ავტორი:

რა ხდება დღეს დილით სოფელ ჩორჩანასთან, მას შემდეგ, რაც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

რა ხდება დღეს დილით სოფელ ჩორჩანასთან, მას შემდეგ, რაც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

დღეს გამთენიისას ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს. კერძოდ, საუბარია სოფელ წნელისთან ქართული პოსტის დილის ექვს საათამდე გაუქმებაზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანასთან ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე და საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე იმყოფებიან.

ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტის გაუქმება არც კი განიხილება. ამის შესახებ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს სოფელ ჩორჩანასთან განუცხადა.

„ეს არის და ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია, მათ შორის, იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ“,- განაცხადა დარსალიამ.

ამასთან, მისივე თქმით, მთავარი ამოცანა იყო, რომ საზოგადოებას თავისი თვალით ენახა აქ არსებული ვითარება.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ მედიას, რათა დაინტერესებულ საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს არსებულ ვითარებაზე. ყველაზე მთავარი ახლა არის სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად მუშაობს ამ დღეებში, შეიძლება ითქვას 24 - საათიან რეჟიმში.

მაგალითად, გუშინ დაუყოვნებლივ შევკრიბეთ დიპლომატიური კორპუსი, ასევე შესაბამისი ინსტრუქციები მივეცით შესაბამის საელჩოებს, რომლებიც ამ წუთებშიც მუშაობენ ჩვენს პარტნიორებთნ. შეიძლება ითქვას, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ, ყოველწუთიერ რეჟიმში ვართ კონტაქტზე ჩვენ პარტნიორებთან, რათა მათ მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია და ერთობლივად დავგეგმოთ შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ არ მოხდეს ვითარების შემდგომი ესკალაცია“,- განაცხადა დარსალიამ.

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის კახა ქემოკლიძის განცხადებით, დღის განმავლობაში ელოდებიან რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს და არ არის გამორიცხული, რომ შედგეს შეხვედრა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„ეს არის ჩვეულებრივი ინციდენტი, რომელიც საჭიროებს ძალიან პრაგმატულ, მშვიდ, წყნარ მიდგომას და ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტების გააქტიურებას, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის მშვიდად და წყნარად დარეგულირება.

ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ვითარება ადგილზე არსებულ პროცესს ნამდვილად არ აჯანსაღებს. ნებისმიერი მოლაპარაკებების ფორმატში, როდესაც ულტიმატუმებით ხდება პოზიციების დაფიქსირება, ეს უკვე პრობლემაა.

დიდი იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე დე ფაქტო ხელისუფლება ერთის მხრივ პოზიციას შეარბილებს და მეორე მხრივ, გაითვალისწინებს იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომელიც ადგილზეა და ეს ფაქტობრივი მოცემულობა არის ძალიან მარტივი - ხაშურის რაიონში მდებარე სოფელი ჩორჩანა 2008 წლის ომამადეც და მის შემდეგაც იყო და არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია“,- განაცხადა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, ის, რომ თითქოს დღეს გამოჩნდნენ აქ ქართველი პოლიციელები, არის აბსოლუტურად არარეალური, რადგან ქართველი პოლიციელები აქ ყოველთვის მოძრაობდნენ, მაგრამ ამ ადგილზე არ იყო პოლიციის საგუშაგო.

„ჩვენ მოვისმინეთ ძალზე უცნაური განცხადებები დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ჩემი აზრით რაციონალურ შინაარსს მოკლებულია“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

"წინასაარჩევნო" ორომტრიალი აფხაზეთში - ვინ არიან "პრეზიდენტობის" გამოკვეთილი კანდიდატები და რა საფრთხე ემუქრება რაულ ხაჯიმბას

ამერიკელი დიპლომატი, აგვისტოს ომის შესახებ, მისი "სკანდალური განცხადების" სწორ ვერსიას ავრცელებს

ცხინვალის მაღაზიებში სურსათის დეფიციტი დაიწყო - რას უკავშირებენ ადგილობრივები საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემებს