ავტორი:

"ჩვენს შვილებს წირავენ..." - თბილისში, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ავარიულ შენობაში მოუწევთ სწავლა?

"ჩვენს შვილებს წირავენ..." - თბილისში, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ავარიულ შენობაში მოუწევთ სწავლა?

უკვე მესამე წელია, რაც თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე მე-10 საჯარო სკოლასთან დაკავშირებული პრობლემა გადაუწყვეტელია. რამდენიმე დღეში სასწავლო პროცესი დაიწყება, ამ სკოლის მოსწავლეებმა კი, ჯერ კიდევ არ იციან სად გააგრძელებენ სწავლას - მეათე სკოლის შენობაში, რომელიც ავარიულია, თუ გამოუყოფენ ალტერნატიულ, უსაფრთხო შენობას.

აღნიშნულ პრობლემაზე AMBEBI.GE ორი წლის წინაც წერდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება.

სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გვთხოვა, AMBEBI.GE-ის სკოლაში არსებული ვითარების შესახებ უყვება:

"ბოლო ორი წელია სკოლაში შეინიშნებოდა ბზარები, რყევები, რის გამოც სკოლა იძულებული გახდა გაეტიხრა შენობა და ნახევარში ტარდებოდა სწავლა. გასული წლის მაისში სპეციალისტებმა დაათვალიერეს შენობა და თქვეს, რომ სწავლის გაგრძელება აქ იყო საშიში, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩამონგრეულიყო და დამდგარიყო ფატალური შედეგი.

დაგვაცლევინეს სკოლა და მახლობელ სკოლაში დავასრულეთ სასწავლო წელი იმის გარანტიით, რომ აშენდებოდა ახალი შენობა. ვფიქრობთ რომ, მეათე სკოლის ავარიულობა გამოიწვია გვერდით მიმდინარე მშენებლობებმა. სკოლის ადმინისტრაცია მთელი ეს ზაფხული გვიმტკიცებდა, რომ გადაგვიყვანდნენ ალტერნატიულ შენობაში.

ჩვენდა მოულოდნელად, სკოლის დირექტორმა გამოაქვეყნა განათლების სამინისტროსგან მიღებული წერილი, რომ სკოლა იძულებულია ისევ იმ შენობაში დაბრუნდეს და აქ განაახლოს სასწავლო პროცესი. არ ვიცი, როგორ რისკავს ან განათლების სამინიტრო ან სკოლა, იქ ბავშვების შეყვანას? მე არ შემიძლია ჩემი შვილი დადიოდეს ამ სკოლაში და ვიყო მშვიდად! ფაქტობრივად, წირავენ ჩვენს შვილებს..." - ამბობს მეათე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მეათე სკოლის დირექციას გასული თვის ბოლოს წერილით მიმართა. დოკუმენტის მიხედვით, "სკოლა იძულებულია 2019-2020 სასწავლო წელი დაიწყოს საკუთარ შენობაში". წერილი სკოლის დირექტორმა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა:

"როგორც მოგეხსენებათ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეკომენდაციით, ქალაქ თბილისის #10 საჯარო სკოლის შენობის დაზიანებული მარცხენა ფლიგელი ტიხრებითაა გამოყოფილი ძირითადი შენობიდან. 2017 წელს ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ წარმოადგინა შენობის გამაგრების საპროექტო წინადადება. გამაგრების სამუშაოები უნდა დაწყებულიყო იმავე წელს. მთავრობის გადაწყვეტილებით გამაგრების სამუშაოების ჩატარება დაევალა მუნიციპალური განვითარების ფონდს. შენობის გამაგრება ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

ქალაქ თბილისის #10 საჯარო სკოლა 2019-2020 სასწავლო წლისთვის უნდა გადასულიყო თბილისის #22 საჯარო სკოლის შენობაში. ვინაიდან სკოლის გადაყვანა #22 საჯარო სკოლის შენობაში დროებით ფერხდება, სკოლა იძულებულია 2019-2020 სასავლო წელი დაიწყოს საკუთარ შენობაში.

ამ შემთხვევაში, მოსწავლეთა უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილია მარცხენა გადაკეტილი ფლიგელის ზონის ერთი საკლასო ოთახით გაზრდა (შენობის ყველა სართულზე გამომყოფი ტიხრების გადატანა მარჯვნივ მომიჯნავე საკლასო ოთახში შესასვლელის შემდეგ). სკოლას, ახალი ტიხრების მოწყობის სამუშაოების განსახორციელებლად, უნდა გადაეცეს მოთხოვნილი თანხა" - აღნიშნულ დოკუმეტს ხელს აწერს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე სამშენებლო ინფრასტრუქტურის განვითარების დარგში - გიორგი თინაძე.

მშობლების ნაწილმა დახმარებისთვის "ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიმართა. ორგანიზაციის ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯერ კიდევ არ მიუღიათ პასუხი განათლების სამინისტროსგან, თუ სად მოუწევთ ბავშვებს სწავლის გაგრძელება.

"არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ შენობა არის ავარიული და უნდა განხორციელდეს მისი დემონტაჟი. სკოლა ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი, არის ძალიან ავარიული ფლიგელი და მეორე ნაკლებად ავარიული. ჩვენ მივმართეთ განათლების სამინისტროს განცხადებით, მოვთხოვეთ, რომ გაეცათ პასუხი, რატომ უნდა გაგრძელდეს სწავლა ამ შენობაში, როდესაც სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა და გაეროს კონვენციაც არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებმა განათლება უსაფრთხო გარემოში უნდა მიიიღონ.

დღემდე არავინ გვცემს პასუხს ამ შენობაში განახლდება სწავლა თუ სხვა შენობაში. მოახლოვდა სასწავლო წლის დასაწყისი და აქამდე თუ ვერ მოახერხეს ამ პრობლემის გადაჭრა, რამდენიმე დღეში უზრუნველყოფენ?! მთავარია დაიწყონ სწავლა და რა პირობები იქნება და რა რისკში მოუწევთ ბავშვებს ყოფნა, ამაზე არავინ ფიქრობს" - ამბობს ადვოკატი.

სკოლის დირექტორმა, ბელა ხუბუტიამ 13 სექტემბერს გამოაქვეყნა გლდანი-ნაძალადევის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მიღებული წერილი, რომელშიც ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალი დასკვნის შედეგია მოცემული:

"შენობის ექსპლოატაცია დასაშვებად მიგვაჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ მოკლე პერიოდში, არაუმეტეს 6 თვისა, აუცილებლად საჭირო იქნება შენობის აღდგენა-გამაგრების სამუშაოების ჩატარება დამუშავებული პროექტის მიხედვით" - ნათქვამია დასკვნაში.

აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, მეათე სკოლა ორშაბათიდან სწავლას ისევ ძველ, ავარიულ შენობაში გააგრძელებს, მისი რეაბილიტაციის პროცესი კი კიდევ რამდენიმე თვით გადაიწევს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