ავტორი:

"დახურულ სივრცეში ვიყავით გამოკეტილი, პერსონალი ზოგიერთ პაციენტს სცემდა..." - რა პრობლემებს აწყდებიან ფსიქიკური დაავადების მქონენი საქართველოში

"დახურულ სივრცეში ვიყავით გამოკეტილი, პერსონალი ზოგიერთ პაციენტს სცემდა..." - რა პრობლემებს აწყდებიან ფსიქიკური დაავადების მქონენი საქართველოში

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოწვევად რჩება ჯანდაცვის სისტემაში. თუმცა, მასზე მსჯელობა მხოლოდ მაშინ იწყება, როცა ტრაგიკული შემთხვევა მოხდება და ფაქტი მთელს საზოგადოებას აღაშფოთებს.

რამდენიმე დღის წინ, თბილისში გამვლელმა ქალმა ბავშვი დანით დაჭრა. ექსპერტიზას ჯერ არ დაუდგენია, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ 51 წლის ქალი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონეა და სამედიცინო დაწესებულებაშიც იწვა, მედიკამენტებსაც იღებდა.

საზოგადოება შეძრა თებერვალში, რუსთავში დატრიალებულმა ტრაგედიამ - 29 წლის მამაკაცმა 13 წლის ძმიშვილი დანით მოკლა. ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ახლობლების თქმით, მას რამდენიმე დღით ადრე სტაციონარში მოთავსებაზე უარი უთხრეს, პალატების გადატვირთულობა გამო...

სამწუხაროდ, უამრავი ასეთი ფაქტის გახსენება შეიძლება, სადაც ორივე მხარე მსხვერპლია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ძალადობრივი ფაქტების გაიგივება ფსიქიკურ პრობლემებთან დაუშვებელია. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, მოძალადეების ძალიან მცირე ნაწილს აღენიშნება ფსიქიკური პრობლემები, ხოლო ასეთი პრობლემების მქონე ადამიანები, ყველაზე ხშირად თავად არიან დაუცველები და ძალადობის მსხვერპლნი...

36 წლის ოლღა კალინა ევროპული ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა ქსელის თავმჯდომარეა, ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებს ეხმარება უფლებების დაცვაში. რამდენიმე წელია მუშაობს სახალხო დამცველის აპარატში, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ერთ-ერთ მონიტორად და ყოველდღიურ რეჟიმში უწევს სისტემის პრობლემებზე მუშაობა.

თავად ორჯერ მოუწია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობა, აქვს პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი. ოლღამ საკუთარ თავზე გამოსცადა და შიგნიდან დაინახა ყველა ის ხარვეზი, რაც ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემაშია.

კალინა AMBEBI.GE-ს საკუთარ ისტორიას უყვება და ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყვველაზე მძიმე პერიოდი მის ცხოვრებაში, თუმცა გამოცდილება, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გატარებულმა წლებმა შემატა, უნიკალური და მრავლისმომცემია.

ოლღა კალინა. ფოტო: ნინო ბაიდაური

"ფსიქიატრიული დახმარების პროგრამას პირველად 2005 წელს შევეხე, ბიოლოგიის მაგისტრატურის პირველ კურსზე. უცებ დამეწყო პრობლემები, უძილობა, გარკვეული უცნაური გამოვლინებები, შევწყვიტე კონტაქტი ირგვლივმყოფებთან...

ჩემმა ოჯახმა ძალიან ინერვიულა, მიმიყვანეს თბილისის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ ინსტიტუციაში, სადაც ჩემი ნების წინააღმდეგ ჩამკეტეს განყოფილებაში, შემბოჭეს და გამიკეთეს ფსიქოტროპული წამლის ინექცია

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 2-3 კვირა ვიყავი ჩაკეტილი, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ შოკი მიმეღო. უცებ აღმოვაჩინე, რომ 21-ე საუკუნეში თურმე არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ადამიანის პიროვნებას, ნებას, უფლებებს სრულად აიგნორებენ და სადაც შენი მდგომარეობის გაპროტესტება ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შეზღუდვებს და ინექციებს, იმ ლოგიკით, რომ ფსიქიკურად ავადმყოფი ყოველთვის აპროტესტებს, რომ ფსიქიკურად ავადმყოფია და ექიმმა ყოველთვის უკეთ იცის, რა გჭირდება შენ.

იმ პერიოდში განადგურებულად ვგრძნობდი თავს, არა მარტო იმიტომ, რომ ფსიქიკური კრიზისი დამემართა, არამედ იმიტომაც, რომ უცებ დავკარგე ჩემი ადგილი სამყაროში. გავხდი ქრონიკული ავადმყოფი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უწევდა ფსიქოტროპული წამლების დალევა და წიგნებზე, გეგმებზე უარის თქმა.

ამასთან ვფიქრობდი, რომ რადგან ჩემი ტვინი ავად არის, არ ღირს ჩემი იდეების განხორციელება, სხვა ადამიანებს უნდა მოვუსმინო. ეს საშინელი პერიოდი დღემდე რჩება ჩემს ცხოვრებაში ნულოვან წერტილად, სადაც პიროვნება იმ დონემდე ეცემა, რომ პასიურ რეჟიმში გადადის და ყველაფერში დამოკიდებულია სხვა ადამიანების გადაწყვეტილებებზე.

ფსიქიატრიული დაწესებულების ბენეფიციართა ნამუშევრები

იქ ყოფნისას ვიგრძენი, რომ სისტემისთვის მე, როგორც პიროვნება არ ვარსებობ. ჩვენ ყველანი დახურულ სივრცეში ვიყავით გამოკეტილები, პერსონალი ზოგიერთ პაციენტს სცემდა კიდეც, განსაკუთრებით მათ, ვისაც გადაადგილება უჭირდათ. მედპერსონალი ჩვენთან ძირითადად არ საუბრობდა, მაშინ კი როცა საუბრობდა, იგრძნობოდა დაცინვის ტონი...

ადამიანებს აქ ორ ჯგუფად ჰყოფდნენ - „ავადმყოფებად“და „ნორმალურებად“. მე ავადმყოფის სტატუსი მქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე ბარიკადების ერთ მხარეს, დანარჩენი სამყარო სხვა მხარეს იდგა

დანარჩენი სამყაროს იმედი არ გვქონდა, მათ ხომ ასეთი დამანგრეველი სისტემის არსებობა დაუშვეს? ისინი ხომ ფიქრობენ, რომ თუ ფსიქიკური დაავადების დიაგნოზი გაქვს, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩარევა ნებადართულია და ფსიქიატრმა უკეთ იცის რა გჭირდება.

14 წელი გავიდა ჩემი პირველი სტაციონირებიდან, ახლა როგორც სპეციალისტმა, რომელსაც მონიტორინგის მიზნით მოვლილი აქვს თითქმის ყველა ფსიქიატრიული დაწესებულება, შემიძლია ვთქვა, რომ სამწუხაროდ, ჩემი მონათხრობიდან ბევრი რამ კვლავაც უცვლელი დარჩა" - გვიყვება ოლღა კალინა.

როდესაც მსჯელობა იწყება ფსიქიკური ჯანდაცვის პრობლემებზე, დარგის ექსპერტები პირველი რიგის გამოწვევად სტიგმას ასახელებენ. დისკრიმინაციული დამოკიდებულებებიდან ყველაზე გავრცელებულია მითები იმის შესახებ, რომ ყოველი მათგანი არის მოძალადე, საზოგადოებისთვის საშიში და გონებაჩამორჩენილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) პროგნოზით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები კიდევ უფრო გავრცელებული გახდება. ორგანიზაცია აძლევს რეკომენდაციას ქვეყნებს დარგი პრიორიტეტში აყვანონ. ჯანმო საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ამბობს, რომ ქვეყანა დარგში ადამიანური რესურსისა და დაფინანსების ნაკლებობას განიცდის.

ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გაწეული ხარჯი, ერთ ადამიანზე 4.38 ლარს შეადგენს, მაშინ როცა აღნიშნული თანხის ოდენობა საფრანგეთსა და გერმანიაში 300 ევროს აღემატება, აშშ-ში - 300 დოლარს.

ამ და სხვა არაერთ პრობლემაზე მიუთითებს სახალხო დამცველი თავის ყოველწლიურ ანგარიშებში და გასცემს რეკომენდაციებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ომბუდსმენი მრავალი წელია საჭიროდ მიიჩნევს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებას, უკვე მოქმედ კანონებსა და დადგენილებებში ცვლილებების შეტანას, რომლებიც ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის სრულყოფისთვის აუცილებელია, თუმცა როგორც ამავე ანგარიშებში ვკითხულობთ, მათი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გაუთვალისწინებელი რჩება.

2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 20,550 მლნ ლარი იყო, 2019 წელს კი 24 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა აღსანიშნავია ის რომ, მიმდინარე წელს პროგრამის თითოეული კომპონენტის ბიუჯეტის გაზრდა თავშესაფრის ბენეფიციარის სადღეღამისო ხარჯზე არ ასახულა. იგი კვლავ 17 ლარს შეადგენს დღე-ღამეში. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში მედიკამენტების, მოვლა-პატრონობის ხარჯებთან ერთად, კომუნალური გადასახადებიც არის გათვალისწინებული. ასევე, უცვლელი დარჩა გრძელვადიან მკურნალობაზე მყოფი პაციენტის საწოლის ფასიც და ძველებურად 23 ლარს შეადგენს. სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ ეს იმდენად მწირი დაფინანსებაა, სერვისის სრულყოფილებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

AMBEBI.GE-ს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსი ირინე ობოლაძე ესაუბრება:

"პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და მნიშვნელოვან ძირეულ რეფორმებს საჭიროებს. არსებული მდგომარეობით, „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ (სურამის ფსიქიატრიული კლინიკა), ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკასა და ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, კვლავ პრობლემად რჩება:

სურამის ფსიქიატრიული კლინიკა რეაბილიტაციის შემდეგ

პალატების გადატვირთულობა, პაციენტების პირადი სივრცის არარსებობა და პრივატულობის დაუცველობა, პაციენტების არაადაპტირებული გარემო, შენობების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და პაციენტთა პირადი ჰიგიენის დაუცველობა, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა, სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, სათანადო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის და მხარდამჭერი სერვისების არარსებობა, პაციენტთა ნების უგულებელყოფის პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არა ნებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია.

დღეისათვის მოქმედ 10 დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ღირსეულ ცხოვრებასა და უფლებების დაცვას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელმა სახელმწიფო უწყებებმა უმოკლეს ვადებში გადადგან ეფექტიანი ნაბიჯები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, მათ შორის, საოჯახო ტიპის მომსახურებების განვითარების ხელშესაწყობად" - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბარში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

"ფსიქიატრთა საზოგადოების" თავმჯდომარის, ფსიქიატრ ეკა ჭყონიას თქმით კი, უპირველესი პრობლემა სისტემის, როგორც ერთი მთლიანობის არარსებობაა:

"ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში ძალიან ბევრი პრობლემაა. ვხედავთ, რომ თანმიმდევრულობა ამ პროცესებს აკლია. ამის შედეგია ტრაგიუკული შემთხვევები, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. გვაქვს დაქსაქსული სერვისები და მთლიანობაში შეკრული სისტემა არ გვაქვს. ინსტიტუციური სერვისები არ ფუნქციონირებს. დროულად ვერ აწვდი შესაბამისი ხარისხის მომსახურებას.

იმისთვის, რომ ტრაგედია არ მოხდეს, იმისთვის, რომ ჩვენი პაციენტები დაცულები იყვნენ ასეთი შედეგებისგან, საჭიროა სტანდარტები და მონიტორინგი. შევდივართ ჩიხში და უფრო მეტი ასეთი შემთხვევა გვექნება, სამწუხაროდ

ფსიქიატრი განმარტავს, რომ ფსიქიკური ჯანდაცვის სფერო არა შენობების რემონტის დონეზე, არამედ შინაარსობრივად არის შესაცვლელი. მისი თქმით, ამ სფეროსთვის სტანდარტიზაციია და მონიტორინგის სისტემის სრულყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

"100 პაციენტზე 3-4 მედპერსონალი როცა გყავს, სრულიად გასაგებია, რომ ასეთი შემთხვევები გარდაუვალია. დღიურად 17 ლარია გამოყოფილი და ამაში შედის ყველაფერი, პერსონალის ხელფასის ჩათვლით. შეუძლებელია იმედი გქონდეს, რომ რაიმე ხარისხს მიაღწევ" - გვეუბნება ჭყონია.

