ავტორი:

ახალგორის გზა კვლავ ჩაკეტილია - ადგილობრივებს წამლის და საკვების დეფიციტის ეშინიათ

ახალგორის გზა კვლავ ჩაკეტილია - ადგილობრივებს წამლის და საკვების დეფიციტის ეშინიათ

ოკუპირებული ახალგორის გზა კვლავ დაკეტილია. ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაბა ახალგორთან მდებარე “გამშვები პუნქტი” 6 სექტემბერს უნდა გახსნილიყო, თუმცა, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.

Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, გასულ კვირას ახალგორის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, პრაქტიკულად ნახევარმა, გზის დაკეტვის საფრთხის გამო, დაბა დატოვა.

გამოცემის ცნობით, იმ 1000-მდე ადამიანიდან, რომელიც რაიონში ცხოვრობდა, ე.წ. რაზდახანის გამშვები პუნქტით ქართულ მხარეს 400-მდე ადამიანი გადმოვიდა და თან ავეჯი თუ პირადი ნივთები გადმოიტანა.

ახალგორში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. გამშვები პუნქტი სამუდამოდ ჩაიკეტა, თუმცა, ამის შესახებ არაფერს ამბობს ბიბილოვის "ადმინისტრაცია", არც ოსური მედია, თუ არ ჩავთვლით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებ-გვერდის განცხადებას, რომ “სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით პუნქტი დროებით, 6 სექტემბრამდე ჩაიკეტებოდა..."

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი AMBEBI.GE-ს უამბობს:

- 5 სექტემბერს გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ გზა სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაიკეტა, თუმცა, აგერ უკვე 9 სექტემბერია და არაფერი შეცვლილა. არც ის ვიცით, რა აქვთ გეგმაში... არც რაიონის ადმინისტრაცია და ადგილობრივი დეპუტატები იღებენ ხმას. არც ერთი განცხადება არ გავრცელებულა, რომ არაფერი ვთქვათ, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ვინმე ხომ უნდა შეგვხვდეს და აგვიხსნას, რაშია საქმე? რა ხდება ჩვენს თავს? მერამდენე დღეა ასე ველოდებით...

- ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა როგორია?

- შეშინებული არიან, რადგან როდესაც ხანგრძლივად იკეტება გზა, უკვე პანიკაა ხალხში. მიმდინარე წლის იანვარში, თვენახევრით ჩაიკეტა, მაგრამ მაშინ თქვეს, რომ როცა გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ იქნებოდა, მაშინ გახსნიდნენ. ახლა უკვე არაფერს ამბობენ, გარდა იმისა, რომ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ჩაიკეტა, თუმცა, ახლა ყველა დუმს, ორივე მხარე.

- გზის ჩაკეტვამ რამე დეფიციტი შექმნა?

- ჯერჯერობით ასე თვალშისაცემად არა, რადგან ხილ-ბოსტნეული ბაღებში გვაქვს, სხვა პროდუქტების მარაგს ვიკეთებთ, მაგრამ ხალხი ძალიან ნერვიულობს... ოსები, ჩვეულებრივ მიდი-მოდიოდნენ ქართული მხარის მიმართულებით და ერთ-ერთმა ოსმა ქალმა, რომელიც წეროვანში ცხოვრობს და ამჟამად ახალგორშია, მითხრა, რომ მცოდნოდა გზა ჩაიკეტებოდა, არც წამოვიდოდიო...

ელზა, ახალგორის მკვიდრი:

- პანიკის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. ყველაზე მეტად მედიკამენტების დეფიციტის გვეშინია... ასეთ გაურკვევლობაში აქამდე არ ვყოფილვართ. შვილები თავიანთი ოჯახებით იქით არიან და თუ გზა სამუდამოდ ჩაიკეტა, ვლადიკავკაზიდანაც რომ მოგვიწიოს ასვლა, მაინც დავბრუნდებით... აქ რა გვინდა, რა ვაკეთოთ, რად მინდა აქ სახლი და მიწა, შვილები თუ არ ჩამოვიდნენ, მარტო ხომ არ ვიცხოვრებ?

საფლავებს ვერ ველეოდი, მაგრამ თუ ცოცხლები ვერ ვნახე, მკვდრებს მე რაში ვჭირდები?

- თქვენ ვისგან გაიგეთ, გზა სამუდამოდ ჩაიკეტებაო?

- ჩემი ნათესავები იყვნენ მაღაზიაში, იქ შესულან ოსი მილიციელები 3 სექტემბერს და გაუფრთხილეებიათ, თუ წასვლა გინდათ, წადით, გზა აღარ გაიხსნებაო... ისედაც ცარიელია აქაურობა და ამ გზის გამო მუდმივი დაძაბულობა არ გვიღირსო, თუ გზა ჩაკეტეს, ბოლომდე დაცარიელდება ახალგორი და მოისვენებენ.

ამ ყველაფერს სოფელ წნელისის გარშემო დაწყებულ ამბავს ვუკავშირებთ, თავადაც ასე ამბობენ... თუმცა, ახლაც მუდმივად ვითხოვთ - გაგვაგებინონ რა ხდება, მაგრამ არაფერს გვიხსნიან, ასე მგონია, ქართული მხრიდან რაღაც სიგნალებს ელიან".

AMBEBI.GE-მ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს დაუკავშირდა:

- ჩვენ მათთან კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს, როგორც ჩვენთან ასევე, თანათავმჯდომარეებთან და მუდმივად ამბობდნენ, რომ ორი დღით უნდა ყოფილიყო ჩაკეტილი, თითქოს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა რა ლოგიკით და არგუმენტით, ამაზე ცხადია, არ და ვერ ვისაუბრებთ. სხვა შეხვედრის დროსაც განაცხადეს, რომ ჩაკეტილი ე.წ. სპეციალური განგარგულების გამოცემამდე იქნებოდა. დღეს დილით სუს-მაც იგივე პასუხი მიიღო ცხელ ხაზზე...

თანათავმჯომარეებთან მქონდა საუბარი იმაზე, რომ ზეწოლა გაიზარდოს. სხვა დეტალებზე ოსური მხარე არ საუბრობს, ისევე როგორც წლის დასაწყისში, როდესაც ვითომ ეპიდემიის საფრთხის გამო ჩაკეტეს გზა, რაღაც აბსურდული მიზეზით, არადა ჩვენთან უკვე გადავლილი იყო ტალღა, ჩვენ იქით ვთავაზობდით დახმარებას... ყველა გზით ვცდილობთ ვითარება გამოსწორდეს, მათ შორის კავშირი გვაქვს მოსკოვთან, რადგან ასეთ დროს მოქალაქეები ზარალდებიან... ასევე ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის ფარგლებში ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსნას გზა, რომელიც ასე ერთი ხელის მოსმით გადაკეტეს...

ფოტო-ვიდეო: www.ekhokavkaza.com

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი