხმარებელმა ძალიან ხშირად არ იცის რა ნარკოტიკულ საშუალებას იყენებს და რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს იმ ნარკოტიკების მიღებამ, რომელსაც მოიხმარს. ხშირია სხვადასხვა ნარკოტიკების შერევის შემთხვევები, ისინი აძლიერებენ მოქმედებას და შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის ბლოკირება, რაც თავის მხრივ იწვევს სიკვდილს. ასეთი "გართობის" მსხვერპლნი ხშირად არიან გამოუცდელი ახალგაზრდები.

ეუბნებიან რომ ხუთ წუთში დაგეწყება მოქმედება, ათ წუთში და რომ ვერ გრძნობენ მოქმედებას, ამატებენ და მერე ერთიანად ხდება მოქმედება...

პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა, მაგრამ ეს უნდა დაიწყოს გაცილებით ადრე - სკოლის ასაკში, სტუდენტობისას და ა.შ. მოზარდს არ უნდა გაუჩნდეს სურვილი რეალობიდან გაქცევის. სპეციალური პრევენციული პროგრამებია, რომელბიც ძალიან ბევრ ქვეყანაში მუშაობს. წლიდან წლამდე ასწავლიან ახალგაზრდებს მთელ რიგ უნარ-ჩვევებს, როგორ აიღონ საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა და არ წამოეგონ შეთავაზებაზე თუ მას არ უნდა - ისწავლონ არას თქმა.

ასევე, მოზარდებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ნარკოტიკმა და ა.შ. ასპროცენტიანი კონტროლი შეუძლებებლია, ამიტომ სახელმწიფომ უნდა იმუშაოს ზიანის შემცირებაზეც. მაგალითად ბევრ ევროპულ ქვეყანაში არსებობს სპეციალური ლაბორატორიები, რომლებიც მოწყობილია ფესტივალების ტერიტორიაზე, კლუბებში. იქ ხდება ნარკოტიკის ხარისხის შემოწმება, რაც იცავს მომხმარებელს ლეტალური შედეგისგან" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ხათუნა თოდაძემ.

სამოქალაქო აქტივისტი და ადიქტოლოგი, ორგანიზაცია ENPUD-ის თანამშრომელი დავით სუბელიანი, მუსიკალურ ფესტივალებზე ნარკოტიკული ინტოქსიკაციის გახშირებულ შემთხვევებზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აყენებს, რომელმაც ამ გამოწვევის საპასუხოდ სათანადო რეფორმები არ გაატარა და ინარჩუნებს მკაცრი კონტროლის პოლიტიკას, რაც არათუ ვერ შველის მდგომარეობას, კონტრპროდუქტიულიც კი არის.

დავით სუბელიანის განმარტებით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს სისტემური რეფორმები, რომლებიც ზიანის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული:

„უნდა არსებობდეს ნარკოტიკების შემოწმების სისტემა, ვინაიდან ბაზარი არის შავი და არ არსებობს ხარისხის კონტროლის სისტემები, რაც დაიცავდა მომხმარებელს. ფესტივალებზე და კლუბებში უნდა მოხდეს ისეთი სისტემების დანერგვა, რაც კარგად არის აპრობირებული ევროპულ ქვეყნებში. უნდა მისცენ ორგანიზაციებს საშუალება, რომლებმაც იციან ეს საქმე და აქვს სპეციალური აღჭურვილობა და მისცენ მუშაობის საშუალება.

მე რომ ვარ მინისტრი გახარია და ვხედავ ხალხი მიკვდება და აკრძალვა არ ჭრის, უნდა გავაკეთო ის, რასაც უკვე კარგა ხანია აკეთებენ დასავლეთის ქვეყნებში - მივცე შესაძლებლობა ზიანის შემცირებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს ადგილზე, პოლიციელების კონტოლის გარეშე აწარმოონ მომხმარებლებთან მათ ხელთ არსებული ნარკოტიკული საშუალებების ნებაყოფლობითი შემოწმების სამუშაოები.

არსებობს საველე ლაბორატორიები, რომლებიც წუთების განმავლობაში იძლევიან დაზუსტებულ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ კონკრეტულად რა ნივთიერებას და რა კონცენტრაციით შეიცავს ესა თუ ის ნარკოტიკული საშუალება. ამ გზით მომხმარებელს ეძლევა ზუსტი ინფორმაცია მის ხელთ არსებული პროდუქტის და დაკავშირებული რისკების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინტოქსიკაციის და მით უფრო, ფატალური შემთხვევების რიცხვს.

ის რომ კონტროლი არ მუშაობს, შედეგს არ გვაძლევს, კარგა ხანია ვიცით და მნიშვნელოვანია სახელმწიფომაც აღიაროს ეს და ჩაანაცვლოს ის მეტად ეფექტური მიდგომით, ზიანის შემცირებით.

მე ვმუშაობ კვლევაზე, რომელიც სწავლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს ნარკოტიკების მომხმარებლებთან მიმართებაში - მიუხედავად იმისა, რომ ასობით ადამიანი იღუპება ყოველწლიურად საქართველოში ნარკოტიკულო ზედოზირებით, ჩვენ ვნახულობთ რომ სისტემას აქვს უაღრესად დიდი ხარვეზი ამ პრობლემის შესახებ სტატისტიკის წარმოების, რაც შემდგომში პრობლემას ქმნის სათანადო სახელმწიფო პროგრამების დანერგვის კუთხით.

მაგალითად, ისეთი გახმაურებული შემთხვევებიც კი, როდესაც სრულიად მედია საუბრობდა ერთ-ერთ მსგავს შემთხვევაზე როდესაც ათობით ადამიანი იქნა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი ერთ-ერთი მახლობელი ფესტივალიდან, თვით ჯანდაცვის მინისტრიც კი და სხვა ოფიციალური პირები იძლეოდნენ ინტერვიუებს გარდაცვლილი გოგონას და სავადმყოფოში განთავსებული, მოწამლული ადამიანების შესახებ, მონაწილე ექიმები იძლეოდნენ კომენტარებს და მეტიც, სასწრაფოების გამოძახებაც სწორედ იმ ინფორმაციით მოხდა, რომ უცნობი ნარკოტიკული საშუალება იყო ათობით ადამიანის ცუდად ყოფნის მიზეზი, იგივე პერიოდში, თბილისს გარეთ სახელმწიფო ჯანდაცვით სისტემაში არ ფიქსირდება არც ერთი შემთხვევა, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწიათ ადამიანებს ნარკოტიკული ზედოზირების თუ ინტოქსიკაციის გამო.

ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად გულგრილია დამოკიდებულება პრობლემისადმი. იმ პირობებში, როდესაც სისტემა ვერ ასახავს რეალობას, შეუძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროგრამები სათანადოდ მომზადებულნი დახვდნენ მსგავს შემთხვევებს.

ვიდრე ეს საკითხი ძალოვანების ზრუნვის საგანია, სათანადო სამედიცინო თუ ზიანის შემცირების პროგრამების დანერგვა შეუძლებელია" - ამბობს სუბელიანი და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს იღებენ, გაფრთხილებებს აძლევს:

  • არ აურიოთ ნარკოტიკული საშუალებები ერთმანეთში და განსაკუთრებით ალკოჰოლთან
  • დალიეთ წყალი, მაგრამ ზედმეტი წყალი (1 ლიტრზე მეტი ერთ საათში), შეიძლება გახდეს წყლით ინტოქსიკაციის მიზეზი, რა დროსაც ორგანიზმში ელექტროლიტების კონცენტრაცია იმდენად მცირდება, რომ ვითარდება ჰიპონატრემია, რაც ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს (არსებობს გახმაურებული შემთხვევა, როდესაც ბრიტანელმა გოგონამ, გადახურებისგან თავის დასაცავად, მას შემდეგ რაც საკუთარ მე-18 დაბადების დღეზე MDMA მიიღო, ძალიან ბევრი წყალი დალია - დაახლოებით 7 ლიტრამდე საათნახევრის განმავლობაში. მას ჯერ თავის ტკივილი დაეწყო, მგრძნობელობა დაკარგა და საბოლოო ჯამში გარდაიცვალა)
  • ორგანიზმი არ უნდა გადახურდეს, შეისვენეთ! დრო და დრო საცეკვაო მოედნიდან ჩრდილში გადანაცვლება და ორგანიზმის ტემპერატურის დაგდება კრიტიკული მნიშვნელობის არის, მით უფრო ზაფხულის მუსიკალური ფესტივალების დროს
  • ეცადონ, რომ ფხიზელი მეგობარი ყავდეთ გვერდით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იზრუნებს მათზე
  • უნდა იცოდნენ, რომ 112-ზე დარეკვა შეიძლება! უთხარით ოპერატორს გამოძახების მიზეზი და ამ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად სამართალდამცველები არ მოვლენ
  • ნუ ენდობით უცნობი ადამიანისგან შემოთავაზებულ ნარკოტიკულ საშუალებას! თუკი ფესტივალზე არიან ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული მოხალისეები, გაესაუბრეთ მათ. შესაძლოა, მათ შეძლონ თქვენთვის რჩევების მოცემა, თქვენი დახმარება ნარკოტიკული ინტოქსიკაციის თავიდან აცილების მიზნით.

"საქართველოს მოქალქეებს აღარ დაჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად" - რა სიახლეზე წერს ელჩი ლაშა ჟვანია

ვინ იყვნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში იმ დროს, რა პერიოდითაც პროკურატურა დაინტერესდა?

covid-19-ის მქონე რომელ პაციენტს მიენიჭება 10 დღის შემდეგ გამოჯანმრთელებულის სტატუსი - რა აჩვენა კვლევამ და რას ითვალისწინებს ახალი პროტოკოლი