როგორც "ფსიქიატრთა საზოგადოების" თავმჯდომარე ამბობს, ის და მისი კოლეგები ყოველდღე აწყდებიან პაციენტის სტაციონარში განთავსების პრობლემას. როგორც წესი, არ არის ადგილები, რაც სფეროს არასწორი დაგეგმვისა და არასათანადო დაფინანსების შედეგია. ფსიქიატრის თქმით, ორი წელია კოლეგებთან ერთად მუშაობს სტანდარტებზე:

"სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. თავიდან თითქოს რაღაცაზე ვთანხმდებით და სრულიად სხვა პროცესები მიდის მერე. სამწუხაროა, რომ ძირითადად უდგებიან ფინანსური კუთხით და არა პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე" - ამბობს ჭყონია.

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია AMBEBI.GE-სთან საუბარში არ უარყოფს, რომ დარგში პრობლემები მართლაც არსებობს, თუმცა სახელმწიფო ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტულად მიიჩნევს, რასაც მისი თქმით, დაფინანსების გაზრდაც მოწმობს.

"ბოლო პერიოდში იზრდება ფსიქიკური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. ექვსჯერ და მეტად გაიზარდა თემზე დაფუძნებული მობილური ჯგუფების დაფინანასება. თუ ეს იყო 2017 წელს 232 000 ლარი 2019 წელს გახდა მილიონ შვიდასი ათასი ლარი. 2020 წლეს კიდევ სამი მილიონით გაიზრდება ბიუჯეტი, რაც ასევე მიმართული იქნება სათემო ამბულატორიულ სერვისზე.

მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია თემზე მობილური რეაგირების ჯგუფების სისტემის შექმნა. რას ნიშნავს ეს სისტემა? როდესაც, მაგალითად, პაციენტი გამოეწერება საავადმყოფოდან და მას სჭირდება სახლში მიიღოს მომსახურება, მედიკამენტები, ფსიქიატრთან კონსულტაცია და ასე შემდეგ, ან როდესაც პაციენტი უარს აცხადებს საავადმყოფოში ვიზიტზე, მობილური ჯგუფები, რომლებიც შედგება ექიმი ფსიქიატრისგან, ექთნისგან და სოციალური მუშაკისგან, აკითხავენ პაციენტს ოჯახში და ადგილზე უწევენ სამედიცინო დახმარებას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია იქნება აქცენტირებული საოჯახო ტიპის დაწესებულებების დანერგვაზე. რადგან არიან ისეთი პაციენტები, რომლებიც არ საჭირობენ დაწესებულებაში ყოფნას, მაგრამ მაინც რჩებიან იქ, რადგან წასასვლელი არსად აქვთ. ეს კი იწვევს ადგილების გადატვირთვას. წელს დაგეგმილია და მიმდინარეობს რუსთავში საოჯახო ტიპის დაწესებულების მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 25 საწოლზე და გაზაფხულამდე დასრულდება.

ასევე შეირჩევა ლოკაციები სხვა ადგილებშიც, სადაც ამის მეტი საჭიროებაა. კახეთშია ორი ცენტრის აშენება დაგეგმილი, ჩინეთის მთავრობა გვეხმარება და 30 საწოლზე იქნება გათვლილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა რამდენიმე საავადმყოფოში, სურამსა და ბედიანში. ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო თემზე დაფუძნებული მობილური ჯგუფების შექმნა, გარდა ამისა, წელს ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამა - რეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს ფსიქიატრიაზე სწავლას, სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო სწავლის საფასურს" - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

თანამედროვე მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის სტარატეგიის მთავარ ამოცანად დეინსტიტუონალიზაციას მიჩნევს. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები, არ უნდა იყოს იზოლაციაში, ინსტიტუციაში ჩაკეტილი, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი უნარები გამოიყენოს, იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში, ჰქონდეს დასაქმების საშუალება და ა.შ. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, ეს რთულად განსახორციელებელი და ამ ეტაპზე არარეალისტური მიზნებია...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი