თავდაცვის სამინისტრო ყოფილ სამხედროებს უჩივის და ჯარიმებს აკისრებს

თავდაცვის სამინისტრო ყოფილ სამხედროებს უჩივის და ჯარიმებს აკისრებს

"ამ უბედურ ხალხს - ყოფილ ჯარისკაცებს - ხელი მოწერილი აქვთ კონტრაქტზე, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში უნდა გადაიხადონ ჯარიმა. ჯარიმის რაოდენობა ძალიან მაღალია, რადგან ყოველ გადაცილებულ დღეზე დამატებით გადასახადს ითვალისწინებს. ეს კი კატასტროფულ თანხებამდე ადის. ხშირად 15-20-30 ათასი ლარი გამოდის", - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლია ხუროშვილი.

თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის ყოფილ ჯარისკაცებს უჩივის. ხუროშვილის თქმით, თელავის რაიონულ სასამართლოში უამრავი ამდაგვარი საქმეა შესული და თითქმის ყველას ყოფილი ჯარისკაცები აგებენ - მათ მიერ მოგებული საქმეების რაოდენობა ძალიან მცირეა.

"უკვე აღარც კი ასაჩივრებენ. იციან, რომ მაინც წააგებენ", - ამბობს იურისტი.

მისი თქმით, მაგალითად, თუ ხელი ოთხწლიან კონტრაქტზე გაქვს მოწერილი და რაღაც მიზეზების გამო ჯარიდან გინდა წასვლა, დეზერტირი არ ხარ, მაგრამ თვლიან, რომ ეს კონტრაქტის პირობების დარღვევაა.

ხუროშვილმა ერთი საქმე მოიგო, რადგან ჯარისკაცის მიერ ხელმოწერილ კონტრაქტში ეწერა, თანხის ანაზღაურება უნდა მოხდეს შემდეგი წესით: "ერთი წლის ნამსახურევის..." და შემდეგ და პირობები იყო ჩამოყალიბებული. ამ პირს კი ერთ წელზე ნაკლები ჰქონდა ჯარში ნამსახურევი...

"რადგან თავდაცვის სამინისტრომ ერთი-ორი ასეთი საქმე წააგო, ახლა კონტრაქტს დამატებული აქვს მუხლი, სადაც წერია "ერთ წლამდე და ერთი წლის ნამსახურეობის შემთხვევაში..." და შემდეგ პირობებია ჩამოყალიბებული. ვისაც ამაზე ხელი აქვს მოწერილი, გადასახადს ყველას აკისრებენ ", - ამბობს ხუროშვილი.

ხუროშვილს ახლა ერთი საქმე აქვს, სადაც სამხედროს წინააღმდეგ შეტანილია მსგავსი სარჩელი. კანონით სამინისტროს შეუძლია სამ წლის განმავლობაში უჩივლოს სამხედროს. მათ ამ ადამიანის წინააღმდეგ სარჩელი მაშინ შეიტანეს, როცა სამ წელიწადს რამდენიმე დღე აკლდა, ამიტომ სამოქალაქო დავა შეაჩერა და ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა ხანდაზმულობის ვადის გასვლა. პირველ ორ ინსტანციაში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. ამჟამად, უზენაეს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

მისივე თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა თავდაცვის სამინისტრო ხელშეკრულების პირობებს ბოროტად იყენებს - ხელშეკრულება ითვალისწინებს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის გადახდას. მას სარჩელი პრაქტიკულად 3 წლის შემდეგ შეაქვს სასამართლოში და საქმის წაგების შემთხვევაში ყოფილ სამხედროს ძალიან დიდი თანხების გადახდა ეკისრება:

"ხშირად ჯარისკაცებმა ისიც კი არ იციან, რომ კანონი დაარღვიეს და ამის შესახებ 2-3 წლის შემდეგ იგებენ".

ხელშეკრულებების უმეტესობა ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრად ყოფნის დროსაა გაფორმებული.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის სალომე მახარაძის თქმით, კანონში წერია რა არის კანონიერი და რა - უკანონობა.

"იმიტომ, რომ ვიღაცები რაღაცებზე ვერ თანხმდებიან, არსებობს სასამართლო. სასამართლო გაარკვევს ყველაფერს. მე მოსამართლე არ ვარ", - ამბობს მახარაძე.

სამხედრო ექსპერტის გიორგი თავდგირიძის თქმით, ჯერ კიდევ ოქრუაშვილმა შეცვალა სამხედროებთან დასადები კონტრაქტის პირობები და მისი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები ეკისრებათ მათ, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდული და მიუღებელია. ამბობს, რომ, მართალია, ოქრუაშვილი წავიდა, მაგრამ ამ სფეროში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა - ოქრუაშვილის მემკვიდრეობა არსებობას აგრძელებს.

"ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სამხედრო სამსახური ძალადობაზე აწყობილი არ არის. უცხოურ კონტრაქტებში პირი იღებს ვალდებულებებს, სახელმწიფოსა ან კონკრეტული პირის წინაშე. კონტრაქტში კი აღწერილია რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო და რა სოციალურ პროგრამებს, ანაზღაურებას სთავაზობს. სამხედროები კონტრაქტს არ არღვევენ არა იმიტომ, რომ დააჯარიმებენ მას, არამედ იმიტომ, რომ რამდენიმეწლიანი კონტრაქტის შესრულების შემდეგ აქვთ მაღალი პრემიები, უფასო სწავლა, მანქანა და ა.შ., რაც უფრო დიდი მოტივაციაა მათთვის, ვიდრე ჯარიმების დაწესება.

"ამ პრობლემას ის განაპირობებს, რომ ჩვენს ქვეყანაში კადრების შერჩევის დაბალი დონეა. ყველაფერი სწორედ აქედან იწყება. როცა ადამიანი მოდის, შენ უნდა დაახვედრო სპეციალური სამსახური, რომელიც დაუსვამს დიაგნოზს, ფსიქოლოგიურად მზადაა თუ არა იყოს პროფესიული ჯარისკაცი. ამით წინასწარ დავიზღვევთ სანქციების დაწესებისაგან თავს", - ამბობს თავდგირიძე.

თელავის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციაში კითხვაზე, რამდენი სარჩელია შემოსული თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ყოფილი სამხედროების წინააღმდეგ, გვპასუხობენ, რომ ამის გასაგებად ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გამოვითხოვოთ.

საინფორმაციო სააგენტო "ჯიეიჩენის" ინფორმაციით კი ასეთი ასობით ადამიანია.

სალომე ცეცხლაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე